სუპერლიგა. XIX ტური. სიმბოლური ნაკრები: პარადოქსი: MVP განულებული მატჩიდან

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-19 ტური ემოციებით დატვირთული რომ იყო, "ლელოს" ხუთშაბათის ნომერში წაიკითხავდით.

"სოხუმი"-"დინამოს" მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ: "სოხუმელები მეოთხე პერიოდში 10 ქულით აგებდნენ, რის შემდეგაც ჯერ გრიგოლ შვანგირაძემ მოათავსა კალათში შორეული ორქულიანი, შემდეგ "სოხუმის" ახალწვეულმა ბოშკო სტოიაკოვიჩმა ორი სამქულიანი გამოიყენა...

სირენამდე 1:16 წუთით ადრე ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები 74:73 დაწინაურდნენ. მატჩი ასეც დასრულდა, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო."

უკანახაზელმა სტოიაკოვიჩმა 20 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი მოაგროვა და ტურის საუკეთესო სამ კალათბურთელს შორის დავასახელეთ.

მომდევნო დღეს ვგებულობთ: "სოხუმი"-"დინამოს" დაპირისპირების შედეგი განულებულია და 10 აპროილს
უნდა გადათამაშდესო. გ

ამოდის, რომ ბოშკოს ბოლო წამებზე სულ ტყუილად გამოუდია თავი და ჩვენც უნდა შევასწოროთ, სტოიაკოვიჩი, ტურის საუკეთესო აღარ არისო?.. ასე არ ივარგებს, "სოხუმელთა" შრომა არ უნდა დაიკარგოს და რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, ტურის ერთ-ერთი MVP სწორედ "განულებული" მატჩიდან უნდა დავასახელოთ.

"განულებული" არასათანადოდ ჟღერს, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ზემოთ ნახსენები შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ 40 წუთია სათამაშო.

რეალურად ხომ სწორედ იმიტომ გაჩნდა გადათამაშების საჭიროება, რომ ტაბლოზე "დინამოს" 1 ქულა დააკლეს ("სოხუმმა" კი 74:73 მოიგო). ასე რომ არ მომხდარიყო, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა.

ბოშკო სტოიაკოვიჩის გარდა ტურის საუკეთესოებად კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩის მონაწილე დავასახელეთ.

"შსს აკადემიას" ფორვარდმა ბენჟამინ რეიმონდმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ "აკრიფა" ფორმა და მისი შეჩერება იოლი არ იყო. "ოლიმპთან" შეხვედრაში იგი მატჩის ბომბარდირი გახდა - 24 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო).

XIX ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი "რუსთავის" ლეგიონერ კაელ ნელსონს ჰქონდა - 29.

მან "არმიასთან" სტუმრად გამართული თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა და საბოლოოდ 27 ქულას 12 მოხსნა მიამატა. მესამე MVP სწორედ ნელსონია. სხვათა შორის, ევროლიგაშიც არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესოდ ერთბაშად სამი კალათბურთელი.

წინასწარ შეიძლება ისიც ითქვას, რომ მე-20 ტურიც არანაკლებ საინტერესო გამოვა, რადგან ერთმანეთს თანაბარი ძალის, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ხვდებიან.

გირჩევთ არ გამოტოვოთ. დღეს, 30 მარტს სპორტის სასახლეში პირველი შეხვედრა 11:45 საათზე დაიწყება, ხოლო ბოლო თამაში 20 საათზეა დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული