ტროი კოტონმა ხაჭაპური, ქაბაბი და ხინკალი უკვე შეისწავლა

AutoSharing Option
პოლიციის აკადემიაში გასამართ პრესკონფერენციამდე დარბაზში შევიხედე, სადაც შსს ვარჯიშობდა. იქ ორი უცხოელი დამხვდა, ერთი მოედანზე იყო, მეორე - ტრიბუნაზე. ეს უკანასკნელი შსს-ს ახალწვეულის ტროი კოტონის მენეჯერი აღმოჩნდა, ხოლო კოტონი სამქულიანების სროლაში იწაფებოდა. ხუთწუთიანი დაკვირვების შემდეგ ძნელია ტროის შესაძლებლობებზე თამამად ლაპარაკი. მას დღეს საქმეში ვნახავთ და სრული შთაბეჭდილებაც მას მერე შეიქმნება.

რაც შეეხება ტროი კოტონის პიროვნებას, ამ საკითხზე ახლავე შეიძლება წერა. ინტერვიუს მსვლელობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი საქართველოში ჩამოსული ზოგიერთი ამერიკელისგან განსხვავებული ადამიანია: ცხვირაწეული არ არის და ნამდვილად არ ფიქრობს, რომ
მასზე უკეთესად აქ არავინ თამაშობს.

ასეთია პირველადი შთაბეჭდილებები კოტონთან დაკავშირებით. თავის მხრივ მასაც ვთხოვე საქართველოსა და ქართველების შესახებ აზრის გამოთქმა.

- პირველი, რაც ძალიან გამიხარდა, ისაა, რომ მეგობრულ ატმოსფეროში მოვხვდი. საქართველო თბილი ქვეყანა ყოფილა, ყველა მიღიმის და მეგობრულად მექცევა. ეს დადებით ემოციებს იწვევს.

- ჩვენი ქვეყნის შესახებ აქ ჩამოსვლამდე რა იცოდი?
- თითქმის არაფერი. ჩამოსვლის შემდეგ კი ბევრი რამ გავიგე. ხალხის ხასიათიც შევიცანი და კერძებიც გავსინჯე. ძალიან გემრიელი სამზარეული გქონიათ, სამი კერძის სახელი იოლად დავიმახსოვრე - ხინკალი, ქაბაბი და ხაჭაპური.

- შსს-ში როგორ მოხვდი?
- ჩემს ამერიკელ მენეჯერს ქართველმა კოლეგამ უთხრა, რომ ძლიერ გუნდს უკანახაზელი სჭირდებოდა. ამიხსნეს, რომ კარგ ატმოსფეროში მომიწევდა თამაში და ლამაზ ქვეყანაში ვიცხოვრებდი. მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

- ახალ გუნდზე რას იტყვი?
- მართლაც ძლიერ კლუბში მოვხვდი. კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და, ვფიქრობ, გავამართლებ ჩემი ჩამოსვლის მიზანს - ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ.

- წარმოშობით მილუოკიდან ხარ და ამ ქალაქშიც გითამაშია. ხუთი წლის წინათ "მილუოკი ბაქსში" ზაზა ფაჩულია თამაშობდა. ალბათ, მისი თამაში ტრიბუნიდანაც გინახავს.
- რა თქმა უნდა. ზაზას გარჯა კარგად მახსოვს. მაღალი დონის ცენტრია. სწორედ NBA-ს სტილის კალათბურთელია. გაძურიჩი და ფაჩულია "მილუოკიში" საინტერესო წინა ხაზს ქმნიდნენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული