რატომ წავიდა კახა შენგელია "სამედიცინოდან"?

AutoSharing Option
"სამედიცინოში" სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. მთავარ მწვრთნელად კახა შენგელიას ნაცვლად თენგიზ ფიცხელაური იმუშავებს.

ასევე, თანამდებობიდან გადადგა გუნდის პრეზიდენტი გია აბესაძე. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, საიტ "მსოფლიო სპორტზე" გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ კახა შენგელიას და მის ასისტენტ გოდერძი კორძაძეს შრომითი ხელშეკრულება 2012-13 წლების სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო შეუწყდათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კახა შენგელიას რეაქცია ასეთია:

- სეზონის დასაწყისში, როცა გაირკვა, რომ ნაკლები ბიუჯეტი გვექნებოდა, ვისაუბრეთ და ვთქვით - შედეგზე ვერ ვიქნებოდით ორიენტირებულები.

ჩვენი მიზანი ახალგაზრდული გუნდის შეკრება და კალათბურთელთა პროგრესი იქნებოდა. მართლაც, პრესკონფერენციებზეც
არაერთმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საგრძნობლად მოუმატა ფერიაშვილმა, კარგად ათამაშდა რევაზაშვილი...

ხელმძღვანელებს თავიდანვე ვუთხარი - ჩემს კომპეტენციას სასწორზე ვდებ-მეთქი, რადგან მეტად ახალგაზრდული შემადგენლობით ამ ჩემპიონატში წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იყო.

თუმცა ამასწინანდელ შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, რომელსაც მანამდე არც შევხვედრივარ, შედეგზე ჩამოაგდო სიტყვა, შედეგი მოითხოვა.

- იქნებ შედეგში სტუდენტურ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებებს გულისხმობდნენ?
- უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე სტუდენტურ გუნდებთან შედარებით მწირი ბიუჯეტი გვაქვს. ბოლო შეხვედრისას ისიც მითხრეს, გუნდი დემორალიზებული რატომააო. ვუპასუხე: ბიჭებს ხელფასი ერთი კვირა რომ ჰყოფნით და მომდევნო სამი კვირა უფულოდ არიან, რა შედეგი უნდა მოვთხოვოთ-მეთქი.

ფულზე ლაპარაკი არ მიყვარს, არც იმას ვიტყვი, ვის რამდენი ხელფასი ჰქონდა და მით უმეტეს, არც სასამართლოში ვაპირებ ფულის გამო წასვლას.

უბრალოდ, არავის მივცემ ჩემს კომპეტენციაში ეჭვის შეტანისა და იმის თქმის უფლებას, რომ გუნდიდან გამიშვეს. ტელევიზიებსაც სურდათ ჩაწერა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან არ მინდოდა, საჯაროდ გუნდზე მელაპარაკა, თუმცა რადგან ასე სურდათ...

- ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს მიერ უნივერსიტეტების საკალათბურთო გუნდების დაფინანსების შეწყვეტას დაემთხვა...
- რადგან გუნდის შენახვა თავად სასწავლებელს მოუწია, იფიქრეს, რატომ ვუხადოთ ფული მწვრთნელებსო...

იყო მსჯელობა, რომ კალათბურთელებს ხელფასები 30-40 პროცენტით შემცირებოდათ, სანაცვლოდ კი მწვრთნელები დავრჩენილიყავით. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მოთამაშეებს ისედაც მცირე ხელფასები აქვთ და კიდევ დაკლება ნამდვილად არ იქნებოდა მართებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული