გოგა ცეკვავა: მერე რა, რომ სამქულიანის მანძილი ნახევარი მეტრით გაიზარდა

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას და სუპერლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ კვირის მოთამაშის ინტერვიუსა და სიმბოლურ ხუთეულს. ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ენერჯიმ" "ქუთაისს" ბოლო წამებზე 77:72 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი სამქულიანი გოგა ცეკვავამ შორი დისტანციიდან ჩააგდო, იგი შეხვედრის ბომბარდირიც გახდა (23 ქულა) და ტურის მოთამაშედაც ის დავასახელეთ.

თუმცა რუსთაველთა თავკაცმა მიხეილ ბერუაშვილმა გვითხრა, გუნდური თამაშის წყალობით მოვიგეთო:

- მართალია, საბოლოოდ ხუთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ შეხვედრის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი იყო, საერთოდაც თამაში ქულა-ქულაში
მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში დაცვაში თამაშიც გამოვასწორეთ, ცოტა გაგვიმართლა კიდეც და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. გამართლებაში გოგა ცეკვავას მიერ ჩაგდებულ შორეულ სამქულიანს ვგულისხმობ, რომლის შემდეგაც სხვაობა 3 ქულამდე გაიზარდა, საფინალო სირენამდე კი 40 წამი რჩებოდა. საერთოდ კი, წარმატებაში ყველამ დიდი წვლილი შეიტანა. თუ ცეკვავას ყველაზე მეტი ქულა მოუგროვდა, წივწივაძემ პასები უხვად არიგა, ტუჯანმა არაერთი ბურთი მოხსნა, მესამე პერიოდის ბოლოს ახალწვეულმა ლამუმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა. ძალიან დაგვეხმარნენ ახალგაზრდებიც...

ახლა ტურის MVP-ს, გოგა ცეკვავას მოვუსმინოთ:

- პირველივე ტურში რთული მატჩის ჩატარებამ მოგვიწია. ქუთაისელები მასპინძლები იყვნენ და თავისუფლადაც თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორე ნახევრიდან თამაში გავაუმჯობესეთ და მეტოქეს გავასწარით კიდეც. თუმცა სირენამდე 40 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო.

- სწორედ მაშინ ჩააგდე შორეული სამქულიანი...
- სამქულიანის რკალიდან დაახლოებით 1.5 მეტრით ვიყავი მოშორებული. ამ დისტანციიდან, როგორც წესი, არ ისვრიან. თუმცა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი იწურებოდა და ამიტომაც ვისროლე დაუფიქრებლად. ნაწილობრივ გამიმართლა კიდეც და ბურთი კალათში ჩაეშვა.

- რადგან სამქულიანზე ვლაპარაკობთ, აქვე გკითხავ: დაეტყო თუ არა სამქულიანი რკალის 0.5 მეტრით მომატება თქვენს თამაშს.
- თავიდან თითქოს გაგვიძნელდა, თუმცა ვარჯიშების შემდეგ ახალ დისტანციასაც მივეჩვიეთ და, ვფიქრობ, შედეგიანობაზე სამქულიანის რკალის გაზრდას გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, ქუთაისში ორივე გუნდს შორეული ტყორცნების მაღალი შედეგიანობა ჰქონდა.

- მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა აღნიშნა, გუნდური თამაშის წყალობით გავიმარჯვეთო.
- ასეც იყო. ძალიან კარგად ითამაშა ბექა წივწივაძემ, რომელმაც 16 ქულაც ჩააგდო და პასებიც ჩამოგვირიგა. მისი შედეგიანი გადაცემების წყალობით რამდენიმე სამქულიანი მეც ჩავაგდე. ტუჯანი ფარქვეშიდან ძალიან დაგვეხმარა, ლამუმაც მნიშვნელოვანი ქულები შეგვაშველა. ბოლო წამებზე ერთი სამქულიანი მაჭავარიანმა გამოიყენა. არ უნდა გამოგვრჩეს გამთამაშებლები, არწივიძე და აბაიშვილი.

- ოქტომბერში დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეთ, ახლა ძლიერი "ქუთაისი" დაამარცხეთ. როგორც ჩანს, კარგ ფორმაში ხართ.
- კარგად ვართ მომზადებულები, მაგრამ მეტი შეგვიძლია. გუნდში ორი ახალწვეულია, ერთმანეთს კარგად რომ შევეწყობით, გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.

სიმბოლური ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა, ხუთეულს მიღმა რამდენიმე ისეთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომლებიც მასში მოხვედრას იმსახურებდნენ. ქუთაისში "ენერჯი" ძირითადად სამი უკანახაზელით თამაშობდა: წივწივაძე და ცეკვავა ფლანგებზე ირჯებოდნენ, ბურთს არწივიძე ათამაშებდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ჩვენს სიმბოლურში ცეკვავა და წივწივაძე მეორე-მესამე ნომრებად რომ გავამწესეთ.

მძიმე ფორვარდად გიორგი მარკოიშვილია, რომელმაც "სამედიცინოსთან" მესამე პერიოდის დასაწყისში სამი სამქულიანით შსს-ს 10-ქულიანი უპირატესობა 20-ქულიანად გარდასახა. თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს სოხუმელმა ლაშა ფარღალავამა და დინამოელმა ირაკლი ალხანაიძემ.


სიმბოლური ხუთეული
#1 ლაშა ფარღალავა (სოხუმი)
38 წუთი, 23 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა.

#2 ბექა წივწივაძე (ენერჯი)
35 წუთი, 16 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა.

#3 გოგა ცეკვავა (ენერჯი)
34 წუთი, 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა.

#4 გიორგი მარკოიშვილი (შსს)
22 წუთი, 19 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

#5 ირაკლი ალხანაიძე (დინამო)
24 წუთი, 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.

მწვრთნელები: მიხეილ ბერუაშვილი (ენერჯი), დავით თორთლაძე (დინამო).



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული