ნუგზარ ჭეიშვილი: თსუ-ს საბოლოოდ გამოცდილება დააკლდა

AutoSharing Option
2005 წელს სტუ-მ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. გუნდს ნუგზარ ჭეიშვილი წვრთნიდა. როგორც ხშირად მომხდარა, ჩემპიონი გუნდი მაშინვე დაიშალა და მომდევნო სეზონში მთლიანად გაახალგაზრდავდა.

მთავარმა მწვრთნელმა შეთავაზება თსუ-დან მიიღო და მას მერე ნუგზარ ჭეიშვილი ამ სტუდენტურ გუნდს ხელმძღვანელობს. უფრო სწორად, ხელმძღვანელობდა.

2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მან თსუ-ს თავკაცის პოსტი დატოვა. ამის მიზეზს თავად მწვრთნელი გვეტყვის. აქ კი ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად თსუ-მ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია რამდენჯერმე ითამაშა, თუმცა ჯერ რუსთავის "ენერჯის" ძლიერ შემადგენლობასთან ვერას გახდა, შარშან -
"არმიასთან".

2011-12 წლების სუპერლიგაში, სხვა გუნდების გაძლიერების ფონზე, თსუ-ს მიზნებმა მოკრძალებული სახე მიიღო და საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა.

- თსუ-სთან კონტრაქტი სეზონის დასრულებასთან ერთად ამომეწურა. სასურველი შედეგი ვერ ვაჩვენეთ, მერვე ადგილზე გავედით. ასე და ამგვარად, მომავალი სეზონიდან ამ სტუდენტურ გუნდს აღარ გავწვრთნი, - გვითხრა ნუგზარ ჭეიშვილმა.

- საინტერესოა, იყო საიმისო რესურსი, რომ თსუ-ს უკეთესი შედეგი ეჩვენებინა?
- პირველი წრის შემდეგ გუნდიდან გავუშვით დავით ბერიშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, გიორგი მარკოიშვილი და ზურაბ კორკოტაძე. მათ ნაცვლად დავიმატეთ გივი ბაქრაძე, ბექა ჩიკვილაძე და ვასილ ბერუაშვილი. ახლების გვერდით ზემოთ ნახსენები ოთხი კალათბურთელიც რომ შეგვენარჩუნებინა, პლეი ოფში გაცილებით უკეთეს შედეგს ვუჩვენებდით, თუნდაც ნახევარფინალში მოხვედრას ვგულისხმობ.

საბოლოოდ გამოცდილება დაგვაკლდა, პლეი ოფში ხომ ამ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო მატჩებში არ გვყავდა ასევე თორნიკე ნინიაშვილი. კი ვთქვი, შედეგით უკმაყოფილო ვარ-მეთქი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ იმ კალათბურთელთა თავდადება, რომლებმაც სეზონი ჩაამთავრეს. მათ მართლაც ბევრი იშრომეს.

- მართალია, თსუ მერვე ადგილზე გავიდა, მაგრამ სეზონის განმავლობაში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა...
- სეზონის დასაწყისში "ოლიმპთან" კარგად ვითამაშეთ. გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ ერთი ქულის სხვაობით დავმარცხდით (68:69).

პირველივე წრეში "არმიასთან" საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში ვიგებდით, მაგრამ მატჩი ძირითად დროში არ დამთავრებულა - ინციდენტის გამო მსაჯებმა ყველა სათადარიგო გააძევეს და დავრჩით ხუთი კაცის ამარა, რომლებიც ჯარიმებით დაიტვირთნენ... პირველი წრე სტილის ძიებისთვის გამოვიყენეთ. გავიცანით მეტოქეები და გამოჩნდა, რომელთან რა სტრატეგიით თამაში მოიტანდა შედეგს.

სხვათა შორის, წინააღმდეგი ვარ ლეგიონერთა პლეი ოფის წინ დამატებისა - მთელი სეზონი ემზადები ამა თუ იმ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ და ირკვევა, რომ სამი უცხოელის დამატების გამო სრულიად განსხვავებულ გუნდთან გიწევს დაპირისპირება.

ასე დაემართა "შსს აკადემიას" "სოხუმის" წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩებისას. თსუ-ს დავუბრუნდეთ. მეორე წრის ბოლოს შედეგები საგრძნობლად გავაუმჯობესეთ, დავამარცხეთ "შსს აკადემია", "დინამო"...

მეოთხედფინალში "ქუთაისთან" პირველი შეხვედრა კი დავთმეთ (დიდი სხვაობით), მაგრამ თბილისში დამაჯერებლად მოვიგეთ. მესამე, გადამწყვეტი მატჩისთვის ქუთაისში თამაშის წინა დღისით რომ ჩავსულიყავით და დასვენების საშუალება გვქონოდა, არავინ იცის, რა შედეგი დაფიქსირდებოდა.

- ისევე, როგორც 2005 წელს სტუ-ს დაშლის შემდეგ, ნუგზარ ჭეიშვილი, სავარაუდოდ, არც წლეულს დარჩება უკლუბოდ. სად წავიდა თსუ-დან?
- ედუარდ შევარდნაძის თქმისა არ იყოს - წავედი სახლში. ჯერჯერობით ვისვენებ. ვიხილავ გასულ სეზონში ჩემი გუნდის თამაშებს და ვუყურებ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.

-"ლელოში" ევრო 2012-ის შესახებ არაერთი საფეხბურთო სპეციალისტის მოსაზრებას გაეცანით. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თქვენეული მოკლე შეფასება...
- მომწონს ესპანელები, რომლებიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. გერმანიის ნაკრებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი - აწყობილი საათია. მასში დისციპლინა უმაღლეს დონეზეა.

პორტუგალია ერთ კაცზე ჩამოკიდებული გუნდია. გარკვეულწილად თსუ-ს მაგონებს - სწრაფად თამაშობს... რუსებმა ნაადრევად ირწმუნეს, რომ ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდათ და პირველი სიურპრიზიც შემოგვთავაზეს - საბერძნეთთან დამარცხდნენ, რის შემდეგაც შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ზოგადად, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მსგავსად, ევროპის პირველობამაც სერიოზული პროგრესი განიცადა. 2008 წლის ჩემპიონატთან შედარებით, გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ვადევნებთ თვალს.

მერვე, გადამწყვეტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული