სუპერლიგა. XVI ტური: სტუ "არმიასთან" ვერაფერს გახდა

AutoSharing Option
"შსს-აკადემიისა" და ტექნიკური უნივერსიტეტის მატჩის პირველი ტაიმი ისეთი გამოდგა, ვერ იფიქრებდით, რომ ერთმანეთს ლიდერი და აუტსაიდერი ხვდებოდნენ.

სტუ-ს მიმდინარე სეზონში მოგება ჯერ არ აქვს, აკადემიელები კი ცხრილის სათავეში არიან. პირველი ნახევარი ფრედ - 33:33 დასრულდა და მესამე პერიოდის დასაწყისშიც თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა შემდეგ ფავორიტმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებამდეც მივიდა - 78:59.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მეტწილად იმით იყო განპირობებული, რომ აკადემიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგოს კეცელიდისმა 2 ამერიკელი ლიდერი - კირკ არჩიბეკი და დეონტა ვონი დაასვენა. მომავალ ტურში "შსს-აკადემია"
"არმიას" ხვდება და ლეგიონერთა დასვენებაც სავარაუდოდ ამით იყო განპირობებული.

სტუ-ს შედეგიანი თამაშისა და ანგარიშის შემხედვარე აკადემიელთა მწვრთნელმა მეორე ტაიმში მოედანზე ამერიკელი გამთამაშებელი შეუშვა.

ვონმა შსს-ელთა შეტევებს სისწრაფე და შედეგიანობა შემატა, რაც მესამე მეოთხედის მიწურულს შედეგზეც აისახა.

მანამდე თანაბრად ზრდადმა ანგარიშმა შსს-თვის სასარგებლო სახე მიიღო და მესამე მეოთხედის 26:14 მოგების შემდეგ კეცელიდისის გუნდი 12 ქულით დაწინაურდა - 59:47.

ბოლო ათწუთეულში "შსს-აკადემიამ" თამაში გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა. 25 ქულითა და 11 მოხსნით აკადემიელთაგან საუკეთესო ბენჟამინ რეიმონდი გახდა, მერაბ ბოქოლიშვილმა 16 ქულა მიითვალა, ხოლო ილია ლონდარიძემ - 15. სტუ-ში 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ზურა მაჩალაძემ დაძლია, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. მაჩალაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

შსს აკადემია - სტუ 78:59

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეორგოს კესელიდისი (შსს აკადემია): "პირველი მეოთხედი კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, დაცვაში სერიოზულმა ხარვეზებმა და მოთამაშეების მხრიდან საკუთარ სტატისტიკაზე ფიქრმა გამოიწვია ის, რომ თამაშს სათანადო კონტროლი ვერ გავუწიეთ, ეს ანგარიშზეც აისახა.

სტუ კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს და ჩვენი შეცდომები ზუსტად გამოიყენეს. მეორე მეოთხედის დამთავრებისას სწრაფ გარღვევებში მოპოვებული 16 ქულა მივიღეთ და ეს დიდი პრობლემაა.

სათადარიგო მოთამაშეებთან, მათ შორის, ზვიად ანთაძესთან, სერიოზული საუბარი მექნება. მეორე ტაიმში სათანადო ცვლილებები განვახორციელეთ,მოთამაშეებს უფრო კონცენტრირებული თამაში მოვთხოვე და საბოლოოდ მოვიპოვეთ გამარჯვება ამხელა სხვაობით.

მომავალი ტური საკმაოდ დაძაბული გვექნება, რადგან თამაში არმიის წინააღმდეგ გვაქვს, ის ერთ-ერთი ფავორიტია და საუკეთესო ქართველი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული".


ზურაბ ტომარაძე (სტუ): "შსს აკადემია ნამდვილად გამორჩეული გუნდია და ჩემი აზრით, ყველაზე დალაგებულ კალათბურთს თამაშობს.

გეორგიოს კესელიდისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია. გუნდს ეტყობა, რომ დიდი მიზნებისთვის იბრძვის, დღეს ექსპერიმენტული შემადენლობით ითამაშეს, ემზადებიან პლეიოფებისთვის.

რაც შეგვეხება ჩვენ, ბიჭებმა იბრძოლეს და პროგრესი შესამჩნევია. ვცდილობთ თამაში გამოვასწოროთ, თუმცა ეს პერიოდი გაგვეწელა. მაინც ვფიქრობ, რომ შევძლებთ მაყურებელს რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ვაჩვენოთ".


ბექა ბექაური (შსს აკადემია): "მადლობა მოწინააღმდეგეს, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა და კარგად ითამაშა. თავიდან კარგად დავიწყეთ, შემდეგ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბევრი შეცდომა დავუშვით,თუმცა მომავალში ამას გამოვასწორებთ".

ვატო თევზაძე (სტუ): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს. ჩვენი მხრიდან პლეი ოფზე ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა შევეცდებით ნავსი გავტეხოთ და დასამახსოვრებელი თამაშები ჩავატაროთ".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული