ამისთვის საჭირო იყო, "არმიას" "ოლიმპი" დაემარცხებინა, ხოლო "რუსთავს" სტუმრად ბათუმში ემარჯვა. ასეც მოხდა - "არმიამ", "ოლიმპმა", "შსს აკადემიამ" და "რუსთავმა" 18-18 ქულა დააგროვეს (8-8 მოგება, 2-2 მარცხი). ისღა დაგვრჩენია, ციფრებში ჩავეფლოთ და გავარკვიოთ, ფიბა-ს წესების მიხედვით, რომელია პირველი და რომელი - მეოთხე, გუნდების განაწილება იანვარში გასამართ ქორქია-საკანდელიძის მემორიალისა და საქართველოს თასის წილისყრაზე ხომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
როცა ორ და მეტ გუნდს თანაბარი ქულები
ზედა კვარტეტის ბინადართაგან 2-2 მოგება აქვთ "შსს აკადემიასა" და "ოლიმპს", თითო - "არმიასა" და "რუსთავს".
ასე და ამგვარად, პირველ-მეორეზე შსს ან "ოლიმპი" უნდა იყოს. ამ გუნდების მატჩი ოლიმპელთა გამარჯვებით დასრულდა - 71:62. ჰოდა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი "ოლიმპმა" დაიკავა, მეორე - "შსს აკადემიამ".
ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის წყალობით (79:77) "რუსთავმა" "არმიას" გადაასწრო და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ცხრილს:
როგორც ხედავთ, საქართველოს 21-ე ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი საინტერესოდ დასრულდა. ამის თქმა უშუალოდ მე-11 ტურის მატჩების მიხედვითაც შეიძლება, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაფიქსირდა ხმაურიანი სენსაცია. დანარჩენს ქვემოთ წაიკითხავთ.
კადეტი სუპერლიგაში
"შსს აკადემია" ძალიან მიეჩვია ორმაგი სხვაობებით მოგებას. თანაც, მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ფავორიტს ეთამაშება თუ აუტსაიდერს: შაბათს "სამედიცინოსაც" სწორედ ისეთი ანგარიშით სძლია, როგორითაც მეოთხე ტურში "რუსთავს" - 88:44.
მატჩის სურათზე ვერაფერს ვიტყვით, ისედაც ნათელია - აკადემიელები ორი თავით მაღლა იდგნენ. შსს-ში არაერთი ახალგაზრდა კალათბურთელია, თუმცა მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი ფარმ-კლუბებიდან ხშირად ათამაშებს ჭაბუკებს - "სამედიცინოსთან" 15 წლის ლევან გოგალაძეს 10 წუთით ენდო და დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებს ნიჭიერი მომავალი თაობა ეზრდება. უფრო ადრე შსს-ში კადეტთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ვილი ისიანმა ითამაშა.
მაღალ ტემპში
შარშან დეკემბრის მთავარი მატჩი "არმიასა" და ოლიმპს" შორის შედგა. ბოლო წამებზე სამქულიანებში არმიელი რიჩარდსონი და ოლიმპელი სლიუკა გაეჯიბრნენ და გამარჯვება "არმიას" დარჩა.
წლეულს კოტე ტუღუშს შარშანდელივით უძლეველი შემადგენლობა არა ჰყავს და "ოლიმპთან" ამჯერადაც თანაბარ თამაშს ველოდით. ვიხილეთ კიდეც, ოღონდ - პირველ ტაიმში, რომლის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით კურტის მილეიჯმა "არმიას" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში სხვაობა ფარგალივით იშლებოდა - მაღალ ტემპში მოთამაშე ძალოვნებს წითელფორმიანებმა ვერაფერი მოუხერხეს.
მოხსნებში კი "არმიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, დიდი უპირატესობით იმარჯვა - 61:43. წინა ხაზში "ოლიმპის" მთავარი იმედი სტეფან მილოშევიჩი ჩვეული ეფექტურობით ვერ გაისარჯა.
როგორც მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა გვითხრა, სტეფანს ტრავმის გამო ორი ვარჯიში გაუცდა და "არმიასთან" მოედანზე გასვლა ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
- მეტოქემ 47 ქულა სწრაფი შეტევით ჩააგდო. ამით ყველაფერია ნათქვამი. ვერც პერიმეტრიდან ტყორცნებში ვივარგეთ, არმიელმა უილსონმა 4 სამქულიანი გამოიყენა, მაშინ, როცა მთელმა "ოლიმპმა" - 5, - აღნიშნა გია კაზანჯიანმა და დასძინა, რომ ტრავმებისა და დარბაზში გათბობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო მის გუნდს მზადების პროცესში ხელი შეეშალა.
ვახტანგი და რიჩარდი
სეზონის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაცხადდა სუპერლიგაში თამაშის მსურველი რამდენიმე გუნდის ვინაობა. ყველაზე გვიან "სოხუმის" მონაწილეობა გადაწყდა... საბედნიეროდ!
ამ გუნდში, მართალია, ფინანსურად დალხენილი ვითარება არ არის, მაგრამ ძირითადად ისეთი კალათბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები აქვთ დასამტკიცებელი.
პირველივე წრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ: ვახტანგ ქადარიამ და ირაკლი ჩლაიძემ დაამტკიცეს, რომ სუპერლიგაში უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში. დანარჩენებიც რომ კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებენ, ამაშიც ბევრი დაგვეთანხმება.
გაცილებით ძლიერ "ქუთაისთან" პლეიმეიქერმა ჩლაიძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში 18 ქულა ჩააგდო.
გარდა ამისა, თამაშის ორგანიზებასაც კარგად ახერხებდა. მეორე ტაიმის რამდენიმე ეპიზოდში დაღლა რომ დაეტყო (ამასთან, პირველ ტაიმთან შედარებით, გაცილებით მჭიდროდ მეურვეობდა თემურ ბაბუნაშვილი), მსროლელის პოზიციაზე გადავიდა.
ხოლო ბოლო წამებზე, როცა თამაშის ბედის გადაწყვეტა იყო საჭირო, ირაკლიმ ლიდერობა კვლავ საკუთარ თავზე აიღო და სოხუმელები არც გაუწბილებია.
რაც შეეხება ვახტანგ ქადარიას, მას გამომცდელად ჰყავდა რიჩარდ მათიაშვილი, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. საინტერესო სანახავი იყო მათი ორთაბრძოლა.
რიჩარდმა საბოლოოდ 21 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვახტანგმა 20 ქულა და 16 მოხსნა. გადამწყვეტ მომენტში ქადარია ისეთი ენერგიულობით ირჯებოდა, თითქოს საწყისი წუთები ყოფილიყო.
მან ჯამში მეტოქის ფარიდან ასხლეტილი 9 ბურთი მოხსნა და დიდი წვლილი შეიტანა "სოხუმის" გამარჯვებაში, რომელსაც სენსაციის "იარლიყი" უნდა მივაკრათ. ვახტანგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ.
როგორ განვითარდა მოვლენები მეოთხე პერიოდში, ქრონოლოგია მოგვითხრობს:
09:12 გ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 2ქ - 68:64
08:59 ჩლაიძე (სოხუმი) 1+1ქ - 70:64
08:42 გ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 2ქ - 70:66
08:25 დეკანოიძე (სოხუმი) 3ქ - 73:66
08:10 ფაშაევი (ქუთაისი) 3ქ - 73:69
07:46 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 2ქ - 73:71
07:07 ფაშაევი (ქუთაისი) 2ქ - 73:73
06:46 ჩლაიძე (სოხუმი) 2ქ - 75:73
06:01 ფაშაევი (ქუთაისი) 2ქ - 75:75
05:13 ქადარია (სოხუმი) 2+1ქ - 78:75
04:37 ქადარია (სოხუმი) 1+1ქ - 80:75
04:21 მათიაშვილი (ქუთაისი) 2ქ - 80:77
03:28 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 1+1ქ - 80:79
03:07 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 2ქ - 80:81
02:42 ქადარია (სოხუმი) 2ქ - 82:81
02:21 მათიაშვილი (ქუთაისი) 2ქ - 82:83
01:52 ქადარია (სოხუმი) 2ქ - 84:83
01:35 კოპალიანი (სოხუმი) 2ქ - 86:83
01:29 ფაშაევი (ქუთაისი) 1+1ქ - 86:85
01:12 ჩლაიძე (სოხუმი) 1ქ - 87:85
01:04 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 1ქ - 87:86
00:18 კოპალიანი (სოხუმი) 2ქ - 89:86
00:06 ნაზმიევი (სოხუმი) 1ქ - 90:86
ტრავმების ეპიდემია
"დინამოს" ყოველი მატჩის მიმოხილვაში ტრავმებზე გვიწევს წერა. სამწუხაროდ, ამ თემას ვერც ამჯერად ავუვლით გვერდს - სტუ-სთან დაპირისპირების დასაწყისშივე კოჭი იტკინა გუნდის სნაიპერმა ქიენ კარტერმა და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, ნარინჯისფერებს ("დინამოს" ფორმის ფერი) დაუბრუნდათ გამთამაშებელი ლამარ ქარიმი, რომელიც შეხვედრის ბომბარდირი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები 20 ქულითაც დაწინაურდნენ, მეოთხე პერიოდში სტუ-მ სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლო, მაგრამ სეზონის პირველ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია.
გეგმურად
"ბათუმმა" და "რუსთავმა" ზღვისპირეთში კვირას ითამაშეს. წინა დღისით ცხრილის სათავეში სიტუაციის განხილვისას ვამბობდით: თუ "რუსთავმა" ბათუმში წააგოო... მაგრამ ჩვენც ვხვდებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან დღეს ქვემოქართლელებს აჭარლებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ.
სუპერლიგა. XI ტური:
სამედიცინო-შსს აკადემია 44:88
სტუ-დინამო 71:78
ბათუმი-რუსთავი 75:107
არმია-ოლიმპი 93:62
სოხუმი-ქუთაისი 90:86
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"