აქ მოგებასა და წაგებაზე ლაპარაკი არ არის, სანახაობრივი მხარე იგულისხმება - მართლაც, "არმია"-"დინამოს" წყვილში იმდენად საინტერესო ბრძოლებია, წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატებსაც დაამშვენებდა.
ამ წყვილის მატჩებს ერთიორად ეფექტურს ხდის "დინამოს" ქომაგთა სიუხვე, ხმაური და ორგანიზებულობა.
ჰოდა, საკალათბურთო ფორტუნამ 25 აპრილს ასე გადაწყვიტა: სერია ორ მატჩში დამთავრებას არ იმსახურებს და ანგარიში გათანაბრდა - 1:1. მესამე შეხვედრა შაბათს ისევ
ორი მატჩი დასჭირდათ ნახევარფინალში მოსახვედრად "ოლიმპსა" და "შსს აკადემიას". თუ ოლიმპელებს შეეძლოთ, წინასწარ მშვიდად ყოფილიყვნენ (ყველამ იცოდა, თსუ-ს მეორედაც მოუგებდნენ), შსს-ელებს უხერხული მეტოქე ჰყავდათ - "სოხუმი" ხომ წლეულს ამოუცნობი ფენომენია, "დინამო" ორი კვირის განმავლობაში ორჯერ დაამარცხა, მანამდე "რუსთავს" მოუგო...
ასეა თუ ისე, ამ წყვილიდან ნახევარფინალის საგზური "აკადემიამ" მოიპოვა. იგი "რუსთავი"-"ქუთაისს" შორის გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო "ოლიმპი" "არმია"-"დინამოს" გამარჯვებულს შეხვდება.
თსუ-ოლიმპი
საჩემპიონო მწვერვალისკენ მიმავალი "ოლიმპისთვის" თსუ იოლი ნადავლი აღმოჩნდა. პირველივე პერიოდში 33:12 დაწინაურების შემდეგ საკითხავი ისღა იყო, საბოლოოდ რა სხვაობით მოიგებდა გია კაზანჯიანის გუნდი.
მანაც ლამაზი ანგარიში აირჩია: სამი შვიდიანი და ორი ერთიანი - 117:77.
საინტერესოა, რომ მატჩის ბომბარდირები გამთამაშებლები გახდნენ: "ოლიმპის" ახალწვეულმა დარენ მურმა და თსუ-ელმა გივი ბაქრაძემ 19-19 ქულა ჩააგდეს. ერთადერთი დაბლ-დაბლი კი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა: 12 ქულა, 10 მოხსნა.
გია კაზანჯიანი (ოლიმპი):
"იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. იყო დაცვაში ხარვეზები, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია".
გიორგი ჩხეიძე (თსუ):
"ვულოცავ "ოლიმპს" ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას. დიდი სხვაობით წავაგეთ, რაც განპირობებულია ჩვენივე შემადგენლობით. ისეთი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს, როგორიც "ოლიმპია", ნამდვილად ვერ გავუწევდით სათანადო წინააღმდეგობას. ჩვენი მიზანი იყო პლეი ოფში გასვლა, რასაც მივაღწიეთ კიდეც".
25 აპრილი. თბილისი, სპორტკომპლექსი "არენა"
თსუ-ოლიმპი 77:117
თსუ 12 16 25 24
ოლიმპი 33 33 25 26
სერია მოიგო "ოლიმპმა" - 2:0
სოხუმი-შსს
პირველი ტაიმის ბოლოს კირკ არჩიბექის ხელი სახეში მოხვდა "სოხუმის" მეფარე ვახტანგ ქადარიას, რომელსაც ცხვირი დაუზიანდა და სისხლიც ბევრი დაღვარა (მანამატჩევს, პრესკონფერენციაზე არჩიბექმა ვახტანგს ხელი ჩამოართვა და მოუბოდიშა).
სოხუმელთა დამრიგებელი ვაჟა კვარაცხელია წუხდა, რომ ქადარიამ მატჩი ტრავმის გამო არასრულფასოვნად ჩაატარა და სწორედ ამის მიზეზი იყო ფარქვეშ შსს-ელთა დომინირება. მოხსნებში "ძალოვნებმა" 39:26 იმარჯვეს.
თავის მხრივ, სოხუმელები პერიმეტრიდან ცდილობდნენ დაკარგულის ანაზღაურებას, 11 სამიანიც გამოიყენეს (მათ შორის, 2 ათუაშვილმა), მაგრამ "აკადემიას" მაინც ვერ აჯობეს.
შსს-ელთა დამრიგებელი გიორგიოს კეცელიდისი კი უკმაყოფილებას ვერ მალავდა - შემადგენლობითაც ძლიერები ვართ, ტაქტიკურადაც კარგად ვართ მომზადებულები და დიდი სხვაობით მოგებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ რიგ ეპიზოდებში კალათბურთელები კონცენტრაციას კარგავენო.
ასეა თუ ისე, დეონტა ვონმა 25 ქულა ჩააგდო, ხოლო კირკ არჩიბექმა 15 ქულას 11 მოხსნა მიამატა.
გეორგიოს კეცელიდისი (შსს აკადემია):
"არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მომწონს "სოხუმის" ტაქტიკა. მეორე პერიოდში ბევრი დაკარგვა გვქონდა, საბოლოოდ კი არ უნდა მიგვეცა 67 ქულის ჩაგდების უფლება".
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):
"შსს აკადემია" ძლიერი გუნდია, მივულოცავ მოგებას. ვფიქრობ, შსს აუცილებლად ითამაშებს ფინალურ მატჩს და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია".
25 აპრილი. თბილისი, სპორტკომპლექსი "არენა"
სოხუმი-შსს აკადემია 67:80
სოხუმი 19 17 11 20
შსს აკადემია 28 9 25 18
სერია მოიგო "შსს აკადემიამ" - 2:0
დინამო-არმია
სტატია ამ შეხვედრით დავიწყეთ. ემოციებსა და ეფექტებზე აღარ შევჩერდებით. მოკლედ გეტყვით, რომ არმიელთა გამარჯვებაში 25-ქულიანი წვლილი შეიტანა გიორგი შარაბიძემ, რომელიც მეოთხედფინალში შეუჩერებელია; სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების უკანახაზელ ლაშა გამყრელიძეს (17 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა), ხოლო ბოლო წუთებზე მეტად ფასეული სამუშაო გასწიეს ბექა წივწივაძემ და ზვიად ბაბიაშვილმა.
"დინამოდან" კი კრიმი-ჩიკვილაძე-კარტერი-ოლუიჩის კვარტეტმა 65 ქულა ჩააგდო. ოვერტაიმის ბოლო წამზე კარიმს მოედნის კიდიდან თამაშის შემოტრიალებაც შეეძლო, მაგრამ მისი ტყორცნა კალათმა არ მიიღო და "არმიამ" 77:75 გაიმარჯვა.
აი, ბოლო 10 წუთში ქრონოლოგიურად როგორ განვითარდა მოვლენები:
დინამო-არმია
04:59 შარაბიძე (არმია) 1ქ - 59:65
04:25 კარტერი (დინამო) 2ქ - 61:65
04:07 შარაბიძე (არმია) 2ქ - 61:67
02:37 ოლუიჩი (დინამო) 2ქ - 63:67
00:39 კარტერი (დინამო) 2ქ - 65:67
00:24 კარტერი (დინამო) 2ქ - 67:67
ოვერტაიმი
04:17 წივწივაძე (არმია) 2ქ - 67:69
03:57 კლაიმენი (დინამო) 2ქ - 69:69
03:27 ჩიკვილაძე (დინამო) 2ქ - 71:69
02:19 ბაბიაშვილი (არმია) 1+1ქ - 71:71
01:44 წივწივაძე (არმია) 2ქ - 71:73
01:27 გამყრელიძე (არმია) 1+1ქ - 71:75
01:09 ოლუიჩი (დინამო) 2ქ - 73:75
00:43 ბაბიაშვილი (არმია) 2ქ - 73:77
00:32 კარტერი (დინამო) 2ქ - 75:77
კოტე ტუღუში (არმია):
"დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მოთამაშეს. წინა წაგებული შეხვედრის შემდეგ ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით, მძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა, თუმცა ეს მოხერხდა ყველა იმ ადამიანის ხელშეწყობით, ვინც ჩვენს კლუბშია. მადლობა ასევე მეტოქეს, პირადად მე მართლაც რომ სიამოვნება მივიღე ამ შეხვედრით. მესამე თამაში შაბათსაა და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. დიდი მადლობა ორივე გუნდის გულშემატკივარს, ასეთი მხურვალე ქომაგობისთვის".
ირაკლი ხოშტარია (დინამო):
"მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, არაფერია დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები მესამე და გადამწყვეტ შეხვედრაში ძალებს არ დაიშურებენ და ყველანაირად მზად იქნებიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ტაქტიკურად. რაც შეეხება "არმიას", ძლიერი გუნდია მაღალი კლასის მოთამაშეებით. უკვე მეორე თამაშია, გიორგი შარაბიძე პრობლემას გვიქმნის, თუმცა ვეცდებით, ეს პრობლემაც გადავჭრათ".
ლაშა გამყრელიძე (არმია):
"დაძაბული, სანახაობრივი შეხვედრა იყო. მეორე თამაშიც ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, რაც მაყურებლისთვის ძალიან საინტერესოა. პირადად მე მთელი სეზონის მანძილზე თამაშით ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. "დინამო" ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე შეხვედრაში ვეცდებით, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს".
ბექა ჩიკვილაძე (დინამო):
"მივულოცავ "არმიას". სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა ვემზადებით მესამე მატჩისთვის".
25 აპრილი. თბილისი, სპორტკომპლექსი "არენა"
დინამო-არმია 75:77 დ.დ.
დინამო 16 18 19 14 8
არმია 10 19 28 10 10
სერიაში ანგარიშია 1:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"