"ოლიმპი"-"არმია", "შსს აკადემია"-"ქუთაისი" - ესეც ნახევარფინალური წყვილები. ამ მშვიდი ფრაზის უკან რა ემოცია დგას, სრულფასოვნად მხოლოდ ის მკითხველი წარმოიდგენს, რომელიც უშუალოდ თამაშებს ესწრებოდა.
* * *
შესაძლოა, სწორედ ემოციამ განაპირობა 29 აპრილს "რუსთავის" საშინაო მარცხი.
რამდენიმე წლის წინათ, როცა მანუჩარ მარკოიშვილი და ვლადიმერ ბოისა სლოვენიის "ოლიმპიაში" გვერდიგვერდ თამაშობდნენ, ფინალური სერია 3:2 მოიგეს. საოცარი ის იყო, რომ ხუთივე შეხვედრა
მანუმ ასე ახსნა: შესაძლოა, ადგილობრივი გუნდი საკუთარი ქომაგის წინაშე ზედმეტად ემოციურად თამაშობდა, ღელავდა და ამიტომაც აგებდაო...
იგივე განმეორდა "რუსთავი"-"ქუთაისის" მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში: იმერეთში რუსთაველებმა იყოჩაღეს, ხოლო ქვემო ქართლში ორივე შეხვედრა "ქუთაისის" გამარჯვებით დასრულდა.
ემოციაზე მხოლოდ მატჩის შედეგის მიხედვით არ ვწერთ - პირველივე მეოთხედში, როცა "ქუთაისმა" მცირე უპირატესობა მოიპოვა, რუსთაველ კალათბურთელებს ეტყობოდათ, რომ განიცდიდნენ. მათ ხომ შინაურ კედლებში, ადგილობრივი ქომაგისთვის ჰქონდათ დასამტკიცებელი, რომ წინა დღეს წაგებას არ იმსახურებდნენ.
თავის მხრივ, ქუთათური კალათბურთელები იმდენად ლაღად ირჯებოდნენ, ჩანდა, ყოველგვარი წნეხისგან თავისუფლები იყვნენ. აქვე ქუთაისელი ქომაგის მიერ გამოფენილი პლაკატი უნდა გადმოვწეროთ:
"ჩვენ თქვენს სიყვარულს გულში ვინახავთ და როცა აგებთ, მაინც გვიყვარხართ!"
იმერლები განსაკუთრებით მშვიდად ბოლო წამებს შეხვდნენ, რაც მათი ტყორცნების სიზუსტეზე აისახა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საჯარიმოს ხაზთან ჯერ რიჩარდ მათიაშვილი დადგა, შემდეგ დავით ბარბაქაძე.
* * *
დავით უსტიაშვილს "რუსთავის" მთავარ მწვრთნელად არაერთი წელი აქვს გატარებული (მისი თანაშემწე მიხეილ ბერუაშვილი იყო), ახლა კი "ქუთაისს" ხელმძღვანელობს. ასე რომ, უსტიაშვილმა კარგად იცოდა, როგორ უნდა მოეგო რუსთავში.
ბრძოლის "ველზე" სტუმარი მწვრთნელის ტაქტიკური იარაღი თვალებანთებული ზაურ ფაშაევი იყო, რომელიც უნარიანად ხელმძღვანელობდა იერიშებს და 10 ქულას 12 შედეგიანი გადაცემა მიამატა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა.
დავით უსტიაშვილი "ცეცხლის ხაზზე", წინა ხაზში, ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს დაეყრდნო, თითქმის შეუცვლელად (7 წამი დაასვენა) ათამაშა და თუნდაც სტატისტიკა მეტყველებს, რომ მან ადგილობრივ მეფარეებს აჯობა: 22 ქულა, 14 მოხსნა.
რაც შეეხება "არტილერიას", ამ კომპონენტში ქუთათურთა მთავარი იმედი რევაზ დიდია და გიგი ბარბაქაძე იყვნენ, რომლებმაც პირველ ტაიმში შვიდი სამქულიანი ჩააგდეს. ეს ძალიან ბევრია.
"რუსთავის" მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი შესვენებაზე აუცილებლად მიუთითებდა შეგირდებს პერიმეტრზე მეტი ყურადღებისკენ. "რუსთავმა" მეორე ნახევარში მართლაც დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და "ქუთაისს" მხოლოდ 2 სამიანი ჩააგდებინა.
ჩამოვთვალეთ რამდენიმე საბრძოლო კომპონენტი, ტაქტიკა, არტილერია... არაფერი გვითქვამს მთავარზე - თავდაცვაზე. ცხადია, ყველა კალათბურთელმა თავისი საქმე კარგად შეასრულა, მაგრამ გამოსარჩევია ბუბა კვიმსაძისა და თემურ ბაბუნაშვილის მოქმედება, რომლებიც ნეით ბოუის მონაცვლეობით დარაჯობდნენ. მეხუთე ფოლის გამო ბუბამ მატჩი ვერ ჩაამთავრა, თემური კი ბოლო წამებამდე მაღალ დონეზე "უფრთხილდებოდა" "რუსთავის" "ძრავას" ბოუის, თუმცა შეტევაში მასპინძელთაგან ყველაზე გამოსარჩევი მაინც ნეითი იყო.
* * *
აი, რა მოხდა ბოლო ორ წუთში:
რუსთავი-ქუთაისი
1:41 ბოუი (რუსთავი) 2ქ - 65:68
1:02 ათანელიშვილი (რუსთავი) 2ქ - 67:68
0:36 მათიაშვილი (ქუთაისი) 2ქ - 67:70
0:19 მათიაშვილი (ქუთაისი) 1ქ - 67:71
0:17 ბოუი (რუსთავი) 1+1 - (არაზუსტი)
0:16 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 1ქ - 67:72
0:08 დ. ბარბაქაძე (ქუთაისი) 1+1ქ - 67:74
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სუპერლიგა. პლეი ოფი: "არმია" ნახევარფინალშია
სუპერლიგა 2012-13. 1/4-ფინალი: შეუჩერებელი ბოუი
სუპერლიგა 2012/13. 1/4-ფინალი: ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორს ველით