მოდით, ჯერ ლეგიონერებს შევეხოთ. დიღმელთა რიგებში ითამაშებენ ლამარ კარიმი და ფლინ კაიმანი.
პირველი უკანახაზელია და არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული ევროპაში. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას აკლიმატიზაციის პრობლემა არ შეექმნება. გასულ სეზონში კარიმი კვიპროსის აეკ-ში გამოდიოდა.
რაც შეეხება კაიმანს, იგი ფორვარდია, ევროპაში პირველ სეზონს ატარებს. სხვათა შორის, გამოდიოდა სწორედ იმ კოლეჯის გუნდში,
ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ "დინამოში" გასული სეზონის შემდეგ დარჩა სერბი მეფარე მილან ოლუიჩი, რომელსაც ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის - ერთ მატჩში 11 დაფარება აქვს მოგროვებული.
- ყველა ლეგიონერი განსხვავებული ამპლუისაა. კარიმი უკანახაზელია, კაიმანი - ფორვარდი, ხოლო ოლუიჩი - წინახაზელი. კიდევ ერთი უცხოელის შემატებას ვფიქრობთ, რომელიც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გაგვაძლიერებს.
თუმცა, არც ის გვავიწყდება, რომ ოლუიჩს თანაბრად კარგად შეუძლია თამაში როგორც მეოთხე ნომრად, ასევე ცენტრად. ამიტომ არც ისაა გამორიცხული, რომ მძიმე ფორვარდის ნაცვლად ცენტრი დაგვემატოს, - გვითხრა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.
საინტერესოა, ვინ დაეხმარება ლეგიონერებს. მომავალ სეზონში "დინამოს" ღირსებას დაიცავენ გამოცდილი თორნიკე ნინიაშვილი, ახალგაზრდა, მაგრამ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ბექა ჩიკვილაძე და ასევე ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი სოსო ლეჟავა.
- მათ გარდა, გვყავს დუბლშემადგენლობის რამდენიმე კალათბურთელი, რომელთა იმედიც ნამდვილად გვაქვს. სავარაუდოდ, პირველი წრის ბოლომდე გუნდის ადგილობრივებით შევსება არ იგეგმება, - ესეც ირაკლი ხოშტარიამ გვითხრა.
გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული იყო ქიენ კარტერი, რომლის "დინამოში" ხილვის სურვილი გუნდის ხელმძღვანელობას წლეულსაც ჰქონდა, თუმცა კარტერმა კარიერის საბერძნეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა, იქაური უმაღლესი ლიგის გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.
მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას გუნდის მზადებაზეც ვკითხეთ.
- რადგან შემადგენლობა ჯერაც საბოლოოდ არ დაკომპლექტებულა, შეკრებაზე წასვლა ვერ მოვახერხეთ. აქამდე ფიზმომზადებაზე ვმუშაობდით, რათა სუპერლიგის დასაწყისს "დინამო" სათანადო კონდიციებში შეხვდეს.
ჩემპიონატის დაწყებამდე გასამართ დუდუ დადიანის მემორიალში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, ისევ და ისევ შემადგენლობის არასრული სახის გამო.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სუპერლიგის მორიგი გათამაშება 20 ოქტომბერს დაიწყება.
ლამარ კარიმი
აშშ
დაიბადა: 09.06.1983
სიმაღლე: 178 სმ
პოზიცია: უკანახაზელი
კარიერა: ბეისლაინი (აშშ), გრანდ-საკონექსი (შვეიცარია), ევრო (საფრანგეთი), ბლექ მონოპოლი (აშშ), დნიპრო (უკრაინა), აეკ (კვიპროსი).
ფლინ კლაიმანი
აშშ
დაიბადა: 27.09.1988
სიმაღლე: 205 სმ
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: ტროა (აშშ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"