სუპერლიგა. XVII ტური: ბევრი იტრიალა თუ ცოტა, ბურთმა ბადეში ჩაშვება არ ისურვა და...

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე სეზონია, ქუთაისში ჩასული რუსთაველები შინ ორი ქულით ხელდამშვენებულნი ბრუნდებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვემოქართლელები იმერლებს ბევრად აღემატებიან, პირიქით თანაბარი ძალის გუნდები ჰყავთ და ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ერთი ტყორცნა წყვეტს.

ასე იყო 15 მარტსაც: "რუსთავის" ამერიკელმა ფორვარდმა კაელ ნელსონმა მარცხენა ფლანგიდან, საშუალო დისტანციიდან "ქუთაისის" კალათს შეუტია, თუმცა ბურთი რგოლზე დატრიალდა და წამიერად ყველას რომ ეგონა, "რუსთავმა" მოიგოო, ბურთი უკან ამოვარდა... საფინალო სირენაც გაისმა და ქუთათურებმა გაიხარეს, მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს - 85:84.

ზედა აბზაცში ბოლო წამზე მომხდარ ამბავზე მოგითხრეთ.
აქ ბოლო წუთის მოვლენებს მოგახსენებთ. სირენამდე 51 წამი რჩებოდა, როცა ქუთათური დავით ბარბაქაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა, ერთი ტყორცნა გამოიყენა და სტუმრები 3 ქულით დააწინაურა (83:80).

ზუსტად 9 წამში რუსთაველმა ნეით ბოუიმ შორეული ორქულიანით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მანვე, მატჩის დასრულებას 9 წამი რომ უკლდა, რუსთაველები წინ გაიყვანა - 84:83.

თუმცა ქუთაისის ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს ოქროს ორქულიანის ჩასაგდებად 4 წამიც ეყო, 85:84 და დარჩენილ დროში ნელსონის ტყორცნას რა შედეგიც მოჰყვა, უკვე მოგახსენეთ.

მატჩის შემდეგ მწვრთნელებმაც თქვეს, რომ ბოლო წამებამდე დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ. სხვათა შორის, პირველ წუთებზე "ქუთაისი" რომ დაწინაურდა და შემდეგ "რუსთავმა" 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაშინაც ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი მაინცდამაინც ბოლო წამებზე უნდა გამოვლენილიყო.

რატომ? იმიტომ, რომ ერთი გუნდის ჩავარდნას მეორის დაღმასვლა ერთვოდა. პრესინგს ზონური დაცვა ცვლიდა და საბოლოოდ რუსთავური ბარაბნების თანხლებით საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ.

სხვაობა იყო პირველ და მეორე ტაიმებს შორის. თუ თავიდან გუნდები აკადემიურ კალათბურთს თამაშობდნენ და შეტევიდან დაცვაზე გადაწყობას ახერხებდნენ, მეორე ნახევარში ტემპმა იმატა, ჩაჭრას ჩაჭრა მოსდევდა, დაცვაში დაბრუნებას სათანადოდ ვეღარ ასწრებდნენ და გაცილებით უხვქულიანი მეორე ნახევარი ვიხილეთ.

თავად განსაჯეთ, თუ საწყის 20 წუთში სწრაფი შეტევებით ორივე გუნდს 14 ქულა ჰქონდა მოგროვილი, მეორე ტაიმში ასეთი ტიპის იერიშებით "ქუთაისმა" 14 ქულა ჩააგდო, "რუსთავმა" - 9.

სწრაფ თამაშში დიდი როლი ითამაშეს პლეიმეიქერებმა რუსთაველთაგან ნეით ბოუიმ (26 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი), ქუთაისელთაგან ზაურ ფაშაევმა (15 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა).

გადამწყვეტი მაინც დავით ბარბაქაძის ზუსტი ტყორცნები იყო, რომელმაც პირველ ტაიმში ჩაგდებულ 5 ქულას მეორეში 23 მიამატა და საბოლოოდ 28 მოუგროვდა.

ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- ველოდი, რომ დაძაბული მატჩი იქნებოდა და ასეც მოხდა. ორივე გუნდს დანაკლისი ჰქონდა - რუსთაველებს ლევან ცეკვავა და მიხეილ ჭოჭუა აკლდათ, ჩვენ კი პლეიმეიქერის, ბუბა კვიმსაძის გარეშე ვთამაშობდით. წლევანდელ სეზონში იყო შემთხვევები, როცა ბოლო წამებზე გადაწყდა მატჩის ბედი და ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. რუსთავში კი საბედნიეროდ საპირისპირო სიტუაციაში აღმოვჩნდით და ბოლო წუთებზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
- რა უნდა ვთქვა, ფაქტია, რომ წავაგეთ. საქმე ბოლო წუთებამდე არ უნდა მიგვეყვანა, მესამე და მეოთხე ათწუთეულებში ცუდად ვითამაშეთ და შეხვედრაც ამის გამო დავთმეთ. ვულოცავ ქუთაისელებს ამ გამარჯვებას, ჩვენ კი ვეცდებით, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და მომავალ, მნიშვნელოვან მატჩებს კარგად მომზადებულები შევხვდეთ.

15 მარტი, რუსთავი
რუსთავი-ქუთაისი 84:85
რუსთავი 15 24 23 22
ქუთაისი 18 12 30 25

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ოლიმპი 16 14 2 1423/1154 30
2. შსს აკადემია 16 14 2 1331/1061 30
3. არმია 16 13 3 1467/1067 29
4. რუსთავი 17 12 5 1476/1260 29
5. ქუთაისი 17 10 7 1369/1240 27
6. დინამო 16 10 6 1256/1189 26
7. თსუ 17 6 11 1188/1379 23
8. სოხუმი 16 6 10 1244/1325 22
9. ბათუმი 17 4 13 1171/1398 21
10. სამედიცინო 16 1 15 1011/1470 17
11. სტუ 16 0 16 1023/1416 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული