სუპერლიგა: "არმიამ" მორიგი გამარჯვება "სოხუმთან" გაიფორმა

AutoSharing Option
"არმიისა" და "სოხუმის" დაპირისპირება მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

ევროტურნირის მონაწილე ერთადერთმა ქართულმა კლუბმა სუპერლიგის საშუალო გუნდთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა 94:63.

რადგან მეტოქე არცთუ სახიფათო იყო, "არმიამ" ძირითადი შემადგენლობის ორ მოთამაშეს - კურტის მილიჯს და ლაშა ფარღალავას დასვენების საშუალება მისცა.

კოტე ტუღუშმა სათამაშო დრო 12 კალათბურთელს მეტნაკლებად თანაბრად გადაუნაწილა. არმიელებმა პირველი მეოთხედი 24:13 მოუიგეს და უპირატესობას ყოველი ათწუთეულის შემდეგ მეთოდურად ზრდიდნენ.

სოხუმელთაგან ირაკლი ჩლაიძე გამოირჩეოდა, რომელსაც საბოლოოდ 30 ქულა დააგროვა. მეორე კალათბურთელი, რომელმაც ათქულიანი ზღვარი გადალახა, ვახტანგ ქადარია გახლდათ. მის ანგარიშზე 11
ქულა იყო.

"არმიას" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. 11 ქულა დააგროვა სამმა კალათბურთელმა - გიორგი შარაბიძემ, ლამაინ უილსონმა და გიორგი გამყრელიძემ. 10-10 ქულით დაასრულეს თამაში დავით უგრეხელიძემ და ბექა წივწივაძემ.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (არმია): "უკმაყოფილო ვარ ირაკლი ჩლაიძის 30 ქულით. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის მხრიდან უყურადღებობას ჰქონდა ადგილი და ვეცდებით გამოვასწოროთ ეს ხარვეზი.

მომდევნო მატჩი "ევროჩელენჯზე" გერმანულ "ტელეკომთან" გველის და მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა შეხვედრასა და თუ ვარჯიშს.

დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა კურტის მილიჯმა, რომელმაც მცირე ტრავმა აწუხებს. ვიმედოვნებთ, მილიჯი გერმანიაში დაგვეხმარება და ჩვენს გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს".


ვაჟა კვარაცხელია ( სოხუმი): "მივულოცავ არმიის გუნდს დღევანდელ გამარჯვებას, რომელიც მოსალოდნელი იყო. "არმია" ყველა ასპექტში ძლიერი და მომზადებული გუნდია და წარმატებას ვუსურვებ "ევროჩელენჯზე".

ლაშა ფარღალავა (არმია): "რთულია ასეთ მატჩზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ რომ გარკვეული ხარვეზები გვქონდა, განსაკუთრებით დაცვაში. მიმაჩნია, რომ ამდენი ბურთი სოხუმის გუნდთან არ უნდა გაგვეშვა".

დავით დეკანოიძე (სოხუმი): "დღევანდელ მატჩში ჩვენი მიზანი ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა იყო და არა გამარჯვება. "არმია" ძლიერი გუნდია და ვეცდებით მომდევნო მატჩებში უფრო მეტად ვიბრძოლოთ და უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული