კალათბურთმა გაიღვიძა, ტაბლომაც

AutoSharing Option
საქართველოს მეოცე საიუბილეო ჩემპიონატი სპორტის სასახლეში "დინამო"-"ბათუმის" მატჩით გაიხსნა. ორივე გუნდს ახალგაზრდული შემადგენლობა და კარგი მწვრთნელი ჰყავს. მატჩიც თანაბარი გამოდგა, განსაკუთრებით საინტერესო ბოლო წამები იყო. მომდევნო მატჩებში ქრონოლოგიაზე დეტალურად არ ვილაპარაკებთ, "დინამო"-"ბათუმის" შეხვედრა კი ამას ითხოვს.


დინამო-ბათუმი 64:63
20:13, 16:11, 14:21, 14:18
დინამო: ივანეიშვილი (4ქ), ეძგვერაძე (14ქ), პატარაია (5ქ), თვაური (2ქ, 6მ), გლუნჩაძე, ალხანაიძე (16ქ, 9მ, 4პ), თავამაიშვილი (5ქ, 5მ), გულდედავა (12ქ), ჩაველაშვილი (2ქ), კუჭავა (4ქ, 5მ).
ბათუმი: რამიშვილი, მაისურაძე (8ქ), თენიეშვილი (16ქ, 10მ, 4ჩ), მიქელაძე (12ქ), ნინუა (3პ), ჩხატარაშვილი,
კეშელავა (18ქ, 12მ), ელიაშვილი (2ქ), ელიაძე (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, მ. ანდღულაძე.

პირველ ტაიმში დინამოელები დომინირებდნენ და დიდ შესვენებამდე სოლიდურ უპირატესობასაც მიაღწიეს - 36:24.
მეორე ტაიმში სროლის სიზუსტე გააუმჯობესეს კეშელავამ და თენიეშვილმა და იშტაზე მოსულმა ზღვისპირელებმა სირენამდე 35 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 63:63. ეს, სამქულიანით ირაკლი მიქელაძემ გააკეთა.

მომდევნო შეტევა დინამოელებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ბოლო იერიშის უფლება ბათუმელებს დარჩათ, რომელთა გამოცდილ უკანახაზელზე ივანე მაისურაძეზე მსაჯებმა გარბენი დააფიქსირეს და ბურთი თბილისელებს გადაეცათ. მათ შეტევისთვის მხოლოდ 3 წამი რჩებოდათ. ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამ დროისთვის მასპინძელთა რიგებში ფარქვეშეთის მაკონტროლებელი ირაკლი ალხანაიძე მოედანზე აღარ იყო (ხუთი ჯარიმა ჰქონდა მიღებული). "დინამოს" თავკაცმა, დავით თორთლაძემ წუთშესვენება აიღო. მისი დარიგება შეგირდებმა კარგად შეასრულეს, მეურვეები გაიტყუეს და ფარქვეშ თავამაიშვილი მარტო დატოვეს. მიქელაძეს სხვა გზა არ დარჩა, იმ იმედით დაჯარიმდა, რომ მეტოქე ჯარიმებს ვერ ჩააგდებდა. თუმცა თავამაიშვილმა ერთი ტყორცნა გამოიყენა და "დინამოს" სეზონი გამარჯვებით გაახსნევინა.


სამედიცინო-შსს 71:84
11:26, 24:19, 14:27, 22:12
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (10ქ, 5მ, 4ჩ), ს. ლეჟავა (14ქ, 5პ), თავართქილაძე (6პ), ბექაური (9ქ, 10მ), ახალაია, ნინიაშვილი (15ქ, 12მ, 3ჩ), კეიდია (2ქ), ჭოჭუა (21ქ).
შსს: დ. ბერიშვილი (7ქ, 3პ), ლაფანაშვილი, ბ. ლეჟავა (15ქ, 3პ, 5მ), ნიკოლაძე (5ქ, 5პ), ი, ბერიშვილი (11ქ, 4პ), კოტონი (2ქ, 5მ), მარკოიშვილი (19ქ, 4პ), ბარბაქაძე (4ქ), იმნაძე (10ქ, 12მ, 3დ), შერმადინი, ტომარაძე (11ქ), სუხიშვილი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე.

შსს-ს მწვრთნელი, არჩილ ჟღენტი აქცენტს გუნდურ თამაშზე აკეთებს, ცდილობს ყველა კალათბურთელი სათანადოდ მოამზადოს, რათა კარგად მოეხსენება, რომ ძლიერ მეტოქეებთან წარმატების საწინდარი სწორედ გუნდური გარჯაა. "სამედიცინო" საშუალო დონის მეტოქეა, რომელმაც პირველ ტაიმში ძალოვნებს კარგი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მესამე პერიოდის დასაწყისში გიორგი მარკოიშვილის სამ სამქულიანს ვერაფერი მოუხერხა და შსს 62:40 დაწინაურდა. ამის მერე თამაში კი გაგრძელდა, მაგრამ მოსაყოლი არაფერია...

მატჩის სტატისტიკამ ბომბარდირად "მედიკოსი" მიხეილ ჭოჭუა დაასახელა, ორმაგი დუბლების ავტორებად დათო იმნაძე (10 ქულა, 12 მოხსნა) და თორნიკე ნინიაშვილი (15 ქულა, 12 მოხსნა). ასევე საინტერესო იყო ერთი დეტალი: "სამედიცინოს" სასტარტოებმა 69 ქულა ჩააგდეს, ხოლო სათადარიგოებმა - 2.


სტუ-თსუ 76:99
17:26, 25:26, 15:23, 19:28.
სტუ: ანთაძე (13ქ, 9მ, 4პ), ჭოხონელიძე (2ქ), ბერუაშვილი (8ქ, 4პ, 6მ, 2დ), ჩიკვილაძე (12ქ, 3პ), ლომოური (19ქ, 8მ), გასიტაშვილი (4ქ, 3პ), მაჩალაძე (2ქ), თევზაძე (1ქ), კობიძე (7ქ, 8მ, 4დ), ჯანგველაძე (6ქ), ჩალიგავა (2ქ), ლაშქარაძე.
თსუ: ხიზანიშვილი (10ქ), ფანჩულიძე (21ქ), გაფრინდაშვილი (13პ, 4ქ, 8მ, 7ჩ), კოხრეიძე (8ქ, 9მ, 5პ, 6ჩ), ლონდარიძე (17ქ, 7მ, 2დ), კორკოტაძე (6ქ, 3პ, 5მ), ყველაშვილი (10ქ, 9მ), მათიაშვილი (19ქ, 13მ, 4პ), დეკანოიძე (2ქ), ზ. მაისურაძე, ჩქარეული (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ სტუ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა. ეს მისასალმებელია. გუნდი ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. უმეტესობა ამ სასწავლებლის სტუდენტია. შედარებით გამოცდილი შემადგენლობაა შეკრებილი თსუ-ში.

შესაბამისად, ამ სტუდენტურ დერბიში თსუ-ს გამარჯვება ლოგიკური იყო. როგორც ყოველთვის, ნუგაზრ ჭეიშვილის გუნდმა ამჯერადაც არაერთი რეკორდი შემოგვთავაზა. მართალია, ჯერ პირველი ტურია, მაგრამ უახლოეს მატჩებში თსუ-ელთა რეკორდების დამხობა იოლი არ იქნება: თსუ-მ 66 მოხსნა მოაგროვა... გიორგი გაფრინდაშვილმა 13 პასი და 7 ჩაჭრა მიითვალა. სხვათა შორის, 13 შედეგიანი გადაცემა შარშანდელი ჩემპიონატის რეკორდიც იყო.


სოხუმი-აგრარული 85:75
14:19, 21:19, 23:16, 27:21
სოხუმი: ფარღალავა (23ქ, 6მ, 7პ, 5ჩ), ჩლაიძე (2ქ), კვეტენაძე (8ქ, 6მ), შანიძე (9ქ, 8მ), სორდია (19ქ, 4პ, 5მ), კანკია (6ქ), კოპალიანი (2ქ), კ. დამუსი (10ქ, 16მ, 2დ), რ. დამუსი (6ქ, 15მ, 3პ), ფერიაშვილი.
აგრარული: ტეტელაშვილი (10ქ, 4ჩ, 5პ, 6მ), ბააკაშვილი (3ქ), ნანიტაშვილი (6ქ, 3პ), სიგუა (4ქ, 5პ), ჩაჩანიძე (15ქ, 3პ), გემაზაშვილი (3ქ), ჯავახშვილი (6ქ, 5მ), მუმლაძე (13ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა.

თსუ-ს გულშემატკივრები ბოლო ორი სეზონია, საკალათბურთო დარბაზებს ალამაზებენ და მატჩებს ეშხს მატებენ. გუშინ მათ გარდა "სოხუმის" ქომაგები აქტიურობდნენ. ვიხილეთ პლაკატები და ხმაურიანი შეძახილები. ესეც მისასალმებელია, რადგან კალათბურთი სწორედ ქომაგებისთვისაა. მათ გარეშე თამაშებს ეშხი აკლდება. იმედი დავიტოვოთ, რომ სუპერლიგის გახურებასთან ერთად გულშემატკივრის რაოდენობაც გაიზრდება.

"სოხუმი"-"აგრარულის" მატჩში მეოთხე პერიოდის წინ ტაბლო ჩაქრა. ასეთი შემთხვევა შარშანაც მოხდა და იმ დღეს ტური გადაიდო. გუშინ დიქტორმა გამოაცხადა: დაგვეხმარეთ! ...და ტაბლოსაც მალე ეშველა. კარგია, ტექნიკური პროგრესი ჩვენს ტაბლოსაც რომ შეეხო.
თუ მანამდე "სოხუმი" 58:54-ს იგებდა, ტაბლოს "გამოფხიზლების" შემდეგ მისმა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია და საბოლოოდ 85:75 გაიმარჯვა.

ძმებმა დამუსებმა თავი მებრძოლი თვისებებით დაგვამახსოვრეს და დაგვანახეს, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე კარგი მოთამაშეები არიან. რიჩარდმა 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო კარლმა - 16. სწორედ მათი დამსახურებაა, "სოხუმი" თსუ-ს მოხსნების რეკორდში რომ ჩაეზიარა - 66.

დღეს, 16:00 საათზე "ქუთაისი" "ენერჯის" მიიღებს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული