სუპერლიგა. XIX ტური: დაძაბულობა, ემოცია, შეურაცხყოფა

AutoSharing Option
- თანაბარი, დაძაბული მატჩებისას, მაშინ, როცა წნეხი მატულობს, კარგად ვლინდება მოთამაშეთა დადებითი და უარყოფითი მხარეები, - ეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა "ლელოში" სტუმრობისას თქვა.

მართალია, ქართველი კალათბურთელები ევროლიგაზე არ თამაშობდნენ, მაგრამ 27 მარტს გამართული მე-19 ტურის ოთხი შეხვედრა ერთმანეთზე თანაბარი, დაძაბული გამოდგა, წნეხიც დიდი იყო, ემოციური საზომი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ერთმანეთს გადაეჯაჭვა არაერთი სასიამოვნო თუ უსიამოვნო ფაქტი. თავად განსაჯეთ...

პირველ მატჩში ახალგაზრდულმა გუნდებმა, "სამედიცინომ" და თსუ-მ ბოლო წუთების დაძაბულობას ვერ გაუძლეს და 18-დან მხოლოდ 4 საჯარიმო
ტყორცნა გამოიყენეს!

ამ წინადადებას ერთი ძახილის ნიშანი არ ჰყოფნის, მაგრამ გრამატიკული წესები ორისა და მეტის ერთად დაწერის უფლებას არ გვაძლევს. არა უშავს, სხვა ისეთი ამბებია, ძახილის ნიშანს თავს ვერ დააღწევს...

"შსს აკადემია"-"ოლიმპის" მატჩი ხომ დაძაბული იყო, კიდევ უფრო ემოციური გამოდგა ამ შეხვედრისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია!

გირჩევთ, მოთმინებით ჩაიკითხოთ რეპორტაჟი და პუბლიკაციის სათანადო ადგილას მატჩისშემდგომი ამბების დეტალურ აღწერას შეხვდებით.

ამის შემდეგ დაიწყო მოქმედი ჩემპიონი "არმიისა" და "რუსთავის" ჯახი, რომელშიც ძალოვნები 14 ქულის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ...

ასევე ახლოს იყო გამარჯვებასთან "დინამო", რომელიც მეოთხე პერიოდში "სოხუმს" 10 ქულის სხვაობით უგებდა, მაგრამ... სამი წერტილის ადგილას რა უნდა ეწეროს, შეხვედრის მიმოხილვაში წაიკითხავთ.

სამედიცინო-თსუ
ზურაბ მაისურაძე პერიმეტრიდან (4-დან 3 სამქულიანი), გიორგი ფერიაშვილი და ლევან რევაზაშვილი საშუალო და ახლო დისტანციიდან შედეგიანად უტევდნენ თსუ-ს კალათს და მთელი თამაშის განმავლობაში "სამედიცინო" მცირე უპირატესობას ფლობდა.

საპასუხო მხრიდან კი ფარქვეშ ირაკლი კობიძე ვარგოდა, პერიმეტრიდან - გივი ბაქრაძე, რომელმაც არაერთხელ წაიღო ბურთი საკუთარი საჯარიმოდან და მეტოქის კალათი ლამაზი სლალომის შემდეგ დალაშქრა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "სამედიცინო" 69:65 დაწინაურდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნერვების თამაში. კალათბურთელები ერთმანეთს წესების დარღვევით აჩერებდნენ და "სამედიცინოს" 14 საჯარიმოს ტყორცნა მოუწია, საიდანაც 4 ჩააგდო.

ასეთ დროს თსუ-ელებს დაწევისა და გადასწრების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს - ოთხივე საჯარიმო ააცილეს და მატჩი სამქულიანი სხვაობით, 70:73 წააგეს.

თენგიზ ფიცხელაური ("სამედიცინოს" მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ფარი წავაგეთ, მეორე ნახევარში დაცვაში თამაში გარკვეულწილად გამოვასწორეთ. უამრავი შეცდომა დავუშვით როგორც ჩვენ, ისე მეტოქემ.

თუმცა მოწინააღმდეგეს მეტი ხარვეზი აღმოაჩნდა და ამიტომ ჩვენ ვიმარჯვეთ. მივულოცავ ჩემს ბიჭებს ნანატრ გამარჯვებას".

გიორგი ჩხეიძე (თსუ-ს მწვრთნელი):
"მართალია, პირველ წრეში 30 ქულით ვიმარჯვეთ, მაგრამ დღეს "სამედიცინომ" უკეთესი თამაში აჩვენა. ბოდიშს მოვუხდი ბიჭებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რადგან ბოლოს შეცდომები დავუშვი.

გამარჯვების შანსი ნამდვილად გვქონდა, თუმცა 4-დან ვერც ერთი საჯარიმო გამოვიყენეთ. ასელაინი და ნოზაძე გვაკლდნენ. ალბათ, ამანაც განაპირობა დღევანდელი შედეგი".

სუპერლიგა 2012-13. XIX ტური. 27 მარტი. თბილისი, სპორტის სასახლე
სამედიცინო-თსუ 73:70
სამედიცინო 19 22 20 12
თსუ 22 19 14 15

ოლიმპი-შსს აკადემია
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს რეგულარული ეტაპის ორი ფავორიტი შეხვდა. დიდია ალბათობა, საბოლოოდ სწორედ შსს-სა და "ოლიმპის" ურთიერთდაპირისპირებაში გამოვლინდეს რეგულარულის გამარჯვებული.

ორივე გუნდი სათანადოდ მომზადებული შეხვდა თამაშს. როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე მაქსიმალურად შეეცადა, დაეჩრდილა მეტოქის პლუსები. ამიტომ უფრო დაცვითი შეხვედრა გამოვიდა.

"ოლიმპელი" და "ძალოვანი" კალათბურთელები ერთმანეთს პერიმეტრიდან ტყორცნას არ ანებებდნენ და ჯამში ამიტომაც დაფიქსირდა მხოლოდ 7 რეალიზებული სამქულიანი.

სწრაფი გარღვევების ხილვაც ძალიან იშვიათად გვიწევდა. სამწამიან ზონაში კირკ არჩიბეკი და სტევან მილოშევიჩი ჭიდაობდნენ, რომლებმაც თავ-თავიანთი საქმე მაინც გააკეთეს, ორმაგი დუბლები შეასრულეს.

ცალკე აღსანიშნავია შსს-ს ახალწვეულის, ბენჟამინ რეიმონდის გარჯა, რომელიც თბილისში იანვარში ჩამოვიდა და ბევრი კითხვა დაბადა, თუმცა ფორმაში შესული დაცვაშიც სასარგებლოა და 27 მარტს ბომბარდირობაც არავის დაანება, 24 ქულას მოუყარა თავი.

იგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა კიდევ ორ მოთამაშესთან ერთად...

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "შსს აკადემია" მხოლოდ 2 ქულით იგებდა. მას მერე გიორგიოს კეცელიდისის შეგირდებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

სხვათა შორის, ბოლო ორწუთნახევარში ამერიკელებმა ექვსი საჯარიმო სტყორცნეს და ექვსივე გამოიყენეს. აი, რას ნიშნავს წნეხის ქვეშ თამაშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.

ახლა დაპირებულ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. "შსს აკადემიას" მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა ბოდიშის მოხდით გვითხრა, რომ შეხვედრის პერიპეტიებზე არ ილაპარაკებდა:

"ორი წელია, საქართველოში ვარ, თავს ქართველად ვგრძნობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით, მწვრთნელებთან, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და დღეს ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი, როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ "ოლიმპის" მენეჯერი გივი სანაძე ჩემთან მოვიდა და უცენზურო სიტყვებით მომმართა".

"ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა მწვრთნელების და მეტოქე მოთამაშეების მიმართ მისი პატივისცემა და შეახსენა: პირველ წრეში ურთიერთშეხვედრისას, ბოლო წუთებზე ფლანგიდან ტყორცნისას ოლიმპელ კალათბურთელს ყურში ჩაჰყვირეო.

კეცელიდისმა უპასუხა, რომ მხოლოდ ფეხები დააბაკუნა და საკუთარ შეგირდებს უძახდა... შუალედში "შსს აკადემიას" სპორტული დირექტორი ლევან მიქაბერიძე და გია კაზანჯიანი შეკამათდნენ, თუმცა ყველაფერი ხელის ჩამორთმევით დასრულდა.

"ოლიმპის" თავკაცმა აღნიშნა, რომ გუნდის მენეჯერის მოქმედებას არ ამართლებს და მატჩის შესახებ ეს თქვა:

"დაცვაში ორივე გუნდი მომზადებული იყო. სამწუხაროდ, უამრავი შეტევა ვერ გამოვიყენეთ, თავდასხმაში ცუდად გამოვიყურებოდით.

შეთამაშება აშკარად გვაკლია, რადგან ბოლო დღეებია, ვარჯიშებისას ხუთი-ხუთზე არ გვითამაშია. ჩვენი წამყვანი მოთამაშე მილოშევიჩიც ახალი გამოჯანმრთელებულია".

ოლიმპი-შსს აკადემია 63:70
ოლიმპი 14 14 19 16
შსს აკადემია 15 16 18 21

არმია-რუსთავი

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მაღალ ტემპში წარიმართა "არმიასა" და "რუსთავის" დაპირისპირება.

მოქმედ ჩემპიონებს ტრავმირებული ჰყავთ მძიმე ცენტრი დავით უგრეხელიძე. ამიტომ სწრაფი გამთამაშებლების მყოლ გუნდს ასეთი თამაში ხელს აძლევდა.

თავის მხრივ, მაღალ ტემპში თამაშისას თავს, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს რუსთაველი პლეიმეიქერი ნეით ბოუი, რომელიც კარგად ურთიერთქმედებს მეორე ლეგიონერ კაელ ნელსონთან.

იგი ტანმაღალიცაა და ბურთთან ერთად თავისუფლად გადაადგილდება. მის გარდა, რუსთაველთა მწვრთნელმა გადამწყვეტ პერიოდში მოედანზე ჟულივეტ ტუჯანი და ახალწვეული იოვან სტეფანოვი დააყენა, მეტოქეს მოძრაობაშიც აჰყვა და როგორც ნამატჩევს "არმიას" თავკაცმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა, გარკვეულწილად ეს გახდა მეოთხე პერიოდში "რუსთავის" მიერ 29:8 გაქცევის მიზეზი.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
"რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ეს გამარჯვება ჩვენთვის აუცილებელი იყო. პირველ პერიოდში გვქონდა ხარვეზები, თუმცა ბოლო მეოთხედში ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა".

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
"რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს, არ დანებდნენ, ბოლო პერიოდში დიდი გარდატეხა მოახდინეს. მეტოქესთან შედარებით, მინუსი გვქონდა სიმაღლეში, რაც კარგად გამოიყენა "რუსთავმა".

არმია-რუსთავი 64:79
არმია 22 20 14 8
რუსთავი 12 20 18 29

სოხუმი-დინამო
ამ შეხვედრამ დაგვანახვა, რომ ცხრილის ქვემოთ მყოფ გუნდს ზედა ექვსეულის წარმომადგენლის დამარცხება შეუძლია.

ასეთი შემთხვევები სიურპრიზად ან სენსაციად იწოდება. მართლაც, სოხუმელებმა სასწაული მოახდინეს: ბოლო პერიოდში 10 ქულით აგებდნენ, რის შემდეგაც ჯერ გრიგოლ შვანგირაძემ მოათავსა კალათში შორეული ორქულიანი, შემდეგ სოხუმელთა ახალწვეულმა ბოშკო სტოიაკოვიჩმა ორი სამქულიანი გამოიყენა (მისმა გუნდმა სულ 12 სამიანის რეალიზება მოახერხა).

ამას დაერთო სერგო ათუაშვილისა და ვახტანგ ქადარიას ზუსტი გარჯა ფარქვეშ (დაცვაშიც და შეტევაშიც) და სირენამდე 1:16 წუთით ადრე ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები 74:73 დაწინაურდნენ.

დარჩენილ დროში, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქულა ვერც ერთმა მხარემ ჩააგდო და მივიღეთ უფრო სიურპრიზი, ვიდრე სენსაცია.

რეიმონდის გვერდით ტურის საუკეთესოებად ბოშკო სტოიაკოვიჩი და კაელ ნელსონი დავასახელეთ.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
"წინა თამაშში "დინამოსთან", რომელიც 4 ქულით წავაგეთ, კარტერმა დიდი როლი ითამაშა და დღესაც რომ დავინახე, გულს შემომეყარა. მან მართლაც შეგვიქმნა პრობლემები, თუმცა მოსაგებად გამოვედით და ბოლომდე ვიბრძოლეთ".

ირაკლი ხოშტარია ("დინამო"):
"დღეს მოხერხდა იმ შემადგენლობის შეკრება, რომლითაც იმედია, ჩემპიონატს გავაგრძელებთ. თუმცა ჯერ შესაძლებლობის 50-60 პროცენტს ვიყენებთ. ზოგიერთი კალათბურთელი ახალი გამოჯანმრთელებულია. პლეი ოფებამდე კიდევ უნდა მოვუმატოთ".

სოხუმი-დინამო 74:73
სოხუმი 28 16 12 18
დინამო 25 16 22 10

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ
1. შსს აკადემია 17 15 2 1401/1124 32
2. ოლიმპი 17 14 3 1486/1224 31
3. რუსთავი 18 13 5 1555/1324 31
4. არმია 17 13 4 1531/1146 30
5. დინამო 17 10 7 1329/1263 27
6. ქუთაისი 17 10 7 1369/1240 27
7. სოხუმი 17 7 10 1318/1398 24
8. თსუ 18 6 12 1258/1452 24
9. ბათუმი 18 5 13 1257/1473 23
10. სამედიცინო 17 2 15 1084/1540 19
11. სტუ 17 0 17 1098/1502 17

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული