სუპერლიგა. IV ტური: 42 ქულა მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია

AutoSharing Option
-53, -47, -44 - ასეთი სხვაობები დაფიქსირდა სუპერლიგაზე შაბათს, 10 ნოემბერს გამართული ოთხიდან სამ მატჩში. ჯერ "შსს აკადემიამ" დაამარცხა "რუსთავი" - 88:44, შემდეგ "ოლიმპმა" - თსუ - 98:51, მათ არც "არმია" ჩამორჩა და სტუ-ს 95:42 აჯობა.

42 ქულა მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია, ამაზე ნაკლები ჯარ არავის ჩაუგდია. აქვე ჩნდება კითხვა - რა არის სუპერლიგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი? საქართველოს ჩემპიონატის ანტირეკორდი 2004 წელს დაფიქსირდა, "სოხუმმა" (რომელსაც მაშინ სსუ ერქვა) ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილი ბათუმის "ბასკოსთან" მატჩში ოდენ 29 ქულა ჩააგდო.

სოხუმი-ბათუმი 67-75
აჭარლები
შაბათსაც "სოხუმზე" ძლიერები აღმოჩნდნენ. მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში სოხუმელებმა კინაღამ ფავორიტ "შსს აკადემიას" აჯობეს და ბათუმელებთან გამარჯვებასაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მიხეილ კობეშავიძის შეგირდებმა სწრაფი, უკანახაზელებზე აწყობილი თამაშით "სოხუმს" 75:67 აჯობეს.

ბათუმელთა წარმატება, უმთავრესად, პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა განაპირობა - 21-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. საჯარიმო ხაზიდან ზუსტი ტყორცნებით თანაგუნდელებს გამარჯვება გამოცდილმა ბათუმელმა ლაშა კეშელავამ მოუტანა. მან 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და საბოლოოდ 19 ქულას 6 მოხსნა მიამატა.

იმის გათვალისწინებით, რომ ლაშამ სტუმართა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო დანარჩენ მატჩებში მეტად დიდი სხვაობები დაფიქსირდა და ზეეფექტური სტატისტიკით ვერავინ გამოირჩა, ტურის საუკეთესო კალათბურთელად ლაშა კეშელავა დავასახელეთ.

შსს აკადემია-რუსთავი 88:44
ერთი კვირის წინათ რუსთაველებმა თბილისის "დინამო" დაამარცხეს. შესაბამისად, ყველას გვეგონა, რომ შსს-სთანაც მეტ-ნაკლებად თანაბრად ითამაშებდნენ. სწორედ შსს-სა და "რუსთავის" დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩად იქნა მიჩნეული.

შედეგი ამჯერადაც მოულოდნელი იყო - შსს-ელები მეტოქეზე ორი თავით მაღლა იდგნენ. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: მატჩში ორჯერ მეტი სხვაობა დაფიქსირდა (88:44) და მოხსნებშიც ასეთი შეფარდება იყო - 54:27.

ნამატჩევს შსს-ელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა აღნიშნა:
- ზოგჯერ ჟურნალისტები მეკითხებიან, ვინ იყო ამა თუ იმ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი. ამჯერად შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი გახლდათ, რომელმაც დაცვაში შესანიშნავად ითამაშა. დაცვა კი ის კომპონენტია, რამაც ეს მატჩი მოგვაგებინა. შესაძლოა, შეტევაში კარგი გარჯით ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ თუ ჩემპიონატში გინდა წარმატების მიღწევა, ამისთვის საუკეთესო წამალი დაცვაა.

ოლიმპი-თსუ 98:51
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა - ნამდვილად არ მეგონა, 47-ქულიანი სხვაობით თუ მოვიგებდითო.

...არც თსუ-ს წარმომადგენლებს ეგონათ და არც რიგით გულშემატკივრებს, რადგან თსუ-ელები ურიგოდ არ გამოიყურებიან. თუმცა დაცვის ღირსებებზე შსს-ს თავკაცმაც ილაპარაკა და ამჯერადაც გამოჩნდა, რა მნიშვნელობა აქვს კალათბურთში ამ კომპონენტს.

ასევე არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ოლიმპელთა უპირატესობა ფარქვეშ. მათ თსუ-ს მოხსნებში 52:34 იმარჯვეს, ხოლო სამწამიან ზონაში ჩაგდებული ქულებით სტუდენტებს 54:20 აჯობეს.

სწორედ ამიტომ ბომბარდირობასა და დუბლების შესრულებაში ერთმანეთს ოლიმპელი მეფარეები აკაკი დვალიშვილი (25 ქულა, 10 მოხსნა) და სტევან მილოშევიჩი (24 ქულა, 12 მოხსნა) გაეჯიბრნენ.

არმია-სტუ 95:42
ზემოთ გითხარით, რომ "შსს აკადემია" მეტოქეს ორი თავით სჯობდა. კიდევ უფრო სოლიდური იყო არმიელთა უპირატესობა სტუ-სთან მატჩში. თავად განსაჯეთ - პირველი ტაიმი ფავორიტებმა ლამაზი ანგარიშით - 55:22 მოიგეს.

ნამატჩევს ლაშა ფარღალავამ აღნიშნა, რომ "არმია" ევროჩელენჯისთვის ემზადება და იმ სტრატეგიით თამაშობს, როგორითაც უცხოურ გუნდებს უნდა დაუპირისპირდეს. ამიტომ ქართული გუნდებისთვის საწყენი არ უნდა იყოს, თუ დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგაც არმიელები თამაშის აგრესიულ სტილს არ ღალატობენ.

შეგახსენებთ, რომ კოტე ტუღუშის შეგირდები ევროჩელენჯზე სამშაბათს, 18 საათზე ბელგიურ "ანტვერპენს" უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული