მართალია, თბილისელებმა 17 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ შეხვედრა საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა.
განსაკუთრებით ხმაურიანი მატჩის დასკვნითი ნაწილი იყო, როცა რიჩარდ მათიაშვილსა და დეონტა ვონს შორის დაპირისპირება მოხდა და ლამის ჩხუბში გადაიზარდა.
საბედნიეროდ, კალათბურთელებმა ემოციები დროულად მოთოკეს და ინციდენტი აღარ გართულებულა...
Video
ინციდენტი ქუთაისისა და შსს-ს შეხვედრის დროს
ინციდენტი ქუთაისისა და შსს-ს შეხვედრის დროს
შეხვედრის დებიუტში ქუთაისელები კარგად თამაშობდნენ და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ საბოლოოდ 17-ქულიანი სხვაობით დამარცხდებოდნენ.
მასპინძელთაგან განსაკუთრებით თემურ
ბაბუნაშვილის ზუსტ სროლებს მათიაშვილის სამქულიანიც მოჰყვა და მასპინძლები 8:0 დაწინაურდნენ. მალე თბილისელებიც გააქტიურდნენ, ლეგიონერების, პრუეტისა და არჩიბეკის ზუსტი შეტევების წყალობით სხვაობა საგრძნობლად შეამცირეს 9:7.
ქუთათურებმა სამქულიანებზე გადაიტანეს აქცენტი და პერიმეტრიდან სროლები კარგადაც წაუვიდათ. ბუბა კვიმსაძის, გიგი ბარბაქაძისა და ზაურ ფაშაევის ზუსტი სამქულიანების შემდეგ "ქუთაისი" 21:12 დაწინაურდა.
მეოთხედის დასრულებამდე, ბოქოლიშვილის აქტიურობის შედეგად აკადემიელებმა ანგარიშის შემცირება 6 ქულამდე მოახერხეს (23:17).
მეორე პერიოდი თბილისელებმა უკეთ დაიწყეს, ბოქოლიშვილის და ვონის ზუსტი სროლების შედეგად თბილისელები წინ გავიდნენ - 23:24. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით გაგრძელდა, დავით უსტიაშვილის შეგირდებს განსაკუთრებით არჩიბეკის შეჩერება უჭირდათ, რომელიც გუშინ საუკეთესო იყო და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლიც შეასრულა (26 ქულა და 13 მოხსნა.
საერთოდაც, აკადემიელებმა მოხსნების მხრივაც დაჩაგრეს მეტოქე 45:21). თბილისელთა სათადარიგოებიც კარგად ჩაერთვნენ თამაშში, შესვენებამდე სტუმრებმა კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა და პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგეს (33:44).
გეორგიოს კეცელიდისის შეგირდების უპირატესობა მესამე მეოთხედშიც აშკარა იყო. ისინი 17 ქულითაც დაწინაურდნენ (38:55), მაგრამ შემდეგ, ქუთათურებიც გამოფხიზლდნენ, დიდიამ და კვიმსაძემ სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს (45:55), გულშემატკივრებს მატჩის შემობრუნების იმედი გაუჩნდათ და ტრიბუნები კვლავ ახმაურდა.
შეხვედრა ორმხრივი, ზუსტი შეტევებით გაგრძელდა და მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ ტაბლოზე კვლავ 11 ქულიანი სხვაობა იყო დაფიქსირებული (50:64).
დასკვნითი მეოთხედის საწყის წუთებში ბოქოლიშვილმა და არჩიბეკმა ქუთაისელებს 5 ქულა ჩაუგდეს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის "ალე ჰუპი" იყო აღსანიშნავი. ლამაზად ჩატენა ბურთი ბექა ბექაურმაც.
მანამდე კი გიგი ბარბაქაძემ და თემურ ბაბუნაშვილმა თბილისელებს 3-3 ქულით უპასუხეს, რასაც დიდიას სამქულიანიც მოჰყვა და ანგარიში 8 ქულამე შემცირდა - 60:68. "ქუთაისმა", რომელსაც მეტოქეზე გაცილებით "მოკლე სათადარიგოთა სკამი" აქვს, ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო და უპირატესობა კვლავ "შსს-აკადემიას" მხარეს გადავიდა.
ამ პერიოდში ილია ლონდარიძე გამოირჩა, თბილისელებმა მეტოქეს მეტის საშუალება აღარ მისცეს და ანგარიში თანდათან კიდევ უფრო გაზარდეს.
მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე ის ინციდენტიც მოხდა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. საბოლოოდ თბილისელებმა 17 ქულიანი სხვაობით მოიგეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.
მატჩის შემდეგ
გეორგიოს კაცელიდისი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):
- დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი, სუპერლიგის ყველა მატჩზე ასეთი ქომაგობაა საჭირო. რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ რთული თამაში იყო, თუმცა მეტოქის სუსტი მხარეები კარგად გამოვიყენეთ, რამაც გამარჯვება მოგვიტანა.
დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე მეოთხედში ძალიან ცუდად გავისარჯეთ და მეტოქეს 11 ქულით დაწინაურების საშუალება მივეცით.
სამწუხაროდ, ამის შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და დავმარცხდით. წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაცვაში სუსტი თამაში იყო. მეტოქემ 87 ქულა ჩააგდო, რაც ძალიან ბევრია.
სუპერლიგა. IX ტური. 14 დეკემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-შსს 70:87
ქუთაისი 23 10 17 20
შსს აკადემია 17 27 17 26
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
დავით კოხრეიძე
* * *
შეწყვეტილი სერია
პირველი წრე ჯერ არ დასრულებილა და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი სუპერლიგა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
თავად განსაჯეთ: მეექვსე ტურში "ქუთაისმა" "ოლიმპს" სტუმრად დიდი სხვაობით აჯობა, მეშვიდე ტურში "რუსთავმა" ქუთაისში იმარჯვა, მერვეში რუსთაველებმა არც "არმია" დაინდეს, ხოლო მეცხრე ტურში "ოლიმპმა" ქვემოქართლელთა წარმატებული სვლა შეწყვიტა - სტუმრად 76:65 გაიმარჯვა. იმის თქმა გვინდა, რომ პირველობისთვის მეტად თანაბარი გუნდები იბრძვიან, რაც ჩემპიონატს მეტ ხიბლს სძენს.
"რუსთავმა" "ოლიმპთან" მატჩი დამაჯერებლად დაიწყო, პირველი პერიოდი 24:18 მოიგო, თუმცა მომდევნო ორ მეოთხედში ინიციატივა თბილისელებმა იგდეს ხელთ და საბოლოოდ 11 ქულის სხვაობითაც იმარჯვეს.
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
- "ოლიმპი" არაა ის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეგვიძლია, უბრალოდ დღეს ბევრი შეცდომები დავუშვით. გუნდმა ვერ შეასრულა ის დავალება, რაც მიცემული ჰქონდა. ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ვერ გამოვიყენეთ, სროლებიც არ წაგვივიდა და დავმარცხდით.
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):
- "შსს-აკადემიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ რიგი მიზეზების გამო სრულფასოვანი ვარჯიში ვერ გავმართეთ.
დვალიშვილს და ბერიშვილს ტრავმები აწუხებდათ და მიუხედავად ამისა, კარგად ითამაშეს. ასევე კმაყოფილი ვარ ტანმაღალი კალათბურთელებით, რომლებმაც მეტოქეებს ბევრი ჯარიმები მიაღებინეს და შეტევაშიც შედეგიანად გაისარჯნენ.
სუპერლიგა. IX ტური. 14 დეკემბერი, რუსთავი
რუსთავი-ოლიმპი 65:76
რუსთავი 24 15 14 12
ოლიმპი 18 20 22 16
მსაჯები: ირაკლი ბერიშვილი, დავით ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. რუსთავი 9 7 2 683/621 16
2. ოლიმპი 8 7 1 707/558 15
3. შსს აკადემია 8 7 1 664/533 15
4. ქუთაისი 8 5 3 613/573 13
5. არმია 7 5 2 602/432 12
6. დინამო 7 4 3 540/499 11
7. ბათუმი-რსუ 8 3 5 553/604 11
8. თსუ 8 3 5 532/622 11
9. სოხუმი 7 1 6 526/609 8
10. სტუ 7 0 7 417/573 7
11. სამედიცინო 7 0 7 404/617 7
ვაჟა სიმონიშვილი
ქუთაისმა შსს-ს ვერ გაუძლო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"