"ოლიმპმა" ესტონელი სტენ სოკი და ჩერნოგორიელი ლუკა სიეკლოჩა დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს მე-20 ჩემპიონატი (2011-12) აქამდე ჩატარებულ პირველობათა შორის საუკეთესო იყოო - ხშირად გაიგონებთ. იმასაც ამბობენ, კარსმომდგარი სუპერლიგა (2012-13) წინამორბედს ვერ შეედრებაო.

წინასწარ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე უშუალოდ ჩემპიონატი არ დაიწყება, მის ავ-კარგს ვერ დავინახავთ.

საერთოდ, როცა სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, გუნდების შემადგენლობებს ვგულისხმობთ. ამის გათვალისწინებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც 2012-13 წლების ჩემპიონატი უნდა იყოს წინასთან შედარებით სუსტი - მეტსაც გეტყვით: თუ შარშან ამ დროს ზოგიერთი გუნდის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ამჯერად სუპერლიგის მონაწილე თერთმეტივე კლუბის ვინაობა ცნობილია და 21-ე ჩემპიონატისთვის
ისინი აგვისტოდან ემზადებიან.

კიდევ ერთი ნიუანსი: თუ წინა სეზონში გუნდები ლეგიონერებით შიგადაშიგ ძლიერდებოდნენ, წლეულს უმეტესობა შემადგენლობის დაკომპლექტებას ჩემპიონატის დაწყებამდე ასწრებს.

ასეთთა შორისაა "ოლიმპი", რომლის მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა საინტერესო ნაზავი შეკრიბა, ახალგაზრდული, მაგრამ გამოცდილი გუნდი ჰყავს.

ბოლო ფრაზის მნიშვნელობას ახლავე განვმარტავთ: "ოლიმპში" უმთავრესად 22 წლამდე კალათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც გამოცდილება სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშით საერთაშორისო ასპარეზზე აქვთ მიღებული.

"გასული სეზონის შემდეგ "ოლიმპიდან" ლეგიონერები წავიდნენ, ასევე სხვა კლუბებში გადავიდა რამდენიმე წამყვანი ქართველი კალათბურთელი.

შევსება სხვადასხვა კლუბებიდან მივიღეთ: დავიმატეთ მეფარე აკაკი დვალიშვილი, ლევან ფაცაცია, ნოდარ თენიეშვილი, კოკა ტომარაძე, ირაკლი მიქელაძე, ნუგზარ აბულაძე..."
- გვითხრა ოლიმპელთა დამრიგებელმა გია კაზანჯიანმა.

შარშანდელ სეზონში მის გუნდში არაერთი ლეგიონერი ირიცხებოდა: ნიკიცა სლიუკა, ნიკოლა ტუტუსი, ივო ჰოგერი, ივან ტოდოროვიჩი. ლეგიონერები "ოლიმპში" წლეულსაც ითამაშებენ, ოღონდ ზემოთჩამოთვლილთაგან ერთიც არ დარჩენილა.

"დღეს ჩამოდის ესტონეთის ნაკრების გამთამაშებელი სტენ სოკი, რომელმაც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზა.

უახლოეს დღეებში ველით კიდევ ერთ ლეგიონერს ჩერნოგორიელ ლუკა სიეკლოჩას, რომელიც ცენტრის პოზიციაზე გაგვაძლიერებს.

ასე რომ, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდი სრული შემადგენლობით დაკომპლექტდება"
.

ბატონმა გიამ თქვა, სტენ სოკი დღეს ჩამოდისო. მწვრთნელს 28 სექტემბერს ველაპარაკეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოკი უკვე საქართველოში უნდა იყოს და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეუდგება. იგი ცნობილი ესტონელი კალათბურთელის ტიიტ სოკის ვაჟია, "ტარტუ როკში" გიორგი ცინცაძის თანაგუნდელი იყო და საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის საკმარისი გამოცდილებაც აქვს.

სოკმა აგვისტოს დასაწყისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში ამხანაგურ მატჩში ნაყოფიერადაც იშრომა: 5 ქულა, 3 ჩაჭრა და 9 პასი მოაგროვა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ესტონეთის ნაკრებს სლოვენიის საგზურის მოპოვებისთვის ერთი მოგება დააკლდა. არადა მეტად რთულ ჯგუფში იყო, სერბეთთან, ჩერნოგორიასთან, ისრაელთან, სლოვაკეთთანა და ისლანდიასთან.

შესარჩევში სტენ სოკის მონაგარი ასეთი იყო: 10 მატჩში 27.4 წუთი, 5.9 ქულა, 4.8 პასი, 2.0 მოხსნა, 1.4 ჩაჭრა. ისრაელის ძლევაში მან 16-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ლუკა სიეკლოჩას ჩერნოგორიის ნაკრებში არ უთამაშია. ისევე როგორც ტანმაღალ ევროპელთა უმეტესობაზე, ახალგაზრდულ ასაკში ლუკაზეც წერდნენ ამერიკული საიტები, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება არ მისცემია.

იგი გამოდიოდა სლოვენიის "ელექტრაში", ჩეხეთის "ლევიცეში", სერბეთის "კონსტანტინში", ჩერნოგორიის "მორნარში", სერბეთის "ოკკ ბელგრადში" და ამავე ქვეყნის "ჩრნოკოსაში". სიეკლოჩა 1984 წელსაა დაბადებული და 212 სმ სიმაღლის ცენტრია.

"ოლიმპის" შემადგენლობაზე ვრცლად ვილაპარაკეთ, არაფერი გვითქვამს მზადების პროცესზე. გია კაზანჯიანს მოვუსმინოთ:

"სპორტკომპლექს "არენაში" ვვარჯიშობთ. ლეგიონერების ჩამოსვლამდე 8-9 კალათბურთელით ვემზადებით. გვაკლია ირაკლი მიქელაძე, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს, თუმცა ექიმები გვაიმედებენ, რომ იგი ერთ კვირაში შეძლებს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს.

ველით დუდუ დადიანის მემორიალს, რომელიც ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში გენერალურ რეპეტიციად გამოგვადგება"
.

მწვრთნელმა საინტერესო ამბავიც გვითხრა: შესაძლებელია, საშინაო მატჩები "არენაში" ჩავატაროთო. თუ ეს მოხერხდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან სადღეისოდ არც ერთ თბილისურ კლუბს არ აქვს დარბაზი, სადაც სუპერლიგის მატჩის გამართვას შეძლებს.

ჩემპიონატის თბილისური შეხვედრები სპორტის სასახლეში იმართება.

ლუკა სიეკლოჩა
ჩერნოგორია
დაიბადა: 09.01.1984
სიმაღლე: 212 სმ.
წონა: 110 კგ.
ამპლუა: ცენტრი

კარიერა
"ელექტრა" (სლოვენია), "ლევიცე" (ჩეხეთი), "კონსტანტინი" (სერბეთი), "მორნარი" (ჩერნოგორია), "ოკკ ბელგრადი" (სერბეთი), "ჩრნოკოსა" (სერბეთი), "ოლიმპი" (საქართველო).

სტენ სოკი
ესტონეთი
დაიბადა: 14.02.1989
სიმაღლე: 180 სმ.
წონა: 80 კგ.
ამპლუა: გამთამაშებელი

კარიერა
"დალკია ნიბიტი" (ესტონეთი), "ტარტუ როკი" (ესტონეთი), "ოლიმპი" (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული