გოგა შარშან "ქუთაისის" ღირსებას იცავდა, მიშა და ქაქუცა - "სამედიცინოსას".
მათ დაეხმარებიან ის კალათბურთელები, რომლებიც "რუსთავში" შარშანაც თამაშობდნენ: ჟულივეტ ტუჯანი, ლევან ხმელიძე, ზურაბ მაჭავარიანი, რევაზ ჩაჩანიძე, გიორგი გუგავა, გაგა არაბული...
მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ აგვისტოში რუსთავში ორი ამერიკელი ჩამოვიდა - გამთამაშებელი ნეით ბოუი და ფორვარდი დარელ ნიუელსი. მათ შესახებ გუნდის უფროსი ამირან ხაჩიძე მოგვითხრობს:
- ნეითი "რუსთავთან"
რაც შეეხება დარელ ნიუელსს, იგი ჩვენთან სამი კვირა ვარჯიშობდა და დაკვირვებისთვის საკმარისი დროც გვქონდა. დარელმა ჩვენი იმედები ვერ გაამართლა და გადაწყდა, რომ ახალ სეზონში იგი "რუსთავში" არ ითამაშებს.
ბატონი ამირანი გუნდის მზადების შესახებაც გველაპარაკა. "რუსთავი" ამჟამად აზერბაიჯანშია, სადაც შეკრებას გადის.
- მინგეჩაურში კარგი ოლიმპიური ბაზაა. სწორედ იქ ვარჯიშობს ჩვენი გუნდი. მწვრთნელები კმაყოფილები არიან. ორიოდე დღეში "რუსთავი" საქართველოში დაბრუნდება და მზადებას საკუთარ დარბაზში განაგრძობს.
ნიუელსის შემცვლელზე ჯერ არაფერია ცნობილი. როგორც გუნდის უფროსმა გვითხრა, ოქტომბრის დასაწყისისთვის, დუდუ დადიანის მემორიალის დაწყებამდე, "რუსთავი" საბოლოო სახეს მიიღებს.
ნეითი და ქართული კულტურა
ქვემოქართლელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა ნეით ბოუიმ ინტერნეტსაიტ "ევრობასკეტზე" ახალი გუნდისა და საქართველოს შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოაქვეყნა.
"ჩემი საქმის საკეთებლად ახალ ქვეყანაში, საქართველოში ვარ. მათთვის, ვინც არ იცის მისი მდებარეობა: შეხედეთ რუკას და დაინახავთ პატარა ქვეყანას რუსეთსა და თურქეთს შორის.
საქართველოს რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა არ აქვს, რადგან უახლეს ისტორიაში ამ ორ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობდა.
დღეს ქართველები განახლების პროცესში არიან, აგებენ ახალ დაწესებულებებს, ალამაზებენ ღირსშესანიშნაობებს ტურისტების მისაზიდად.
ახალ კულტურას ზოგმა შესაძლოა ვერ გაუგოს, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არ იყო, რადგან არაერთი წელიწადია, ამერიკიდან მოშორებით ვცხოვრობ და უამრავი ქვეყანა მინახავს. პროფესიონალი ვარ და ბევრ რამეზე, მათ შორის, სამშობლოზეც მიწევს უარის თქმა ოცნების ასასრულებლად. ჩემი ოცნება კი კალათბურთია.
"რუსთავის" ხელმძღვანელობამ და მწვრთნელებმა თავიდანვე ხელი შემიწყვეს, რათა თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ, თბილისიდან 20 წუთის სავალზეა. რუსთავში 150 ათასი მოსახლეა და გაცილებით მყუდროა, ვიდრე რამდენიმემილიონიანი კანზას-სითი.
გუნდის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა კალათბურთელებია, რომლებსაც რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ეხმარებათ. სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდების კარგი თამაში ჩემთვის სიურპრიზი იყო და ვიმედოვნებ, ახალ სეზონში კარგად ვიხალისებთ.
საშუალება მომეცა, დავსწრებოდი საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებთა თამაშს, რომელშიც მონაწილეობა ორმა ამერიკელმა მიიღო - მასპინძელთა მხრიდან ჯეიკობ პულენმა, ხოლო ბოსნიელთაგან ზეკ რაითმა.
"რუსთავის" შეკრება მეზობელ აზერბაიჯანშია. ახალი ქვეყნის ხილვა ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვითამაშებთ თასზე (დუდუ დადიანის მემორიალზე), შემდეგ კი ქვეყნის ჩემპიონატი დაიწყება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც კლუბის უფროსობისგან მოვისმინე, ეს არის მათი მიზანი - მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე იასპარეზონ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"