წივწივაძისთვის ლოდინს რუსთავი სჯობს

AutoSharing Option
მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი 11 კლუბში გადანაწილდნენ, ბექა წივწივაძე არ აჩქარებულა - საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. მას ორი ებრაული კლუბის ვარიანტი ჰქონდა და ვიზას ელოდა.
მოლოდინმა დიდხანს გასტანა და...

- დღემდე მეუბნებიან, ვიზა დღეს-ხვალ იქნებაო, მაგრამ საშველი არ დაადგა. ამასობაში მოახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი, გუნდები უკვე დაკომპლექტდა და მეც დარჩენა გადავწყვიტე.

- სად ითამაშებ?
- რუსთავის "ენერჯიში". ვფიქრობ, ეს ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტია. გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი, დისციპლინაც მაღალ დონეზეა და "ენერჯი" ტაქტიკურადაც გამართული გუნდია.

- "აგრარულში" დაბრუნება არ შემოუთავაზებიათ?
- ამ
გუნდის მწვრთნელებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ბოლო ორი წელიწადი "აგრარულში" გავატარე, მწვრთნელები ბოლომდე მენდობოდნენ და ჩემი პროგრესიც მათი დამსახურებაა. თუმცა წლეულს ახალგაზრდული გუნდი ეყოლებათ და მიზნებიც მოკრძალებული ექნებათ. ამიტომ გადავწყვიტე კარიერის სხვაგან გაგრძელება.

- "ენერჯიში" დავბრუნდეთ. როგორ ფიქრობ, რა მიზნებისთვის იბრძოლებთ?
- ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვეყოლება, ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- წინა ხაზში ტუჯანი და დვალიშვილი, უკანა ხაზში?
- თუ აქამდე მხოლოდ პლეიმეიქერად ვთამაშობდი, "ენერჯიში" მსროლელის ფუნქციების შესრულება მომიწევს.

- "აგრარულში" მეორე ნომრად არ გითამაშია...
- ეს პოზიცია ჩემთვის უცხო არ არის, "ენერჯის" ამჟამინდელი თავკაცის, მიხეილ ბერუაშვილისა და დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ მსროლელად ვთამაშობდი.

- იტალიასთან 18 ქულა რომ ჩააგდე, მეორე ნომერი იყავი?
- ასეა. მაშინ ახალგაზრდულის სასტარტო გამთამაშებელი გაფრინდაშვილი იყო, მე მსროლელად ვთამაშობდი, მსუბუქ ფორვარდად გულისაბედაშვილი, მძიმე ფორვარდად - შენგელია, ცენტრად - შერმადინი. ის ევროპის ჩემპიონატი ახლაც მწარედ მაგონდება - იტალია დავამარცხეთ, მაგრამ ელიტაში ადგილი მაინც ვერ შევინარჩუნეთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული