"არმიამ" საქართველოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო

AutoSharing Option
ფოტო
23 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-არმია 67:91
18:22, 15:28, 19:20, 15:21
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
სერია მოიგო არმიამ - 3:1

"არმია" საქართველოს ჩემპიონატის ოლიმპზე ზედიზედ მეორედ ავიდა. შარშანაც და წლეულსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა რეგულარული პირველობა, პლეი ოფები და ფინალური სერია ამჯერადაც 3:1 მოიგო.

მიმოხილვის წერისას ჩემს მაგიდაზე ორშაბათის გაზეთი აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთ სათაურად წერია - "ჩელსი" დიდი გუნდიაო. ქართული საზომებით, "არმიაა" დიდი გუნდი. თუმცა აქვე სიტყვა "მაგრამ" უნდა გამოვიყენოთ: ...მაგრამ ძალოვანთა გუნდს საკალათბურთო ისტორიაში პირველ ნომრად დასაფიქსირებლად კიდევ
ბევრი სჭირდება - შეგახსენებთ, რომ თბილისის "ვითა" შვიდგზის ჩემპიონია, რუსთავის "ენერჯი" და ბათუმის "ბასკო" ოთხ-ოთხგზის, ხოლო თბილისის "დინამოს", "არმიას" დარად, ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონატი.

ერთიც უნდა დავამატო: მხოლოდ ოქროს მედლით თავის მოწონება დიდი არაფერი ბედენაა. მთავარია, საქართველოს სახელის ევროპაში ღირსეულად გატანა.

შეიძლება დაუჯერებლად ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, 2000-იან წლებში ევროტურნირებზე ორადორი მოგება გვქონდა, ორივე აზერბაიჯანულ კლუბთან ("ნტდ დევონი").

"არმიამ" კი 2011 წელს საქართველოს ჩემპიონატშიც გაიმარჯვა და ევროჩელენჯზე ისეთი გუნდით გავიდა, ზოგიერთი სპეციალისტი ფინალურ ოთხეულში მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად ასახელებდა.

ჩემპიონატის შვიდჯერ მოგებამდე კიდევ დროა, თუმცა "არმიას" შეუძლია ევროპულ სარბიელზე ნაჩვენები შედეგებით აჯობოს ლეგენდარულ "ვითას", რომლის ღირსებასაც არმიელთა ამჟამინდელი მწვრთნელი კოტე ტუღუში იცავდა. მას ნამატჩევს ევროჩელენჯზე ვკითხე.

აქამდე მხოლოდ ჩემპიონატზე ვფიქრობდით. ამიტომ ევროტურნირის შესახებ უფროსობასთან ჯერ არ გვილაპარაკია, უახლოეს მომავალში ყველაფერი გვეცოდინებაო, - თქვა კოტე ტუღუშმა, რომლისთვისაც ეს პირველი ოქრო იყო მწვრთნელის რანგში. კალათბურთელობისას კი საქართველოს ჩემპიონატი სამი გუნდის მაისურით ოთხჯერ აქვს მოგებული.

"გამოგიტყდებით, მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონატის მოგება გაცილებით ემოციური და განსხვავებული იყო. მთელი სეზონი ბევრი ვიშრომეთ, გვქონდა მძიმე დღეები, თუმცა მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე ყველაფერი კარგად შეასრულეს და გულშემატკივარი გაახარეს. ვამაყობ, "არმიას" წევრი რომ ვარ.

ვფიქრობ, გამორჩეულ ჩემპიონატს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, "ოლიმპის" მიმართ კომპლიმენტის მეტი არაფერი მეთქმის. ამ გუნდმა ფინალი ნამდვილად გაალამაზა. ჩემპიონატს დამატებითი ხიბლი შესძინეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი ცინცაძემა და ლაშა გამყრელიძემ".

ჯერ ევროჩელენჯი ვახსენე, მერე მწვრთნელის მატჩისშემდგომი კომენტარი შემოგთავაზეთ... რადგან მოვლენებს უკუ ქრონოლოგიით მივყვებით, აქვე "ოლიმპის" მწვრთნელის, გია კაზანჯიანის მოსაზრებასაც გავეცნოთ და ფინალური სერიის მეოთხე მატჩზე შემდეგ ვთქვათ.

"არმია" წლეულს ყველასგან განსხვავებული, ძლიერი გუნდია. მისი წარმატება ლოგიკურია. ჩვენ კი ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შევიკრიბეთ. შუა სეზონში შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა და სათანადოდ შესათამაშებლად დრო არ გვეყო.

თუმცა "ოლიმპმა" სერიის მეოთხე მატჩი ისეთი შემართებით დაიწყო, საწყისი 7 წუთის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პირველი ფინალური შეხვედრის მსგავსად ყველაფერი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო".

გია კაზანჯიანის შეგირდები ხუთივე არმიელს მჭიდროდ მეურვეობდნენ, ხისტად ეთამაშებოდნენ და ბურთს იოლად არ აღებინებდნენ. შესაბამისად, მეშვიდე წუთისთვის 18:13 დაწინაურდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს მოედნის კიდეს გიორგი ცინცაძე გადმოსცდა და მწვრთნელს შეცვლა სთხოვა. მას ფეხის კუნთი დაეჭიმა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ცინცაძე სწრაფ ჯერემი რიჩარდსონს მეურვეობდა. შესაბამისად, "ბუს" მოედნიდან გასვლის შემდეგ "არმია" ჩვეულად ათამაშდა - გამოსდიოდა სწრაფი შეტევები, რომლებსაც უმთავრესად სწორედ რიჩარდსონი აგვირგვინებდა.

პირველ ტაიმში მხოლოდ მას ჰქონდა 10-ზე მეტი ქულა - 14. ლიდერის გამოკლებამ ოლიმპელებზე უარყოფითად ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც იმოქმედა. გუნდს ლაშა გამყრელიძე გაუძღვა, მაგრამ დაქოქილი "არმიას" შეჩერება ვერცერთმა ოლიმპელმა შეძლო.

მით უმეტეს, რომ მწვრთნელს მეტად მწირი რესურსით მოუხდა თამაშის გაგრძელება. თავად განსაჯეთ: საწყის ორ მატჩში გია კაზანჯიანი უმთავრესად ცინცაძეს, გამყრელიძეს, სლიუკას, ტოდოროვიჩს, ტუტუსსა და ბერიშვილს დაეყრდნო.

23 მაისს ტოდოროვიჩის დღე ნამდვილად არ იყო. ამიტომ მისი ადგილი მილუტინოვიჩმა დაიკავა. მესამე პერიოდში შელბომის ხელის კვრისთვის სლიუკა (რომელსაც შელბომის იდაყვი სათამაშო სიტუაციაში შემთხვევით მოხვდა) მოედნიდან გააძევეს. ცინცაძემ მეშვიდე წუთზე ფეხი რომ იტკინა, უკვე მოგახსენეთ.

ამას დაერთო ისიც, რომ ოლიმპელებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს 225 სმ სიმაღლის ცენტრი ივო ჰოგერი, რომლის მოედანზე გამოჩენის შემდეგ კოტე ტუღუშმა თამაშიდან ცენტრი შელბომი მოხსნა და ფარი სწრაფ ტომასს ჩააბარა.

მაღალ ტემპში თამაშისას კი გოლიათი ჰოგერი მთლად სასარგებლო არ არის. ასე და ამგვარად, ისედაც მწირი რესურსით "ოლიმპი" ბოლომდე ვერ გაუმკლავდა "არმიას", რომელიც იმდენად თანაბრადაა დაბალანსებული და კარგადაა აწყობილი, რომ ევროჩელენჯის ბარე ორ გუნდს მოისტუმრებდა.

ჩემპიონი გუნდის შესახებ კიდევ ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ საგაზეთო ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. ახლა თამაშის ფოტორეპორტაჟს გაეცანით და უახლოეს დღეებში საქართველოს 22-ე ჩემპიონის შესახებ ცალკე სტატიას იხილავთ. სეზონი კი, სავარაუდოდ, 25 მაისს სუპერთასით დასრულდება.

სავარაუდოდო, იმიტომ ვამბობ, რომ ამ მატჩის 30-დან 25-ში გადმოტანა საბოლოოდ დღეს გადაწყდება.

"არმია" ოლიმპზე მეორედ ავიდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული