მიხეილ ბერუაშვილი: კლუბში რუსთაველების დაბრუნებას ვცდილობთ

AutoSharing Option
"არმიას", "ოლიმპისა" და "ქუთაისის" შემდეგ 2011-12 წლების სეზონში "რუსთავის" გამოსვლის შეფასების დროც დადგა.

ამ გუნდის მწვრთნელი, მიხეილ ბერუაშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავკაციცაა და ამიტომ ვესაუბრეთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო თემაზე.

- შარშან ქვემოქართლელები მეათე ადგილზე გავიდნენ, ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდათ. საინტერესოა, ახალ სეზონში რა ძალის გუნდი იქნება "რუსთავი"...
- ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და, იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. მხარში გვიდგას როგორც მხარის, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობა. ვცდილობთ, სხვადასხვა ქართულ კლუბში მიმოფანტული რუსთაველები შევკრიბოთ და კლუბი გავაძლიეროთ. სადღეისოდ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, დანარჩენზე
რამდენიმე კვირაში ვისაუბროთ.

- განვლილ სეზონში "რუსთავმა" არათანაბრად ითამაშა: თავიდან არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ჩემპიონატის დასკვნით მონაკვეთში კი თამაში გააუმჯობესა. რა იყო ამის მიზეზი?
- გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, რომლებსაც სეზონის ბოლოს გამოცდილება შეემატათ. ასევე, ჩემპიონატის შუაში შემოგვიერთდა ჟულივეტ ტუჯანი, რომელმაც საგრძნობლად გაგვაძლიერა.

მეათე ადგილი დავიკავეთ, რაც დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება, თუმცა განვლილი ჩემპიონატი სასარგებლო იყო ახალგაზრდა რუსთაველებისთვის, რომლებსაც მაღალი დონის მეტოქეებთან უწევდათ თამაში.

- ყველაზე მეტი პროგრესი ვინ განიცადა?
- კარგად წარმოჩინდა ლევან ხმელიძე, რომელმაც არაერთი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე. თუმცა აქცენტს დაცვასა და გუნდურ თამაშზე ვაკეთებდით. ამ მხრივ ყველამ მოინდომა და ბევრიც იშრომა.

- სეზონის ბოლოს მომავალ ჩემპიონ "არმიასთან" თანაბრად ითამაშეთ. მატჩის ბედი უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი...
- ტუჯანის დამატების შემდეგ არაერთი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. არა მხოლოდ "არმიასთან", "დინამოსთან", "ქუთაისთან", "სამედიცინოსთან" თანაბრად ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლო წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა და დავმარცხდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული