სუპერლიგა 2012/13. 1/2-ფინალი: მაღალმა...

AutoSharing Option
მაღალმა თუ დაბალმა? - დაისვა კითხვა სპორტის სასახლეში გამართული ნახევარფინალური მატჩებისას.

კალათბურთი გოლიათების სპორტია და 8 მაისს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სიმაღლე ხშირად გადამწყვეტია.

რამდენი მიზეზიც უნდა ჩამოვთვალოთ, "შსს აკადემია"-"ქუთაისის" და "ოლიმპი"-"არმიას" დაპირისპირებებში შსს-ელთა და ოლიმპელთა გამარჯვების მთავარი მიზეზი სიმაღლე გამოდგა.

სიმაღლეში ჩამორჩენის საბოლოოდ გაბათილება მხოლოდ ერთი ხერხით - ტანმაღალი კალათბურთელის დამატებით შეიძლება, მაგრამ ამის უფლება აღარც "არმიას" აქვს და აღარც "ქუთაისს". რჩება ორი ვარიანტი - მწვრთნელთა ტაქტიკური ხრიკები და კალათბურთელთა გაორმაგებული შემართება...

ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები 9 მაისს გაიმართება
(14 საათზე "შსს აკადემია"-"ქუთაისი", 20 საათზე "ოლიმპი"-"არმია") და ვნახოთ, რას დაუპირისპირებენ პირველ შეხვედრებში დამარცხებულები სერიაში (სამ მოგებამდეა) დაწინაურებულებს.

შსს აკადემია-ქუთაისი
რუსთავთან გადამწყვეტ მეოთხედფინალში ქუთათურთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა რიჩარდ მათიაშვილმა.

რიჩოს ფასი კარგად იცის შსს-ს ბერძენმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა, რომელმაც მატჩის დასაწყისშივე მოხსნა სასტარტო ცენტრი კირკ არჩიბექი და მათიაშვილთან ბრძოლა ილია ლონდარიძეს დაავალა.

გაცილებით მოძრავი ილია მოედნის ერთი კიდიდან მეორემდეც სწრაფად გადაადგილდებოდა და ფარქვეშაც მოცეკვავესავით ტრიალებდა, იმდენად ენერგიულად, რომ შეცვლაზე შესულმა პირველივე მეოთხედში თავად მოითხოვა შეცვლა, მოედანზე კი შსს-ს 13:9 უპირატესობა დატოვა. ამ დროისთვის მას იმდენი ქულა ჰქონდა მოგროვილი, რამდენიც მთლიანად "ქუთაისს" - 9.

მეორე ნახევრიდან ძალოვანთა ფარქვეშ ერთდროულად იდგნენ არჩიბექი და ლონდარიძე, რომლებიც შსს-ს სამწამიან ზონას დიდ სიმყარეს აძლევდნენ.

მათიაშვილს კი ფარქვეშ ეხმარებოდა დავით ბარბაქაძე, თუმცა დათო უფრო მოძრავი ფორვარდია და ქულების უმეტესობა პერიმეტრიდან ტყორცნებით მოაგროვა - ხუთიდან 3 სამიანი ჩააგდო. სწორედ ქუთაისელთა სამქულიანებმა განაპირობა პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი ანგარიში. დიდ შესვენებაზე შსს მხოლოდ 6-ქულიანი ფორით გავიდა.

მესამე პერიოდიდან ძალოვნებმა პერიმეტრიც სათანადოდ გადაკეტეს, მეორე ტაიმში "ქუთაისს" მხოლოდ 2 სამიანის ჩაგდების უფლება მისცეს და ანგარიშში სხვაობაც ნელ-ნელა გაიზარდა.

საფინალო ანგარიშს ოქმში იხილავდით, აქ კი გეტყვით, რომ მოხსნებში "შსს აკადემიამ" 44:25 იმარჯვა, სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში - 44:20.

საინტერესოა "ქუთაისის" გრაფაში დაფიქსირებული ერთი ნულიანი - რაც იმას ნიშნავს, რომ იმერლებს მეტოქის ფარიდან ასხლეტილი ბურთის დაუფლების შემდეგ ქულა არ მოუპოვებიათ.

ამ გრაფაში შსს-ს 21 ეწერა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან შსს-მ "ქუთაისის" ფარიდან 12-ჯერ მოხსნა, სტუმრებმა მასპინძელთა ფარიდან - 4-ჯერ.

8 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ქუთაისი 83:62
შსს აკადემია 18 22 25 18
ქუთაისი 13 21 20 8

ოლიმპი-არმია
შესაძლოა, არმიელთათვის სასიამოვნო გასახსენებელი არ იყოს, მაგრამ "ოლიმპთან" ჩატარებულმა პირველმა პერიოდმა 2012 წელს ჰოლანდიაში, "ლეიდენთან" გამართული შეხვედრა მოგვაგონა. იქ საწყის 10 წუთში 9:27 დავმარცხდით, 8 მაისს კი "არმიამ" "ოლიმპთან" 8:27 დათმო.

განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჰოლანდიაში ძალოვნებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს (თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ), ხოლო 8 მაისს, მეორე პერიოდში ტაბლოზე სარკისებური ანგარიში აენთო - 41:14, რაც "ოლიმპის" ნაადრევ გამარჯვებას ნიშნავდა.

"ოლიმპმა" ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა (მოხსნებში 50:35) პერიმეტრიდან განავრცო - 13 სამქულიანი გამოიყენა (საკუთარ კალათში 4 მიიღო).

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ოლიმპის სერბი ცენტრი სტევან მილოშევიჩი იყო, რომელმაც 18 ქულას 16 მოხსნა მიამატა.

"არმიას" კი 8 მაისის მატჩის წინ სამი მეფარე დააკლდა: დავით უგრეხელიძე ბოლო თვეებია, რომ უქმობს, მოგეხსენებათ; ზვიად ბაბიაშვილს მხარი აქვს ნატკენი, ხოლო გიორგი შარაბიძეს - მუხლი. ისინი გუნდს ვერც 9 მაისს დაეხმარებიან.

8 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
ოლიმპი-არმია 103:67
ოლიმპი 27 20 31 25
არმია 8 15 19 25

დინამო ელის
მეხუთე-მერვე ადგილების გასაყოფად ოთხი გუნდი "ნახევარფინალებს" თამაშობს.

"დინამოსა" და თსუ-ს შეხვედრა გუშინ გაიმართა და ნარინჯისფერთა გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელები მეხუთე ადგილისთვის მატჩში "რუსთავი"-"სოხუმს" (10 მაისსაა დაგეგმილი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. ხოლო ამ წყვილში წაგებული მეშვიდე ადგილისთვის თსუ-ს შეხვდება.

8 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე
დინამო-თსუ
34:22, 27:25, 20:18, 17:21
დინამო: კარიმი (32ქ, 4პ, 3ჩ), ს. ლეჟავა (5ქ), ჩიკვილაძე (13ქ, 5მ, 4პ), ლილუაშვილი (2ქ), კობაიძე, კეიდია (9ქ), ორმოცაძე (3პ), გელაზონია, კარტერი (11ქ, 7მ), კლიმენი (26ქ, 9მ, 3პ), ღუდუშაური.
თსუ: ასელაინი (19ქ, 17მ, 3პ, 4დ), თავამაიშვილი (11ქ), ხანიაშვილი (5ქ, 3პ), კობიძე (2ქ), ვახანია (4ქ, 6პ), თვაური, ნ. ბაქრაძე (2ქ), ბერუაშვილი (26ქ, 11მ, 3ჩ), ჩქარეული (9ქ, 5პ), ხიზანიშვილი (9ქ, 5პ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული