კალათბურთელთა სუპერლიგიდან შავი ზღვის ლიგამდე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამ კალათბურთისადმი ინტერესი მკვეთრად გაზარდა. ეს თავისთავად აისახა შიდა ჩემპიონატზეც - კლუბების მეპატრონეებმა გუნდების ერთი-ორად გაძლიერება სცადეს. საბოლოოდ, ვინ რა შემადგენლობით ითამაშებს, 19-24 ოქტომბერს დაგეგმილ დუდუ დადიანის მემორიალზე გამოჩნდება. მანამდე კი, წინასასეზონო ამბებზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესტუმრეთ.

- ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა და ძნელი სათქმელია, რომელი გუნდი რა ძალის იქნება, თუმცა ზოგადი ფონი დადებითია: კლუბებში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და თუ შარშან მეტ-ნაკლებად თანაბარი 4 გუნდი იყო, წლეულს ასეთი ექვსია. წინა სეზონთან შე
დარებით ორი ამერიკელით და ფარღალავათი გაძლიერდა "სოხუმი", შსს შარშანდელზე უკეთესი გუნდი იქნება, ასევე ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი არმიის ახალჩამოყალიბებულ გუნდში. სერიოზულ ძალას წარმოადგენენ თსუ და რუსთავი, ისევე, როგორც "ქუთაისი" და "აგრარული". ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის.

- მთავრობის ახალი ინიციატივა გუნდებს ძალიან წაადგებათ...
- ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო - უნივერსიტეტებმა საკალათბურთო კლუბებისთვის 200-200 ათასი ლარი უნდა გამოჰყონ. თუ აქამდე სასწავლებლები გაცილებით დაბალი ბიუჯეტით წარმატებით თამაშობდნენ, ამიერიდან უფრო გაძლიერების საშუალება მიეცემათ, რაც საქართველოს ჩემპიონატს წაადგება.

- სუპერლიგაში რამდენი საუნივერსიტეტო გუნდი იქნება?
- ჩემპიონატში ოთხი თბილისური სასწავლებლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თსუ, "აგრარული" სტუ და "სამედიცინო". "ქუთაისსა" და "ბათუმს" ადგილობრივი უნივერსიტეტები ეხმარებიან. მათ ქალაქის მერიებიც მხარში უდგანან.

- სუპერლიგის სისტემაზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, ოპტიმალური ფორმატია. გუნდები რეგულარულ ეტაპს ორ წრედ ჩაატარებენ, შემდეგ პლეი ოფებს ითამაშებენ. პირველი წრე 2010 წელს დასრულდება, იანვარში ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი გაიმართება. გაზაფხულზე სუპერლიგის პარალელურად ჩატარდება ვარსკვლავთა მატჩი, ხოლო სეზონს სუპერთასი დაასრულებს.

- დადიანის მემორიალი შსს-ს დარბაზში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე რამდენი გუნდი ჩაატარებს საშინაო მატჩებს საკუთარ არენაზე?
- შსს პოლიციის აკადემიის დარბაზში მხოლოდ მემორიალს უმასპინძლებს, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს სპორტის სასახლეში ჩაატარებს. შინ რეგიონის გუნები ითამაშებენ - "ენერჯი", "ბათუმი", "ქუთაისი". სამწუხაროდ, დარბაზების ფართო არჩევანი არ გვაქვს, სუპერიგის შეხვედრები სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო ახალგაზრდულ ჩემპიონატებს სპორტის დეპარტამენტის დარბაზი უმასპინძლებს, რომელშიც სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

- წლეულს საქართველოს ჩემპიონატისადმი მეტი ინტერესი ალბათ ეროვნული ნაკრების დამსახურებაა...
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ კალათბურთისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. აქამდეც იყო არაერთი პროექტი, რომელთა განხორციელება ვერ მოხერხდა. წლეულს კი სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა იანვრის წილისყრას ველით, საინტერესოა, ევროპის ჩემპიონატზე ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე... მართალია, ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ევროკალათბურთში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

- კიდევ ერთ ახალ პროექტზე გკითხავთ - შავი ზღვის ლიგის ჩამოყალიბება როდიდან იგეგმება?
- გეგმის მიხედვით, ეს ლიგა მომავალი წლის სექტემბრამდე უნდა შეიქმნას, თუმცა, როგორ წარიმართება სამუშაო პროცესი, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინიდან ზარს ველი, დამირეკავენ, ჩავალ და ყველაფერზე კონკრეტულად ვილაპარაკებთ.

- შავი ზღვის ლიგაში რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ითამაშებს?
- ჩვენ გარდა ამ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ბელარუსმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და უკრაინამ. ყოველი ქვეყანა 2-2 კლუბით იქნება წარმოდგენილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული