სუპერლიგა. VI ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" მოუგო

AutoSharing Option
იმერულმა გუნდმა ოლიმპელებს ისე მოუგო, რომ წარმატების მცირე შანსიც კი არ მიუცია.

დავით უსტიაშვილის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და "ოლიმპს" სეზონის პირველი მარცხი აგემა.

არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იქნებოდა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" იმერულ კლუბს პირველი ნახევარი 43:41 მოუგო, თუმცა შესვენებიდან დაბრუნებულმა ქუთაისელებმა ისეთი თამაში გააჩაღეს, მათი შემჩერებლები ოლიმპელთაგან არავინ გამოდგა.

იმერლები დალაგებულად, სწრაფი გარღვევებით და ტრადიციული შორი სროლებით უტევდნენ, თუმცა მათ არასწორხაზოვან მანევრსაც მიმართეს.

ნომინალურმა ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა ერთ ეპიზოდში პერიმეტრზე აიწია და
4-წუთიან მონაკვეთში უშეცდომოდ ესროლა 4(!) სამქულიანი.

მთლიანობაში მათიაშვილმა 31 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, რითაც კარგად ჩანს, თუ რამხელა უპირატესობა ჰქონდა ამ კალათბურთელს მეტოქეებთან ორთაბრძოლაში.

დიდი სამუშაო გასწია გიორგი ბარბაქაძემ (18 ქულა), ბუბა კვიმსაძემ (13), დავით ბარბაქაძემ (15), რევაზ დიდიამ (9) და ზაურ ფაშაევმა (9).

ამ კალათბურთელების შედეგიანი თამაშის წყალობით "ქუთაისმა" მესამე ათწუთეული 30:19 მოიგო, ხოლო ბოლო მეოთხედში იმერელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია. საბოლოო "ქუთასიმა" "ოლიმპი" ანგარიშით 97-81 დაამარცხა.

თამაში ისე ჩამთავრდა, "ოლიმპს" წარმატების შანსი არ მისცემია. დამარცხებულებს ლევან ფაცაციამ 20 ქულით ულიდერა, 17 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა ასპარეზობა სტევან მილოშევიჩმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): "დაძაბული და კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენმა გუნდმა თავდადებით იასპარეზა და მოხარულნი ვართ რომ ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ოლიმპია, გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა გულშემატკივარს რომელიც სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ქუთაისიდან ჩამოვიდა და მხურვალედ გვიქომაგა".

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "მესამე მეოთხედში რიჩარდ მათიაშვილის სამქულიანებმა შეხვედრაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა. ამდენ ზუსტ შორეულ ტყორცნებს ნამდვილად არ ველოდით და დავისაჯეთ კიდეც. მოხარული ვარ ნაკრების მოთამაშის ასეთი კარგი თამაშით და წარმატებებს ვუსურვებს როგორც რიჩარდ მათიაშვილს, ასევე ქუთაისის გუნდს".

რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი): "ოლიმპი ძლიერი მეტოქეა და ამ მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ის შეცდომები, რაც წინა შეხვედრებში დავუშვით, დღეს მაქსიმალურად გამოვასწორეთ, დაცვაში კარგად გავისარჯეთ და ამ ყველაფრის ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის. დღევანდელ წარმატებას ყველა ჩვენს ქომაგს მივულოცავ".

მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი): "მივულოცავ ქუთაისის გუნდს და მის გულშემატკივარს მოგებას, რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დაცვაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ. გაშვებული 97 ქულა ნამდვილად ბევრია. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი მარცხი სწორედ ამან განაპირობა".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული