სუპერლიგა 2012-13. II ტურის რჩეულნი: კარტერი მართალი ყოფილა

AutoSharing Option
სათაურის წაკითხვისთანავე გაგიჩნდებოდათ კითხვა - რომელ კარტერზეა ლაპარაკი? პრეზიდენტზე არა, რადგან ახლა სპორტულ გაზეთს კითხულობთ; მხედველობაში არც ვინს კარტერი გვყავს...

ქიენ კარტერი ხომ გახსოვთ, შარშან "დინამოში" რომ თამაშობდა? სწორედ მან ურჩია კირკ არჩიბეკს საქართველოში ჩამოსვლა.

დღესვე შეიძლება ითქვას: ისევე, როგორც ქიენმა, კირკმაც გაამართლა. იგი სუპერლიგის მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ. კირკმა "სოხუმთან" 31 წუთში 30 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი რეკორდული აღმოაჩნდა - 36.

სიმბოლურ ნაკრებში იგი მძიმე ფორვარდად გავამწესეთ. ცენტრობა კი დინამოელ
მილან ოლუიჩს "ჩავაბარეთ", რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა.

ასეთივე მაჩვენებლამდე ერთი პასი დააკლდა შსს-ელ დეონტა ვონს, რომელიც სიმბოლურში გამთამაშებლის "ფუნქციებს შეასრულებს".

ამავე ამპლუის კალათბურთელები გამოირჩნენ "სოხუმსა" და თსუ-ში: ვფიქრობთ, გივი ბაქრაძეცა და ირაკლი ჩლაიძეც ვირტუალურ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებენ. ამიტომ ისინი ფლანგებზე გავამწესოთ. დაბალი, მაგრამ სწრაფი და მობილური ხუთეული გამოგვივა.

30 ოქტომბერს, ევროჩელენჯისთვის მზადებაში მყოფმა "არმიამ" საკონტროლო მატჩი გამართა "შსს აკადემიასთან". გამარჯვება არმიელებს დარჩათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვით ტურის საუკეთესო კირკ არჩიბეკს.

- მადლობა, MVP-ად დასახელება სასიამოვნოა, მაგრამ მთავარ მაინც ისაა, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. თანაგუნდელები ერთმანეთს კარგად ვეხმარებოდით და მიმაჩნია, რომ ეს აღიარება ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

- რთული მატჩი გამოვიდა, რასაც წინასწარ ბევრი არ ელოდა.
- "სოხუმი" ახალგაზრდული გუნდია, ბურთსაც კარგად ათამაშებდა და პერიმეტრიდანაც თითქმის უშეცდომოდ ისროდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი შორეული ტყორცნა კი გამოიყენეს.

- 15.
- მართლა ბევრია.

- სეზონის დასაწყისში საქართველოდან წინადადება რომ მიიღეთ, პირველი რა გაიფიქრეთ?
- თქვენს ქვეყანას არ ვიცნობდი. დავუკავშირდი ჩემს ახლო მეგობარ ქიენ კარტერს და აზრი ვკითხე. მითხრა, ლამაზი მხარეა, კალათბურთსაც კარგად თამაშობენო. მოკლედ, ქიენმა საქართველოში ჩამოსვლა მირჩია და არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი.

კარტერი მართალი გამოდგა, თბილი ხალხი და მშვენიერი ქვეყანა დამხვდა. თანაგუნდელებიც მხარში მიდგანან და ყოველმხრივ მეხმარებიან. ვცდილობ ქართული ენის შესწავლას, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ - ყველაზე რთული ენაა, რასაც აქამდე შევხვედრივარ.

- ქვეყნის დათვალიერებას თუ ასწრებთ?
- ძველ დედაქალაქ მცხეთაში ვიყავით. ორი დიდი ეკლესია მოვინახულეთ. ოჯახიც მახლდა და თბილისში შთაბეჭდილებებით დატვირთულები დავბრუნდით.

- "შსს აკადემიაზე" ზოგადად რისი თქმა შეგიძლიათ?
- კარგი ორგანიზაციაა, მწვრთნელები, მოთამაშეები... ადაპტაცია არ გამჭირვებია. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ირიცხება, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. ნელ-ნელა კიდევ უფრო შევიკვრებით და ნებისმიერისთვის სერიოზული მოწინააღმდეგე ვიქნებით.

- რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
- არსებობს მაღალი და დაბალი მიზნები. მე ყოველთვის მაქსიმუმზე ვფიქრობ. ვიბრძოლებ ჩემპიონობისთვის. დანარჩენს უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას ვნახავთ.

- საქართველოს პირველობის დონეს როგორ შეაფასებდით?
- როგორც ყველგან, აქაც არიან ძლიერი და სუსტი გუნდები. მაგალითად, ფავორიტებთან, "არმიასა" და "ოლიმპთან" სერიოზული ბრძოლა გველის. გასულ ტურში დავრწმუნდით, რომ იოლად დასაძლევი არც სხვა მეტოქეები იქნებიან. ამიტომ, აუცილებელია სათანადო მომზადება და შეთამაშება.

- გასული სეზონი პოლონეთში გაატარეთ. მაღალი დონის პირველობა აქვთ?
- პოლონური "პროკიმი" ევროლიგაზე ასპარეზობს. დანარჩენებს იმდენად კარგი შემადგენლობა ჰყავთ, რომ ღირსეულ კონკურენციას უწევენ ევროლიგის წარმომადგენელს. ასე რომ, პოლონელებს მართლაც ძლიერი ლიგა აქვთ.

Sportall.Ge

სუპერლიგა 2012-13. II ტური
არმია-ქუთაისი 78:58

შსს აკადემია-სოხუმი 100:90

თსუ-სტუ 65:59

რუსთავი-სამედიცინო 79:57

ბათუმი-დინამო 53:69

რეკორდები
ქულა
30 - კირკ არჩიბეკი (შსს აკადემია)
2-ქულ 10/16; 3-ქულ 0/0; საჯ 10/14
27.10.12 შსს-სოხუმი

მოხსნა
14 - კაელ ნელსონი (რუსთავი)
(მეტოქ: 7; საკუთ: 7)
20.10.12 სტუ-რუსთავი

პასი
9 - რეზო როგავა (შსს აკადემია)
20.10.12 შსს-ბათუმი

9 - გიორგი ნანიტაშვილი (ბათუმი)
20.10.12 შსს-ბათუმი

9 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)
27.10.12 შსს-სოხუმი

ჩაჭრა
4 (ორჯერ) - ნეით ბოუი (რუსთავი)
20.10.12 სტუ-რუსთავი
26.10.12 რუსთავი-სამედიცინო

4 - ბექა ჩიკვილაძე (დინამო)
20.10.12 დინამო-თსუ

დაფარება
8 - მილან ოლუიჩი (დინამო)
26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული