გასული სეზონისგან განსხვავებით რუსთაველებს შედარებით სუსტი შემადგენლობა ჰყავთ და თან ტრავმებიც აწუხებთ.
კოტდივუარელ სერჟ ასელაინს ფეხი სტკივა და ქვემოქართლელებს ვერ ეხმარება, ხოლო დღევანდელ მატჩში ტრავმები მალხაზ აბაიშვილმა, ლევან ხმელიძემ და ზურაბ მაჭავარიანმა მიიღეს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით რუსთაველებს დღევანდელ მატჩში შანსი არ ჰქონიათ.
"არმიამ" პირველი ტაიმი 13 ქულით მოიგო, ხოლო მესამე პერიოდში რუსთაველებს ძირითადი გამთამაშებელი, მალხაზ აბაიშვილი დაუშავდათ და მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
არმიელთაგან 14 ქულით ბომბარდირი გიორგი შარაბიძე გახდა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 11 დაგროვდა. 9-9 ქულა მიითვალეს თეიმურაზ ბაბუნაშვილმა და ბუბა კვიმსაძემ. რაც შეეხებათ რუსთაველებს, 14 ქულით რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელი, არმია): "მოგილოცავთ ყველას ჩემპიონატის განახლებას. მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყებ სეზონს და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. სულ ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ "რუსთავს" და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მათ დასამარცხებლად. ამიტომ, მოსალოდნელი იყო დაძაბული თამაში. ჩვენს მეტოქეს არ გაუმართლა და 3 მოთამაშე გამოეთიშა შეხვედრას, ეს ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დანაკლისია. იმედია, ისინი მალე დაუბრუნდებიან გუნდს და მომავალ ტურებში ბევრად სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ, წარმატებას ვუსურვებ მათ და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას".
ოთარ ხმელიძე (მთავარი მწვრთნელი, რუსთავი): "გილოცავთ სუპერლიგის ახალ სეზონს. და მივულოცავ "არმიას" პირველ გამარჯვებას. ძალიან ცუდად დავიწყეთ, მეტოქე წინ 16 ქულითაც გავუშვთ. როცა თამაში ვიპოვეთ, სწორედ მაშინ დაშავდა გუნდის ლიდერი, ამან ბიჭებზე ცუდად იმოქმედა. შემდეგ მაჭავარიანი და ბოლოს ხმელიძეც დაშავდნენ. ისედაც ორი ტრავმირებული კალათბურთელი გვაკლდა. "არმიასთან" შედარებით სუსტი გუნდი ვართ და მადლობელი ვარ ბიჭების, მათ ბოლომდე იბრძოლეს".
ანატოლი ბოისა (არმია): "მეც გილოცავთ სეზონის განახლებას, ამ დღეს ყველანი დიდხანს ველოდებოდით. მადლობა "რუსთავის" გუნდს, ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდია, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ მათ. იმედია, გუნდის ტრავმირებული წევრები მალე დაუბრუნდებიან ფორმას".
დავით არწივიძე (რუსთავი): "ვუერთები მოლოცვას, სუპერლიგის დაწყებას ნამდვილად მოუთმენლად ველოდებოდით. მინდა კოტეს მივულოცო პირველი გამარჯვება, "არმიას" ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა. სათქმელი უკვე ითქვა, შემადგენლობაში ისედაც პრობლემები გვქონდა და ახლა ამან უფრო სერიოზული სახე მიიღო. თამაშის ნახევარი საინტერესოდ წარიმართა, თუმცა შემდეგ უშანსოდ წავაგეთ. იმედია, შევძლებთ დავლაგდეთ, ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ და ჩემპიონატში წარმატებულად ვიასპარეზოთ".
არმია - რუსთავი 76:50
არმია 26 17 15 18
რუსთავი 16 14 6 14
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
წყარო: superleague.ge