სუპერლიგა 2012-13. XV ტური: აი, კალათბურთი!

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის ფოტოგრაფი ამბობდა: კალათბურთზე რომ მგზავნიან, ძალიან მიხარია, რადგან დინამიკური სპორტია, ფოტოებიც ერთმანეთზე უკეთესი გამოდის, სანახაობრივი მხარეც უმაღლეს დონეზეა და მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებაო.

არის მოსაწყენი მატჩებიც, მაგრამ 22 თებერვალს სწორედ ისეთი შეხვედრა ვიხილეთ, როგორიც პირველ აბზაცში იყო დახასიათებული.

ბათუმში დაძაბული ბრძოლა გაიმართა საპლეიოფო ზონაში მოხვედრისთვის, რუსთავში კი ერთმანეთს პირველობის ფავორიტები "დაეჭიდნენ" და რაც კალათბურთს ყველაზე მეტად ალამაზებს - ოვერტაიმი ვიხილეთ.

შესავალში იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველივე პერიოდში "შსს აკადემია" 21 ქულის სხვაობით დაწინაურდა.

თამაშის დამთავრების შემდეგ ერთ
-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა - ვგონებ, ეს მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე საინტერესო თამაში იყოო.

ძნელია ამის მტკიცება, რადგან იყო არაერთი სანახაობრივი შეხვედრა, თუმცა ორის თქმა თამამად შეიძლება: პირველი პერიოდი "შსს აკადემიასთვის" ამ სეზონში საუკეთესო იყო, ხოლო მესამე პერიოდი - "რუსთავისთვის".

მატჩი აკადემიელებმა ენერგიულად დაიწყეს, დაცვაში შეცდომა არ მოსვლიათ, შეტევაში კი პოზიციურ იერიშს სწრაფ გარღვევას უნაცვლებდნენ, რუსთაველები გადაწყობას ვერ ახერხებდნენ და ასე დაწინაურდნენ სტუმრები - 25:4. ფარქვეშ ჩვეული ეფექტურობით ირჯებოდა კირკ არჩიბეკი, რომელმაც საბოლოოდ 23-23 ქულა-მოხსნა მოაგროვა (23 მოხსნა ამ ჩემპიონატის რეკორდია).

უკანა ხაზში დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა დეონტა ვონი. მას სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა - 28 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი.

ღირებული დახმარება გაუწია გუნდს ახალწვეულმა ბენჟამინ რეიმონდმა, რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში.

ვფიქრობთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებთან ერთად ქართველი კალათბურთელებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ: ახალგაზრდა რევაზ როგავა ბურთს გადამწყვეტ მომენტშიც დამაჯერებლად ათამაშებდა, მერაბ ბოქოლიშვილმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა (21 ქულა), ხოლო ილია ლონდარიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 10 მოხსნა.

მეორე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მესამეში კი რუსთაველთა ჯერი დადგა. სხვათა შორის, პირველი ტაიმის შემდეგ დარბაზში მყოფი არაერთი ქომაგი იყო სკეპტიკურად განწყობილი.

საერთოდაც, რთული წარმოსადგენი იყო ქვემოქართლელებს პირველი ტაიმის დანაკარგი აენაზღაურებინათ, მაგრამ მათ ეს შეძლეს.

მესამე პერიოდში რუსთაველთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა შეგირდებს ზონური დაცვა დაავალა, რამაც იმაზე უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე პირველ პერიოდში "შსს აკადემიას" მონდომებამ.

თავად განსაჯეთ: საწყის 10 წუთში სტუმრებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს, ხოლო მეორის ბოლოსა და მესამის დასაწყისში მასპინძლები 21:0 გაიქცნენ და 45:43 დაწინაურდნენ. "რუსთავის" კალათბურთელები მესამე ათწუთეულში ჩაჭრას ჩაჭრაზე ახორციელებდნენ.

სწორედ ამ მომენტზე თქვა ნამატჩევს შსს-ის თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა (რომელმაც თამაშის შემდეგ საბერძნეთის დროშა მოიხვია):

- რთული შეხვედრა იყო. მესამე პერიოდში ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ბურთის ჩაჭრისა და კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მივეცით. როცა 20 ქულის სხვაობით იგებ, ასეთი უპირატესობა ხელიდან არ უნდა გაუშვა.

როგორც გითხარით, "რუსთავი" სტუმრებს დაეწია და ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.

დაძაბულობას რამდენჯერმე კალათბურთელებმა ვერ გაუძლეს, იყო შელაპარაკებებიცა და ტექნიკური შენიშვნებიც. საბედნიეროდ, ყველა კონფლიქტი ძირშივე აღმოიფხვრა და თამაშიც მშვიდად დასრულდა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე რუსთაველები ორი ქულის სხვაობით იგებდნენ (76:74). ამ დროს საჯარიმოს ხაზზე შსს-ელი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა.

ერთი ტყორცნის აცილებაც კი, სავარაუდოდ, სტუმრებს წაგებად დაუჯდებოდათ, მაგრამ მერაბმა ნერვების სიმტკიცე გამოავლინა, ორივე საჯარიმო გამოიყენა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

მანვე დამატებითი დროის დასაწყისში თანაგუნდელ ვონს მხარი აუბა, სამქულიანი ჩააგდო და "შსს აკადემია" 86:80 დაწინაურდა.

ამის შემდეგ რუსთაველებმა დაწევა ვეღარ მოახერხეს, მაგრამ ღირსეულად კი იბრძოლეს, ბოლო წამებზე არც სამქულიანების ტყორცნისას აჰკანკალებიათ ხელი და ეფექტური ჩატენვებიც ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 96:92.

შსს-ელთა მონაგარზე ზემოთ დავწერეთ. რუსთაველთაგან "დაბლ-დაბლი" გაიფორმა კაილ ნელსონმა (14 ქულა, 10 მოხსნა).

შსს-ელი ვონის მსგავსად სამმაგ დუბლს მიუახლოვდა ნეით ბოუი (16 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი), ხოლო მატჩის ბომბარდირი ლევან ცეკვავა გახდა - 30 ქულა.

...მაგრამ იცით, ვინ იყო მთავარი შემოქმედი 21-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისას? - რუსთაველი ქომაგი, რომელმაც "აკადემიელთა" ბერძენ მწვრთნელს ათქმევინა - რუსთავში თამაში ძალიან მიყვარს. აქ ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა და მატჩები ემოციური სანახავი გამოდისო.

ადგილობრივი გუნდის თავკაცმა, მიხეილ ბერუაშვილმა თამაშის დასრულების შემდეგ თქვა:

- ვიბრძოლეთ და ღირსეულად დავმარცხდით. კალათბურთელებმა მოინდომეს და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთებზე, საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალა აღარ ეყოთ.

ბოლოს ერთს დავწერ: შესაძლოა, ეს მიმოხილვა ვინმეს ემოციებით ზედმეტად დატვირთული მოეჩვენოს და იკითხოს, ნუთუ საქართველოს ჩემპიონატის მატჩი ასეთ მაღალ შეფასებებს იმსახურებსო? მაგრამ კიდევ უფრო თამამად დავწერ - ვინც შეხვედრას დაესწრო, ამას ნამდვილად არ იტყვის.

რევანში შედგა: "სოხუმმა" მეოთხე ტურში შინ "ბათუმთან" დამარცხების გამო შური იძია. პირველ წრეში ვაჟა კვარაცხელიას გუნდი აჭარლებთან 67:75 დამარცხდა, ხოლო გუშინ 81:77 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ამ მოგებით "სოხუმმა" სატურნირო ცხრილში სწორედ "ბათუმს" გადაასწრო და მერვე ადგილზე დამკვიდრდა (ბათუმელები მეცხრეები არიან). პლეი ოფში სწორედ საუკეთესო რვაეული გადის.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
- დაძაბული შეხვედრა გამოდგა. "ბათუმმა" დიდი მონდომებით იასპარეზა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, ჩვენ კი თამაში არ წაგვივიდა.

საბოლოოდ შემადგენლობისა და კლასის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მსურს აღვნიშნო, რომ აღფრთოვანებული ვარ ბათუმელთა გულშემატკივრობით, რომლებმაც დარბაზში ჩინებული ატმოსფერო შექმნეს.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, რომელიც "არმიასთან" გველის, მაქსიმალურად დავიხარჯებით და ისე ვიბრძოლებთ, როგორც დღეს ბათუმელებმა.

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):
- თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, რა რესურსიც გვქონდა მაქსიმალურად გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა.

რომ არა სერბი გამთამაშებელი, სტიაკოვიჩი და ათუაშვილი, ვფიქრობ, "სოხუმს" აუცილებლად დავამარცხებდით. დასანანია, რომ "ბათუმმა" ასეთი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

რაც შეეხება ტრავმებს, გიორგი ნანიტაშვილის ფეხის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და 25 დღე ვერ დაგვეხმარება.


22 თებერვალი. რუსთავი
რუსთავი-შსს აკადემია დ.დ. 92:96
რუსთავი 8 19 30 19 16
შსს აკადემია 27 16 15 18 20

22 თებერვალი. ბათუმი
ბათუმი-სოხუმი 77:81
ბათუმი-რსუ 19 20 17 21
სოხუმი 23 16 18 24

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. შსს აკადემია 14 12 2 1176/940 26
2. რუსთავი 14 11 3 1214/1011 25
3. არმია 12 10 2 1074/788 22
4. ოლიმპი 12 10 2 1052/861 22
5. ქუთაისი 13 8 5 1041/918 21
6. დინამო 13 8 5 997/950 21
7. თსუ 13 5 8 917/1027 18
8. სოხუმი 13 4 9 985/1076 17
9. ბათუმი-რსუ 14 3 11 951/1157 17
10. სამედიცინო 13 1 12 813/1189 14
11. სტუ 13 0 13 825/1128 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული