როცა გუნდები თანაბარია, ინტრიგაც მეტია, დაძაბულობაც და სანახაობრიობაც. ეს კი დონის ამაღლების საწინდარია.
იცით, რატომ გაგვახსენდა ხუთი წლის წინანდელი შეჯიბრება? - იმიტომ, რომ 2012-13 წლების სუპერლიგაც მას ჰგავს: 11 მონაწილეს შორის ექვსი ისეთი გუნდია, ერთმანეთზე უკეთესი რომ ეთქმის (ქართული საზომებით).
ამას 19 დეკემბერს გამართული ერთი მატჩის შედეგიც ადასტურებს - მეექვსე ადგილზე მყოფმა "დინამომ" პირველობის ლიდერი "შსს აკადემია" ("ოლიმპთან" ერთად
საინტერესო სიტუაცია შეიქმნა სატურნირო ცხრილის "კენწეროში" მეათე ტურის შემდეგ: სამ გუნდს 7-7 მოგება და 2-2 მარცხი აქვს. 8 გამარჯვებითა და 1 წაგებით "ოლიმპი" ერთპიროვნული ლიდერია.
იგი მომდევნო ტურში, 22 დეკემბერს "არმიას" ეთამაშება და თუ წააგო, პირველ წრეს ოთხი ლიდერი ("ოლიმპი", "არმია", შსს, რუსთავი) თანაბარი ქულებით დაასრულებს, რაც აქამდე ჯერ არ მომხდარა.
თუმცა, როგორც ვთქვით, ყველა გუნდი თანაბარია და "ოლიმპის" მიერ "არმიას" ძლევის შანსსაც ვერ ვუწოდებთ მიზერულს. ...ოლიმპელები შაბათის მატჩში წარმატების შემთხვევაში რეგულარული ეტაპის მოგებისკენ თამამ ნაბიჯს გადადგამენ.
41
მეათე ტურის პირველი შეხვედრა ბოლოდან დავიწყოთ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბათუმელ ლაშა კეშელავას რეკორდის დამყარება (41 ქულა) მივულოცეთ და გავიხსენეთ, რომ მას საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტიც აქვს ჩაგდებული: სამიოდე წლის წინათ თსუ-სთან მატჩში 54 ქულა მიითვალა, თუმცა მისი მაჩვენებელი იმავე შეხვედრაში თსუ-ელი გიორგი მარკოიშვილის აბსოლუტურმა რეკორდმა დაჩრდილა - 75 ქულა.
ლაშამ 19 დეკემბერს 30 ქულა სამიანებით მიითვალა - 10 შორეული ტყორცნა გამოიყენა. თუმცა 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე იჯდა პიროვნება, რომელსაც ჩემპიონატში 11-დან 11 სამიანი აქვს ჩაგდებული - "არმიას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ეს კალათბურთელობისას ვერის ბაღის დარბაზში გააკეთა.
27
"დინამოს" სამი წამყვანი მოთამაშე (ლეჟავა, კარიმი, ოლუიჩი) ტრავმების გამო რომ აკლია, კარგად მოგეხსენებათ.
ამის მიუხედავად, მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ გამონახა რესურსი (ბოლომდე დატვირთა ირაკლი კეიდია, 36 წუთით ენდო ახალგაზრდა ზეზვა ლილუაშვილს) და "შსს აკადემიას" ბოლომდე ებრძოლა. შსს-ელებს ფარქვეშ სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ, მოხსნებში 40:28 იმარჯვეს, თუმცა დინამოელები სამქულიანებით ახერხებდნენ კუდში დევნას.
საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "აკადემია" ლომოურის სამქულიანით 75:69 დაწინაურდა, თუმცა ფორმალურმა მასპინძლებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ჩიკვილაძის, კლიმენისა და კარტერის სიზუსტის წყალობით თამაშის შემოტრიალებაც მოახერხეს და 83:78-ითაც გაიმარჯვეს.
სენსაციურია ეს შედეგი თუ არა, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია. ჩვენი მხრივ კი ვიტყვით, რომ დინამოელთა რიგებიდან 27 ქულის ავტორი ფლინ კლიმანი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
19
მესამე პერიოდის ბოლოს თსუ 10 ქულის სხვაობით იგებდა, მაგრამ ბოლო რაუნდში ქუთათურთა ზონური დაცვა ვერ გაარღვია, ათწუთეული 13:30, ხოლო მატჩი 69:83 წააგო.
"ქუთაისის" ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა 31 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 31-ქულიანი რეკორდი რამდენიმე საათით ადრე კეშელავას ჰქონდა მოხსნილი, ხოლო 19-მოხსნიანმა რეკორდმა მხოლოდ ორ საათს იარსება...
20
ტურის ბოლო შეხვედრაში "სოხუმის" მეფარე ვახტანგ ქადარიამ კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 20 მოხსნა (ახალი რეკორდია), 8 პასი. მისი დამაჯერებელი გარჯის წყალობით სოხუმელებმა "სამედიცინოს" "ფარი მოუგეს" და სეზონის მეორე გამარჯვება ჩაიწერეს.
21
"ოლიმპი" "არმიასთან" მატჩის წინ სტუ-ს შეხვდა. სტუდენტებს მოსამზადებლად არასათანადო პირობები აქვთ, გაყინულ დარბაზში ვარჯიშობენ, რაც შედეგებზეც უარყოფითად ისახება. ასე რომ, გასაოცარი სულაც არ იყო, "ოლიმპმა" 21 ქულის სხვაობით რომ იმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"