სოხუმი კიდევ მოუმატებს!

AutoSharing Option
ჩაიარა სუპერლიგის III ტურმა და თან სამიანები ჩაატარა: "არმიის" უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა სამმაგი დუბლი მიითვალა (24 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი), ლაშა ფარღალავამ პირველობის ქულათა რეკორდი სამიანებით შეადგინა - 33. სწორედ მისმა შორეულმა სამქულიანებმა გადაწყვიტა ტურის ცენტრალური მატჩის ბედი - "სოხუმმა" მანამდე უძლეველი "ენერჯი" დაამარცხა.

ჟურნალისტებს ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენა გაგვიჭირდა. იყო ორი კანდიდატი, კოტე ტუღუში და ლაშა ფარღალავა. პირველმა სამმაგი დუბლი შეასრულა და ნამდვილად არ შეიძლებოდა მისი MVP-ს წოდების გარეშე დატოვება. ფარღალავამ კი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონ "ენერჯის"
ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა, თან სუპერლიგის რეკორდი დაამყარა (33 ქულა), ამიტომ, არც მისი დაუფასებლობა იქნებოდა. ჰოდა, მესამე ტურის საუკეთესოებად ტუღუში და ფარღალავა დავასახელეთ.

დღეს ლაშასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. საუბარი რუსთავის "ენერჯისთან" დაპირისპირებით დავიწყეთ.

- როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე დაამარცხეთ მეტოქე?
- რუსთაველებს დუდუ დადიანის მემორიალზეც ვეთამაშეთ. მაშინ მინიმალური სხვაობით წავაგეთ (70:71). მას მერე უკეთესად შევთამაშდით, თან ერთი ამერიკელითაც გავძლიერდით. ისიც უნდა დავამატო, რომ რუსთაველებს მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი ჰყავთ და ამიტომაც იყო, მემორიალიდან სუპერლიგის მესამე ტურამდე წაუგებლად რომ მოდიოდნენ.

- 33 ქულაზე რას იტყვი?
- ქულათა რაოდენობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ვცდილობ, გუნდს მეტი სარგებელი მოვუტანო. შეიძლება მე ვერ ვითამაშო, მაგრამ ისეთი თანაგუნდელები მყავს, მათაც შეუძლიათ ლიდერის ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.

- "ენერჯისთან" მატჩში რამდენიმე ძალიან შორეული სამქულიანი ისროლე, მართალია, მეოთხე პერიოდში ორი ჩავარდა, მაგრამ ტრიბუნებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს აჩქარდი...
- ეს აჩქარების ბრალი არ არის, თამაშის ასეთი სტილი გვაქვს - მე, სორდია, კანკია და სხვა უკანახაზელებიც თამამად იმიტომ ვისვრით, რომ ფარქვეშ ჩვენი წინახაზელების იმედი გვაქვს. ნამდვილად არ მეშინია, რომ აცილების შემთხვევაში ბურთი მეტოქეს უბრძოლველად დარჩება. ძმები დამუსები, კვეტენაძე, მაქქერი ფარქვეშ არავის არაფერს უთმობენ. ამასთან, მწვრთნელისგანაც გვაქვს მითითება - სატყორცნ პოზიციაში დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვისროლოთ. ისიც ხაზგასასმელია, რომ საწყის ტურებში ბევრ შეცდომას ვუშვებდით, თუმცა ნელ-ნელა ამ პრობლემასაც ვაგვარებთ.

- მაიკლ მაქქერი მეორე ტურიდან დაგემატათ. მაგრამ ისე ჩანს, თითქოს იგი სროლას ერიდება. შეიძლება ფორმაში არ არის.
- მაქქერი საქართველოში ახალი ჩამოსულია და აკლიმატიზაციისთვის დრო სჭირდება. თანაც, ევროპაში პირველადაა. მაიკლი აქაურ კალათბურთს საერთოდ არ იცნობდა. არადა, ჩვენსა და ამერიკის კოლეჯების ლიგის სათამაშო სტილში დიდი განსხვავებაა. დარწმუნებული ვარ, იგი აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ დიდ დახმარებას გაგვიწევს. ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია, "მონტანას" კოლეჯში ინდივიდუალური დაცვაშიც საუკეთესო იყო და გუნდურშიც. ამას ქართველი გულშემატკივარიც მალე დაინახავს.

- ძმები დამუსები უკვე "გაქართველდნენ"?
- ისინი გასულ სეზონში ესპანეთში თამაშობდნენ და ევროპულ კალათბურთსაც კარგად იცნობენ. რიჩი და კარლი საქართველოში თითქმის ერთი თვის ჩამოსულები არიან და გუნდთან შეთამაშებაც მოასწრეს. ჩემი აზრით, ძმები ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელები არიან.

- "სოხუმის" მიზნები ნელ-ნელა იკვეთება...
- ამ საკითხზე წინასწარ არაფერს ვიტყვი. შაბათსაც დავამტკიცეთ, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს. ვეცდებით, ყველა მატჩი მოვიგოთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩემპიონატის თითოეული გუნდი გამარჯვებაზე ფიქრობს.

- მეოთხე ტურში, შაბათს, "არმიას" ეთამაშებით.
- "არმია" სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან სათამაშოდ ყველა დიდი მობილიზებით გადის. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. თავის მხრივ, კონცენტრაცია არმიელებსაც დასჭირდებათ, რადგან არც ჩვენ გვყავს სუსტი გუნდი. ასე რომ, შაბათს საინტერესო თამაში იქნება. ვიმედოვნებ, გულშემატკივარიც საკმარისად მოვა.

- სექტემბერში ლიტვურ "პალანგაში" ვარჯიშობდი. საქართველოში დაბრუნებისას თქვი, შეიძლება შუა სეზონში უცხოეთში წავიდეო. დღეს რას ფიქრობ?
- შემოთავაზება მაქვს, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ. სეზონის ბოლომდე "სოხუმში" ვითამაშებ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული