ლომინაშვილი, კვიმსაძე თუ ფანჩულიძე?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ამა თუ იმ ტურში საუკეთესო კალათბურთელის დასახელებისას ჟურნალისტების აზრები ხშირად ორად იყოფა. ამჯერად სამად გაიყო: ერთს მიაჩნია, რომ მეორე ტურში საუკეთესო მიხეილ ფანჩულიძე იყო, რომელმაც "სოხუმთან" 32 ქულა ჩააგდო და თსუ-ს გაამარჯვებინა.

მეორემ ბუბა კვიმსაძის კარგ გარჯას გაუსვა ხაზი - MVP ბუბაა. მან ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის "არმიის" დამარცხებაში 24-ქულიანი წვლილი შეიტანაო.

მესამე ჟურნალისტმა ქუთათური ავთანდილ ლომინაშვილი გამოარჩია - მისგან ასეთ ეფექტურ თამაშს არავინ ელოდა (17 ქულა, 7 მოხსნა). გადამწყვეტ მომენტში ავთომ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც "ქუთაისი"
3 ქულით დაწინაურდა (სირენამდე 16 წამით ადრე) და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

სამწუხაროდ, საუკეთესოდ სამ კალათბურთელს ვერ დავასახელებდით, ამიტომ, ძალოსნობის პრინციპით ვიხელმძღვანელეთ: როცა ორი ძალოსანი ერთი სიმძიმის შტანგას სწევს გამარჯვება იმას ენიჭება, რომელიც უფრო მსუბუქი წონისაა. ჩვენს შემთხვევაში, წონა ასაკით შევცვალეთ: ლომინაშვილი უფრო ახალგაზრდაა, იმედია, კვიმსაძესა და ფანჩულიძეს არ ეწყინებათ ტურის MVP-ად ავთოს თუ დავასახელებთ.

სიმბოლური ნაკრები "ქუთაისის" თავკაცმა მალხაზ კოხრეიძემ ჩაიბარა. დღეს მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. საუბარი "არმიასთან" მატჩით დავიწყეთ.

- გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და შედეგსაც მიაღწიეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ არც ერთი გუნდი არ არის სათანადო ფორმაში. ჩვენცა და "არმიაც" კიდევ გავიზრდებით.

- ლომინაშვილმა კვიმსაძესთან ერთად მანამდეც კარგად ითამაშა, ბოლო წამებზე კი მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო...
- ლომინაშვილს დავალებული ჰქონდა ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, თავისუფლად თამაში. მას, ასე ვთქვათ, შავი სამუშაო უნდა შეესრულებინა, ბურთი მოეხსნა, დაემატებინა, "ბლოკი დაეყენებინა" და ა.შ. იგი მოედანზე შესვლისთანავე დაცვაში კაგად დადგა, გააზრებულად მოქმედებდა, რაც შეტევაში თამაშს გვიადვილებდა. ასევე, ფარზე ბევრი იშრომა ვიქტორ კოღუაშვილმა. მართალია, ეფექტური ჩატენვები არ ჰქონია, მაგრამ გუნდს დიდი დახმარება გაუწია.

- გუნდში რამდენიმე ქუთაისელი ახალგაზრდაა, რომლებიც დებიუტანტების კვალობაზე კარგად გამოიყურებიან, ქორიძე, ლომინაშვილი, ტუკვაძე...
- თქვენის ნებართვით წარსულში დავბრუნდები. ახალგაზრდულ ასაკში არაერთი ქუთაისელის მიმართ ყოფილა უნდობლობა, დარსაძის, დერიუგინის, ქორქიას... ზოგისთვის სამწუხაროდ და ბევრისთვის გასახარად მათ დიდი კალათბურთი ითამაშეს, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ქუთაისს კალათბურთის 85-წლიანი ისტორია აქვს და შემთხვევითი არ არის არაერთი ნიჭიერი მოთამაშის გამოჩენა. ჩვენც ჩავატარეთ სერიოზული სელექცია და გუნდში გამოცდილი კალათბურთელების გვერდით პერსპექტიული ახალგაზრდები ავიყვანეთ. ისინი მონდომებულები არიან, პრიორიტეტად კალათბურთი მიაჩნიათ და თუ ეს კლუბი სამომავლოდაც შენარჩუნდა, ისინიც გაიზრდებიან.

- ნიჭიერ ახალგარდებზე ლაპარაკისას არ უნდა გამოგვრჩეს თემურ ბაბუნაშვილი, რომელსაც რუსეთის კადეტთა და ჭაბუკთა ნაკრებებში არაერთი ეფექტური მატჩი აქვს ჩატარებული. წლეულს კი "ქუთაისის" განაცხადში შეიყვანეთ.
- ბაბუნაშვილი ჩვენს გვერდითაა. მან კოჭის სახსარზე ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის. ექიმების მითითებებს ვასრულებთ და როცა სრულად გამოჯანმრელდება მერე დავტვირთავთ. სავარაუდოდ, თემური დეკემბრის შუაში დაგვიბრუნდება. მას რუსეთის ახალგაზრდული ასაკის ნაკრებებში სერიოზული მატჩები აქვს ჩატარებული და მომჯობინების შემდეგ ჩვენც ძალიან დაგვეხმარება და საქართველოს ნაკრებისთვისაც შეეძლება სარგებლის მოტანა...

- ჩემი ინფორმაციით, თუ კალათბურთელს ერთი ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრებში აქვს ნათამაშები, სხვა ქვეყნის მაისურით გამოსვლის უფლება აღარ აქვს.
- ბაბუნაშვილმა ბავშვობა საქართველოში გაატარა. შემდეგ მოსკოვის ოლქის "ხიმკიში" თამაშობდა. ამ გუნდის ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ მისი დატოვების სურვილი, მაგრამ ბაბუნაშვილის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თემურიც "ხიმკიდან" წამოვიდა. კლუბის ხელმძღვანელობას არანაირი ბარიერი არ აღუმართავს. მისი რუსეთიდან საქართველოს ნაკრებში გადასვლა მთლიანად ფიბა-ევროპაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენი კალათბურთის ფედერაცია მოინდომებს, იქნებ, ეს საკითხიც მოგვარდეს.

- "ქუთაისში" ახალგაზრდებისა და გამოცდილების საინტერესო ნაზავია. სუპერლიგაში გამოცდილ კალათბურთელებზეც გკითხავთ.
- ჯერ სეზონის დასაწყისია და ნებისმიერ მოთამაშეს ახალ გუნდთან შეგუება სჭირდება. ვფქრობ, ბერიშვილი, კვიმსაძე, დიდია, ბარბაქაძე ადაპტაციას კარგად გადიან. კვიმსაძე და ბერიშვილი ძლიერ უკანა ხაზს ქმნიან, ბარბაქაძე კარგ ფორმაშია, ხოლო დიდია მემორიალის რამდენიმე მატჩში თითქოს ჩრდილში მოექცა. მერწმუნეთ, იგი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. გუნდი ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, გამოცდილები და ახალგაზრდები საინტერესო ნაზავს ქმნიან, თუმცა მუშაობაში ხელს გვიშლის ტრავმები. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება და თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული