ინტერვიუ 16-წლამდელთა ჩემპიონ "აკადემიის" მწვრთნელთან, ირაკლი ტომარაძესთან

AutoSharing Option
დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 2011-12 წლების სეზონი, სადაც ჩემპიონის ტიტული აკადემიის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ სერიაში "კარდინალი-ორბი" 2:1 დაამარცხა.

სეზონის დასრულების შემდეგ 16-წლამდელთა ჩემპიონატსა და სხვა აქტუალურ თემებზე აკადემიის მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ტომარაძეს გავესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა "აკადემიის" წარმატება წლევანდელ სეზონში?
- გამორჩეული სხვა გუნდებისგან არაფრით ვიყავით და ვერ ვიტყვი, რომ სხვებს რაიმე განსაკუთრებული კომპონენტით ვჯობდით, მაგრამ აკადემიის გუნდი ძალიან შეკრული, ერთსულოვანი იყო და იმ მოთამაშეებსაც კი, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, ძალიან სურდათ მოგება, რამაც ვფიქრობ, დიდი როლი ითამაშა
ჩვენს წარმატებაში.

წელს ჩვენმა გუნდმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა, რადგან აქამდე არანაირი ტიტული არ მოგვიპოვებია. სასიხარულოა, რომ შრომა დაგვიფასდა და ასეთი კარგი შედეგი ვაჩვენეთ.

- რას იტყვით ფინალურ სერიაზე?
- ფინალურმა სერიამ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. პირველი გამარჯვების შემდეგ გუნდმა დაიჯერა, რომ ჩემპიონი სერიის მეორე მატჩის შემდეგ გახდებოდა.

რატომღაც ბიჭები ძალიან მოეშვნენ, მეტოქე კი ბევრად მოტივირებული აღმოჩნდა და ყველა კომპონენტში გვაჯობა.

საბედნიეროდ, გადამწყვეტი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

- როგორ შეაფასებდით თქვენს მეტოქეს?
- "კარდინალი" წელს, ძირითადად, 1997 წელს დაბადებული ბავშვებითაა დაკომპლექტებული და გუნდის ლიდერები ჩვენზე უმცროსნი არიან.
მიმაჩნია, რომ ეს გუნდი ძალინ პერსპექტიულია და როგორც წინა ინტერვიუებში აღვნიშნე, ჩვენთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა.

"კარდინალი" ფინალში რომც არ გასულიყო, ეს მაინც ასე იქნებოდა. ჩემთვის ეს კლუბი მიმდინარე სეზონში ყველაზე სიმპათიური იყო.

- როგორც 16-წლამდელთა ერთ-ერთი მწვრთნელი, რას იტყოდით წლევანდელ ნაკრებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებზე C ჯგუფში მონტენეგროს, ბოსნიას, რუმინეთსა და ესტონეთს დაუპირისპირდება?
- ნაკრების შემადგენლობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. წელს ნაკრებში, შარშანდელისგან განსხვავებით, არ გვაქვს სიმაღლის პრობლემა. წლევანდელი ნაკრების კანდიდატები (რევაზაშვილი, ბულიავა, სალაყაია) შარშანდელ მოთამაშეებთან შედარებით მაღალი კალათბურთელები არიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა (ვილი ისიანი, ლევან გოგალაძე, ვატო ქვარაია, დავით ლომიძე) 97-იანია. შარშან კი ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა და ნაკრებში ასაკის შესაბამისი მოთამაშეები თამაშობდნენ.

- როგორ შეაფასებდით თქვენს კონკურენტებს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნაკრებმა დადებითი შედეგი აჩვენოს?
- ამ ეტაპზე არ ვიცნობთ ჩვენს მეტოქეებს და არ ვიცით, რა შემადგენლობით გამოვლენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თაობა იქნება წელს. მაგალითად, რუსეთის, იტალიის ან ესპანეთის ნაკრები გუნდები ერთ წელს თუ ჩემპიონები გახდნენ, მეორე წელს შესაძლოა, ამ გუნდებმა გარკვეული შედეგი ვეღარც აჩვენონ.

ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი თაობა ეყოლება ქვეყანას ამ თუ იმ წელს. ამასთან, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა საკმაოდ რთულია. შეიძლება ბავშვი ძალიან კარგად თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში და ვარჯიშებზეც თავს იჩენდეს, მაგრამ რომელიმე მნიშვნელოვან ტურნირზე საპირისპირო შედეგი აჩვენოს, რაც, ზოგადად, ყველაზე კარგად ავლენს ადამიანის ხასიათს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოთამაშეები მაქსიმალურად კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი როგორც ტექნიკურად და ტაქტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც და ხასიათის სიმტკიცითაც უნდა გამოირჩეოდნენ.

- როგორია აკადემიის კლუბის სამომავლო გეგმები და აქვე თქვენს პირად გეგმებზე გვესაუბრეთ...
- შეკრებას სექტემბერში გავივლით და მომავალ წელს უკვე 18-წლამდელთა ჩემპიონატში ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევინარჩუნებ 16-წლამდელთა გუნდს და არ დავიმატებ ერთი წლით უფროს მოთამაშეებს. ამჯერად შედეგზე არ ვიქნებით ორიენტირებულნი და მომავალ სეზონს გამოვიყენებთ დიდებთან წინააღმდეგ თამაშისთვის, რათა უფრო დავიხვეწოთ.

აგრეთვე, დიდ დროს დავუთმობთ იმ მოთამაშეებსაც, რომლებსაც წელს ნაკლებად მიეცათ თამაშისა და თავის გამოჩენის საშუალება. ჩემპიონატში უფრო თავისუფლად ვითამაშებთ და შედეგს ერთი წლის შემდეგ დაველოდებით.

რაც შეეხება პირად გეგმებს, ამ ეტაპზე ნაკრებსა და აკადემიაში მუშაობით ვარ დაკავებული. არსებობს სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

- როგორია მწვრთნელის ამპლუაში ყოფნა?
- როგორც კალათბურთელს, არ მიასპარეზია უმაღლეს ლიგაში, ვთამაშობდი, მაქსიმუმ, დუბლებსა და 16-წლამდელთა ნაკრებში. ვერ ვიტყვი, რომ დიდ კალათბურთს ვეზიარე, მაგრამ რაც ვითამაშე, საკმარისი გამოდგა, გამეგო, თუ როგორ აღიქვამს მოთამაშე ამ ასაკში კალათბურთს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს თავისი დადებითი მხარეები გააჩნია, პირადად მე მწვრთნელობა ბევრად მირჩევნია. მწვრთნელის ამპლუას შესანიშნავად მოვერგე და ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს.

- რა არის მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- როგორც მწვრთნელი, ვიტყოდი, რომ უფროს მოთამაშეებთან და ბავშვებთან მუშაობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. უფროსებთან არასდროს მიმუშავია და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს ჯერ ძალიან ადრეა. ბავშვებთან კი მუშაობა ჩემთვის იდეალურია.

მიმაჩნია, რომ სპორტში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას. შესაძლოა, მწვრთნელი ბრწინვალედ ერკვეოდეს კალათბურთში და ყველა ნიუანსი დეტალურად იცოდეს, მაგრამ ურთიერთობაში პრობლემა ჰქონდეს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამ შემთხვევაში მას მუშაობა ძალიან გაუჭირდება.

ვფიქრობ, მწვრთნელი თუ საშუალოდ ერკვევა ტაქტიკაში, მაგრამ სამაგიეროდ, ურთიერთობა ძალიან უადვილდება მოთამაშეებთან, ის გაცილებით მეტ შედეგს მიაღწევს.

- საკალათბურთო ოჯახი გყავთ... მამათქვენი ზურაბ ტომარაძე თუ გაძლევთ ხოლმე რაიმე რჩევებს?
- მე და მამაჩემს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით საგულდაგულოდ არასდროს გვისაუბრია და არც რაიმე განსაკუთრებული რჩევა მოუცია. ბევრი რამ, ძირითადად, მისი მაგალითებიდან უფრო ვისწავლე, ვიდრე საუბრით.

- დაბოლოს, საყვარელი მწვრთნელი დაგვისახელეთ...
- ჩემთვის მისაბაძი მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩია. მწვრთნელი შესაძლოა იყოს ძალიან ემოციური და ამას ან გამოხატავდეს, ან არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი. ობრადოვიჩი ძალიან ბუნებრივი და უშუალოა მოთამაშეებთან და ტაქტიკურადაც ბრწყინვალეა. ამასთან, ფსიქოლოგიურადაც ჩინებულად ამზადებს გუნდს და შედეგსაც აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა არც ისეთი ძლიერი ჰყავს. ჩემი ფავორიტი კლუბიც, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ათენის "პანათინაიკოსია".

www.u-16.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული