რა სისტემით ჩატარდება კალათბურთელთა სუპერლიგა?

AutoSharing Option
გასულ კვირას შეგატყობინეთ, რომ სუპერლიგაში თამაშის სურვილი ათმა გუნდმა გამოთქვა. ორის საკითხი ღიად რჩებოდა - "სოხუმისა" და "ჭიათურასი".

გუშინ სუპერლიგის ხელმძღვანელ გიორგი ზაბახიძეს დავუკავშირდით და შევიტყვეთ _ სოხუმელებმა დაადასტურეს, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა აქვთ.

რაც შეეხება "ჭიათურას", ამ გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი ჯერაც გასარკვევია.

ამასობაში კარს მოგვადგა ოქტომბერი. როგორც წესი სუპერლიგა სწორედ ოქტომბერში იწყება. იმის გასაგებად, ჩემპიონატში რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, შეჯიბრების ფორმატს უნდა გავეცნოთ.

- პირველობის სტრუქტურა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. გვაქვს ორი ვარიანტი, რომელთაგან საუკეთესოს მომავალ კვირას აღმასკომის სხდომა
შეარჩევს, - გვითხრა გიორგი ზაბახიძემ.

მან ორივე ფორმატი გაგვაცნო. პირველი რვაგუნდიან ჩემპიონატს ითვალისწინებს: გასული წლის შედეგებით საუკეთესო ექვსეული ავტომატურად ჩაერთვება რეგულარულ ჩემპიონატში. დანარჩენი ორი ადგილისთვის ხუთი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს და საუკეთესო ორი სუპერლიგის ექვსეულს დაემატება. აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან პირველი-მეექვსე ადგილები დაიკავეს "ენერჯიმ", თსუ-მ, შსს-მ, "აგრარულმა", "ბათუმმა" და "დინამომ". ორი ადგილისთვის იბრძოლებენ ახალშექმნილი კლუბები და გასული სეზონის სუპერლიგის მეშვიდე-მერვეადგილოსნები: "არმია", სტუ, "ქუთაისი", "სოხუმი" (მერვე ადგილი) და "სამედიცინო" (მეშვიდე).

თუ ეს ვარიანტი დამტკიცდა, წინასწარი ტური ოქტომბერშივე დასრულდება. ხოლო რეგულარული ეტაპი ოთხ წრედ ჩატარდება.
მეორე ფორმატი გაცილებით მარტივი ასახსნელია: 12 გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს ორ წრედ ითამაშებს. 12 გუნდს შორის "ჭიათურაც" იგულისხმება.

ბოლოს ამ თორმეტეულსაც გაგაცნობთ: შსს, "ენერჯი", "არმია", "ბათუმი", "დინამო", "სოხუმი", "სამედიცინო", თსუ, სტუ, "აგრარული", "ქუთაისი", "ჭიათურა" (?).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული