სუპერლიგა. XIX ტური. გამოტოვებული მატჩი: "სოხუმი" მაინც "სოხუმია"

AutoSharing Option
გემახსოვრებათ, მე-19 ტურში "დინამოს" "სოხუმთან" შეხვედრისას ერთი ქულა რომ დააკლეს და დინამოელებმა სწორედ ასეთი სხვაობით წააგეს.

გაპროტესტების შემდეგ მატჩის გადათამაშება გადაწყდა და "40-წუთიანი ოვერტაიმი" 10 აპრილისთვის დაინიშნა.

მაშინ "სოხუმის" თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ თქვა - მატჩის გადათამაშებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მინდა დავამტკიცო, რომ ჩვენს გუნდს "დინამოს" მეორედ ძლევაც შეუძლიაო.

ასე აგიხდეთ ყველაფერი - 10 აპრილს გამართულ "40-წუთიან ოვერტაიმში" სოხუმელებმა 74:62 იმარჯვეს. ვინც ვაკეში, სპორტის სამინისტროს დარბაზში მისვლა არ დაიზარა, არც ინანებდა.

შეხვედრის ემოციურ ხასიათს რომ თავი დავანებოთ, ეს ის შემთხვევა იყო,
მკითხველს ქრონოლოგიურ მოვლენებზე საუბარი რომ დააინტერესებს.

პირველი ტაიმის ბოლოს, სერგო ათუაშვილის სიზუსტის წყალობით, სოხუმელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (40:30). მესამე პერიოდის დასაწყისში ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა ეს ფორა კიდევ უფრო განავრცეს და ერთ ეპიზოდში 18 ქულის სხვაობითაც დაწინაურდნენ - 48:30.

წუთშესვენების შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ტემპს უმატეს, გამთამაშებელ ლამარ კარიმს ბურთი ელვის სისწრაფით გადაჰქონდა სოხუმელთა ნახევარზე და "გამოცხვა" 10:0 სპურტი "დინამოს" შესრულებით.

ამ მომენტში მოედანზე არ იყო "სოხუმის" სერბი უკანახაზელი ბოშკო სტოიაკოვიჩი, რომლის დაბრუნებისთანავე ნომინალურმა მასპინძლებმა თამაში დაალაგეს.

თუმცა "დინამო" არ ცხრებოდა: სირენამდე 7 წუთით ადრე ბექა ჩიკვილაძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და თითქოს ისეთი სურათი უნდა მიგვეღო, როგორიც ამ გუნდების წინა მატჩისას - გამარჯვებულის ვინაობა ერთ ან ორ ქულას უნდა გამოერკვია...

მაგრამ, აკი გითხარით, სოხუმელებს გეგმაში დამაჯერებელი გამარჯვება ჰქონდათო. საამისოდ კი შესაფერისი იარაღი სამქულიანებია.

ჰოდა, ბოლო ხუთ წუთში ჯერ ვახტანგ ქადარიამ გამოიყენა შორეული ტყორცნა, შემდეგ გრიგოლ შვანგირაძემ, კარლის მუიჟნიექსმა, ხოლო ბოშკო სტოიაკოვიჩის ზუსტი შორეული ტყორცნის შემდეგ "სოხუმმა" 10-ქულიანი სტატუს-კვო აღადგინა. სირენამდე 1:18 წუთით ადრე ასეთი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

სოხუმელებს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა გამთამაშებელი ირაკლი ჩლაიძე.

მწვრთნელს ეიმედება, რომ პლეი ოფისთვის სასურველ ფორმას მიაღწევს.

სუპერლიგა 2012-13. მე-19 ტურის გადადებული მატჩი
სოხუმი-დინამო 74:62
სოხუმი 21 19 16 18
დინამო 17 13 21 11


სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. ოლიმპი 19 16 3 1693/1362 35
2. შსს აკადემია 19 16 3 1551/1268 35
3. არმია 19 14 5 1688/1281 33
4. რუსთავი 19 13 6 1627/1408 32
5. დინამო 19 12 7 1472/1410 31
6. ქუთაისი 19 11 8 1506/1375 30
7. სოხუმი 19 9 10 1489/1524 28
8. თსუ 20 6 14 1392/1601 26
9. ბათუმი 19 5 14 1318/1561 24
10. სამედიცინო 19 2 17 1236/1725 21
11. სტუ 19 1 18 1254/1711 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული