სუპერლიგა. XV ტური: სპორტის სასახლეში "იწვიმა"...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში წრე ზოგჯერ ისე ჩაივლის, ერთი ოვერტაიმიც არ ფიქსირდება. მე-15 ტურში ლიდერთა შორის ორი მატჩი შედგა და ორივე შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნა.

ჯერ "რუსთავი"-"შსს აკადემიას" შეხვედრის გამარჯვებულის გამოვლენას დასჭირდა 45 წუთი, შემდეგ "დინამო"-"ქუთაისს" შორის.

ტურის საუკეთესო კალათბურთელიც სწორედ ამ შეხვედრებში უნდა გვეძებნა.

თბილისში ქუთათურთა ძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს ბექა ჩიკვილაძემ, ფლინ კლიმენმა და ლამარ კარიმმა, ხოლო რუსთავში გამარჯვებულ "აკადემიაში" ასევე ერთი ქართველი და ორი ამერიკელი გამოირჩა: მერაბ ბოქოლიშვილი, დეონტა ვონი და კირკ არჩიბეკი.

ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, რომელსაც მე-15
ტურში 30-ზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 35 (23 ქულა, 23 მოხსნა). ჟურნალისტთა "კოლეგიამ" ტურის საუკეთესოდ სწორედ კირკი დაასახელა.

რუსთავურ თამაშზე შაბათის ნომერში მოგითხრეთ, ახლა კი თბილისურ შეხვედრებს მივხედოთ.

სამქულიანების წვიმა, რომელმაც ქუთაისიც გააკვირვა
შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის მწვრთნელს ვესაუბრე. ქუთათურთა დამრიგებელი დავით უსტიაშვილიც და "დინამოს" თავკაცი ირაკლი ხოშტარიაც სერიოზულად ემზადებოდნენ, ისევე, როგორც დინამოელი გულშემატკივრები.

მწვრთნელებთან საკუთარი მოსაზრებაც დავაფიქსირე: ბოლო წამებამდე თანაბარი ორთაბრძოლა იქნება-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი...

ძირითადი დროის ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, ქუთაისელმა თემურ ბაბუნაშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი კლასი და სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 74:74.

თბილისელთა უშედეგო შეტევით ისარგებლა გიგი ბარბაქაძემ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დინამოელთა ფარქვეშ შეიჭრა და - 76:74 იმერელთა სასარგებლოდ.

მასპინძლებს იერიშისა და თამაშის გადარჩენისთვის 25 წამი რჩებოდათ. წუთშესვენების შემდეგ ბურთი გვერდიდან შემოიტანეს დინამოელებმა და ახალგაზრდა სოსო ლეჟავამ ფარის მარჯვნიდან ბურთი კალათში მოათავსა - 76:76.

76:76 - ეს ის ანგარიშია, როგორითაც წინა დღეს გამართული "რუსთავი"-"შსს აკადემიას" ძირითადი დრო დასრულდა.

საკალათბურთო განგებამ რუსთავური თამაშის კოპირება ინება - "დინამო"-"ქუთაისის" მატჩის 40 წუთიც 76:76 დასრულდა და დაინიშნა ოვერტაიმი.

ანგარიში დამატებით დროშიც აიწონა-დაიწონას პრინციპით მერყეობდა და როცა ოვერტაიმის დასრულების მაუწყებელმა სირენამ "იყვირა", მინიმალური სხვაობით წინ "დინამო" იყო - 86:85.

თუმცა ამით თამაში არ დასრულებულა, უკანასკნელ წამზე ქუთათურები ამერიკელი ლამარ კარიმზე დაჯარიმდნენ. იგი მოედანზე მარტო დარჩა და საჯარიმოს ხაზიდან საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 87:85.

გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ: ისევე, როგორც რუსთავში, თბილისშიც პირველ ტაიმში ისეთი სხვაობა დაფიქსირდა, კაცი იფიქრებდა - "დინამომ" მოიგო და ეგააო.

თავად განსაჯეთ: მეორე პერიოდში თბილისელები 19 ქულის სხვაობით იგებდნენ (47:28). ეს უმთავრესად პერიმეტრიდან შესაშური თამაშის შედეგი იყო (ამის შესახებ უფრო კონკრეტულად დავით უსტიაშვილის კომენტარში წაიკითხავთ).

მეორე ნახევარში ჩვეულად ამოქმედდა სტუმართა მეფარე რიჩარდ მათიაშვილი, რომელიც საბოლოოდ შეხვედრის ბომბარდირი გახდა (29 ქულა, 18 მოხსნა). ხოლო ბოლო წამებზე რაც მოხდა, უკვე მოგახსენეთ.

...და კიდევ ერთი ლუკმა:
- საოცარი სანახავი იყო "დინამოს" ფანობა. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ ჩვენს გულშემატკივარს მიუძღვის, - განაცხადა ლამარ კარიმმა.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- სანახაობრივი თამაში გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედებით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშის მეორე ნახევარში ერთგვარი ჩავარდნა გვქონდა.

ამის შესახებ მოთამაშეებთან კატეგორიული საუბარი მექნება. რაც არ უნდა დიდი სხვაობით იგებდე, როცა იცი, რომ მეტოქე "ქუთაისის" დონის გუნდია, ყოველთვის არის სხვაობის აღმოფხვრის შანსი. ამისთვის კალათბურთელი მზად უნდა იყოს.

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- ჩვენს გუნდს თავიდან არ ჰქონდა ის ცეცხლი და შემართება, რომელიც მოგებისთვის აუცილებელია. ამას დაერთო დინამოელების დაუჯერებელი თამაში პერიმეტრზე.

მათ პირველ ტაიმში 15-დან 11 სამქულიანი გამოიყენეს! მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ ნაწილობრივ, არ გაგვიმართლა...

რეკორდები
თსუ-"ოლიმპისა" და სტუ-"არმიას" დაპირისპირებებში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა. ვიდრე ციფრებს გადავხედავდეთ, მოგახსენებთ: ორივე შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ლოგიკური იყო ისიც, რომ თსუ-მ "ოლიმპთან" ღირსეულად იბრძოლა, სამი პერიოდის განმავლობაში ოლიმპელები 10-ზე მეტი ქულის სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ (ლიდერის, სტეფან მილოშევიჩის გარეშე თამაშობდნენ), თუმცა მეოთხე რაუნდში "ოლიმპმა" მაინც იძალა და საბოლოოდ 19-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.

ამ შეხვედრაში 12 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა თსუ-ელმა გივი ბაქრაძემ. ეს მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა. მანამდე 12-12 პასი ვონს (შსს), აბაიშვილს (რუსთავი), გაფრინდაშვილს (სამედიცინო) და ფაშაევს (ქუთაისი) ჰქონდათ მოგროვილი.

ასევე 12 პასი მიითვალა შაბათის ბოლო მატჩში "არმიელმა" ლაშა გამყრელიძემ. მისმა გუნდმა კი სტუ-ს 131 ქულა ჩაუგდო და 5-ით გააუმჯობესა სუპერლიგის წლევანდელი გათამაშების რეკორდი (რუსთაველებს ეკუთვნოდათ).

23 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-ქუთაისი 87:85 დ.დ.
დინამო 24 23 12 17 11
ქუთაისი 15 18 19 24 9

23 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე
თსუ-ოლიმპი 72:91
თსუ 20 21 13 18
ოლიმპი 27 23 22 19

23 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე
სტუ-არმია 73:131
სტუ 16 20 15 22
არმია 31 39 27 34

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. შსს აკადემია 14 12 2 1176/940 26
2. რუსთავი 14 11 3 1214/1011 25
3. არმია 13 11 2 1205/861 24
4. ოლიმპი 13 11 2 1143/933 24
5. დინამო 14 9 5 1084/1035 23
6. ქუთაისი 14 8 6 1126/1005 22
7. თსუ 14 5 9 989/1118 19
8. სოხუმი 13 4 9 985/1076 17
9. ბათუმი-რსუ 14 3 11 951/1157 17
10. სამედიცინო 13 1 12 813/1189 14
11. სტუ 14 0 14 898/1259 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლონდარიძემ ორმაგი დუბლი რომ შეასრულა იმაზე რატომ არაფერს წერთ,მარტო ბოქოლისშვილი გამოირჩა შსს-დან?
mevludi
01:47 27-02-2013
0
ლონდარიძეზე რატომ არ დაწერეთ ორმაგი დუბლი რომ შეასრულა? რაშია საქმე?...
mevludi
01:56 27-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული