2010 წლის 20 ნოემბერს, შაბათსაც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, კალათბურთზე ვიყავი, არადა ძალიან მაინტერესებდა, რა მოხდებოდა საქართველო-კანადის სარაგბო დაპირისპირებისას. რაგბიცა და "არმია"-"სოხუმიც" ერთდროულად, 14 საათზე დაიწყო.
შეიძლება, ვინმემ თქვას, რიგით ჟურნალისტს სად სურდა წასვლა და რატომ არ
იმის თქმა მინდა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და გასაყოფი ქომაგი არ ჰყავს. დროა, სპორტის სხვადასხვა სახეობებმა ერთმანეთს ანგარიში გაუწიონ. მაშინ, როცა საქმე სანაკრებო მატჩებს ეხება, მათი გადატან-გადმოტანაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასეთ შემთხვევებში შიდა ჩემპიონატების ორგანიზატორებმა უნდა დათმონ. ვფიქრობ, არაფერი დაშავდებოდა, სუპერლიგის მე-4 ტურის სამი მატჩი შაბათის ნაცვლად კვირას გამართულიყო. ასეთ შემთხვევაში, შაბათს, სპორტის სასახლეში შეკრებილ ქომაგებთან ერთად თავად კალათბურთელებიც მიაშურებდნენ ეროვნულ სტადიონს, ხოლო კვირას, საქართველო-კანადის დაპირისპირებაზე მისული არაერთი გულშემატკივარი მივიდოდა "არმია"-"სოხუმის" სანახავად.
როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მსგავსად საკალათბურთო სუპერლიგის ხელმძღვანელობასაც სურდა რაგბთან "შეჭიდების" თავიდან აცილება.
- სუპერლიგის კალენდარი ოქტომბერში შედგა. მაშინვე, გავარკვიეთ ტელევიზიის პირველ არხთან რეპორტაჟების გადაცემის საკითხი. იმ პერიოდში ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია, როდის იმართებოდა საქართველოსა და კანადის ნაკრებების დაპირისპირება. რადგან საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხებოდა, პირველმა არხმაც რაგბის ტელერეპორტაჟის გადაცემა გადაწყვიტა, ცხადია, წინააღმდეგ არც ჩვენ წავსულვართ. გვსურდა, ჩვენი ცენტრალური მატჩი რაგბისთვის აგვერიდებინა და ტურის სამი შეხვედრა კვირისთვის გადაგვეტანა, მაგრამ წარმოიშვა ერთი პრობლემა - ტელევიზია კვირას მატჩს ვერ გადასცემდა, შაბათს კი "არმია"-"სოხუმი" ჩანაწერის სახით 18 საათზე უჩვენა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ გრაფიკი უცვლელად დაგვეტოვებინა, - გვითხრა სუპერლიგის ხელმძღვანელმა გიორგი ზაბახიძემ.
როგორც შევიტყეთ, სამომავლოდ იგეგმება სპორტის სხვადასხვა სახეობების ერთ ქსელში მოქცევა, რაც სანაკრებო მატჩებთან შიდა ჩემპიონატების შეხვედრების დამთხვევას თავიდან აგვაცილებს. ეს სწორი გათვლების შემთხვევაში რთული მისაღწევი არ უნდა იყოს. ბოლოსდაბოლოს, ძველ საბერძნეთში ოლიმპიადის დროს ომები წყდებოდა...
* * *
მაშინ, როცა ქართველი მორაგბეები კანადელ ნეკერჩხლებს ფოთლებს აცლიდნენ, სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის ტურის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობდა - "არმია"-"სოხუმი". ეს რეკორდ-მატჩი გამოდგა: ბოლო წლებში რეგულარულ ჩემპიონატზე 4 ათასამდე ქომაგი პირველად მივიდა.
დღის პირველ თამაშში "ბათუმმა" "აგრარულს" სძლია, რაც ზღვისპირელთათვის სეზონის პირველი გამარჯვება აღმოჩნდა. მესამე შეხვედრაში ლოგიკამ თსუ-ს "დინამოსთან" მოგება დააფიქსირა.
ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად ჟურნალისტებს პარასკევის მატჩების გადახედვა დაგვჭირდა. შეგახსენებთ, "სამედიცინომ" ჩემპიონი "ენერჯი" რუსთავში დაამარცხა. ამ შეხვედრაში სნაიპერის სიზუსტით ისროლა "მედიკოსმა" თორნიკე ნინიაშვილმა, 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ტურის მოთამაშედაც თორნიკე დავასახელეთ.
კეშა და თენე
"ბათუმის" გამოცდილ ლიდერ ლაშა კეშელავას თანაგუნდელები კეშას ეძახიან, ხოლო ახალგაზრდა ნოდარ თენიეშვილს - თენეს. ამ დუეტმა შაბათს 54 ქულა მოაგროვა და აჭარლებს სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა. ისინი მხოლოდ სროლის სიზუსტით როდი გამოირჩნენ - 11-11 მოხსნა მოაგროვეს.
"აგრარული"-"ბათუმის" დაპირისპირება ბოლო წუთებამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. სირენამდე 2 წუთით ადრე სტუდენტები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, თუმცა კეშელავამ და ვანო მაისურაძემ სამქულიანები ჩააგდეს და სტუმრებს 5-ქულიანი ფორა დაუბევეს, რისი აღმოფხვრაც "აგრარებმა" ბოლო წუთნახევარში ვეღარ შეძლეს.
აგრარული-ბათუმი 84:89
17:26, 24:16, 20:24, 23:23
აგრარული: ტეტელაშვილი (12ქ, 6პ), ნანიტაშვილი (17ქ, 5მ, 5ფ), ჩაჩანიძე (19ქ, 3პ), ხანიაშვილი (19ქ, 6მ), ჯავახიშვილი (13ქ, 9მ, 3დ, 5ფ), მუმლაძე, გემაზაშვილი (4ქ, 6მ), ამირხანაშვილი.
ბათუმი: რამიშვილი, ვ. მაისურაძე (16ქ), თენიეშვილი (26ქ, 11მ), მიქელაძე (2ქ, 8პ), ნინუა (4ქ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (28ქ, 11მ), ელიაშვილი (2ქ), ელიაძე (11ქ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. არეშიძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.
არ-მი-ა!
ასეთი შეძახილებისა და არმიის ორკესტრის გამამხნევებელი მუსიკის ფონზე ჩაიარა ტურის ცენტრალურმა მატჩმა. თავდაცვის სამინისტროს გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნების ნახევარი შეავსეს, რამაც კალათბურთელების მაქსიმალურად მობილიზებას შეუწყო ხელი. ჰოდა, ლევან მოსეშვილის შეგირდები პირველივე წუთებზე 11:0 დაწინაურდნენ. მათგან შეტევაში მიხეილ ბერიშვილი (17 ქულა) და რეზო ათანელიშვილი გამოირჩეოდნენ, საბოლოოდ 10-ქულიანი ნიშნული კიდევ ორმა "სამხედრიმ" გადალახა - კოტე ტუღუშმა (17 ქულა) და ანატოლი ბოისამ (14). მატჩის ბომბარდირი კი ცენტრი ათანელიშვილი გახდა - 22 ქულა.
"არმიელები" ჯარისკაცებისთვის დამახასიათებლად, მწყობრად იცავდნენ თავს, სოხუმელებს ფარქვეშაც იშვიათად უშვებდნენ და პერიმეტრიდან ტყორცნასაც არ ანებებდნენ. "სოხუმის" მთავარი კოზირი კი სწრაფი შეტევაა, რომლის დროსაც კალათბურთელები მეტოქისთვის მოულოდნელად შორი მანძილიდან ისვრიან და ფარქვეშ თანაგუნდელი ტანმაღლების მოხსნების იმედად არიან. არმიელთა ძირითად შემადგენლობაში "ორმაგი ცენტრი" გამოვიდა (უგრეხელიძე, ათანელიშვილი), რომელსაც ტანმაღალი ბერიშვილი ეხმარებოდა, რამაც ფარქვეშ "სამხედროთა" უპირატესობა განაპირობა. ამას დაერთო სოხუმელი ტანმაღალი ფორვარდის, გიგა კვეტენაძის მუხლის ტრავმა, რომელიც მატჩს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადევნებდა თვალს (სავარაუდოდ კიდევ 3 მატჩს გამოტოვებს). მეორე ტაიმში კი გუნდს გამოაკლდა ერთპიროვნული ლიდერი ლაშა ფარღალავა. მასაც მუხლი აწუხებს.
ასე და ამგვარად, "არმიამ" დამაჯერებელი გამარჯვებით გულშემატკივარს დაანახვა, რომ მიმდინარე სუპერლიგაში სერიოზული ამბიციები აქვს.
არმია-სოხუმი 96:64
26:16, 28:15, 21:14, 21:19
არმია: ბაქრაძე (9ქ, 7პ, 4ჩ), ბაბიაშვილი (9ქ), ბოისა (14ქ, 6მ), მინაშვილი (2ქ), მ. ბერიშვილი (17ქ), ტუღუში (15ქ, 8მ, 4პ), პირველაშვილი, მოსეშვილი, უგრეხელიძე (2ქ, 9მ), ათანელიშვილი (22ქ, 8მ), ათუაშვილი (6ქ, 6მ), საყვარელიძე (6მ, 3პ).
სოხუმი: ფარღალავა (8ქ), ჩლაიძე (2ქ), შანიძე (11ქ, 6მ), სორდია (6ქ, 7მ, 3პ), კანკია (3ჩ), კოპალიანი (2ქ), მაქქერი (11ქ, 6მ, 3პ), კ. დამუსი (7ქ, 13მ, 3დ, 5ფ), რ. დამუსი (15ქ, 8მ, 5ფ), ფერიაშვილი, კვარაცხელია, ძიძიშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი.
კომისარი: მ. რატიშვილი.
ჩიტაშვილის დაბრუნება
ჩემპიონატში მხოლოდ ორი წაუგებელი გუნდია - თსუ და შსს. რადგან "ძალოვნები" მეოთხე ტურში ისვენებდნენ, სტუდენტებს "დინამოსთან" გამარჯვების შემთხვევაში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი უჩნდებოდათ. ნუგზარ ჭეიშვილს არასოდეს უჭირს შეგირდების სათანადოდ განწყობა (აუტსაიდერთან, თუ ფავორიტთან), რაც "დინამოსთან" მატჩმაც დაამტკიცა. თსუ-მ შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარა და 106:72 გაიმარჯვა. სტუდენტებს რიჩარდ მათიაშვილი (24 ქულა) და გიორგი მარხვაშვილი (22) გაუძღვნენ. მართალია, ქულებში მათ ვერ აჯობა, მაგრამ გუნდს არანაკლები სარგებელი მოუტანა მიხეილ ფანჩულიძემ: 15 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა.
...და მთავარი კინაღამ გამოგვრჩა: თსუ-ს დაუბრუნდა სწრაფი გამთამაშებელი მიხეილ ჩიტაშვილი, რომელმაც შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ასევე "რეაქტიული" გიორგი გაფრინდაშვილის გვერდით ჩიტაშვილის დამატება, თსუ-ს ერთი-ორად გააძლიერებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მიშას "ენერჯისთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონიბა აქვს მოპოვებული, თუმცა სუპერლიგაში საუკეთესო მატჩები სწორედ თსუ-ს მაისურით ჩაუტარებია (ორი წლის წინათ, "ენერჯისთან" მატჩში 17 მოხსნა მოაგროვა).
თსუ-დინამო 106:72
24:13, 19:17, 27:17, 36:25
თსუ: ხიზანიშვილი (11ქ, 5მ), ფანჩულიძე (15ქ, 6პ, 6ჩ), გაფრინდაშვილი (1ქ), მარხვაშვილი (22ქ, 7პ), კოხრეიძე (1ქ, 6მ), ლონდარიძე (5ქ, 10მ), კორკოტაძე, ჩიტაშვილი (9ქ, 5მ, 6პ, 4ჩ), მათიაშვილი (24ქ, 7მ, 3დ), ზ. მაისურაძე (7ქ), ყველაშვილი (9ქ), ჩქარეული (2ქ).
დინამო: ეძგვერაძე (6ქ, 3პ, 5ფ), პატარაია (4ქ), თვაური (6ქ), გლუნჩაძე, ალხანაიძე (18ქ, 12მ), თავამაიშვილი (16ქ, 6მ), ჩაველაშვილი (11ქ), გულდედავა (5ქ), კუჭავა (4ქ), წიკლაური (2ქ, 5პ), ცაგარეიშვილი.
მსაჯები: გ. მიქელაძე, დ. სადღობელაშვილი
კომისარი: რ. გელოვანი.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 4 4 0 380-317 8
2. შსს 3 3 0 284-208 6
3. ენერჯი 4 2 2 297-305 6
4. აგრარული 4 2 2 290-294 6
5. სოხუმი 4 2 2 319-332 6
6. არმია 3 2 1 275-233 5
7. ქუთაისი 3 2 1 241-230 5
8. სამედიცინო 4 1 3 274-290 5
9. დინამო 4 1 3 265-358 5
10. ბათუმი 3 1 2 223-227 4
11. სტუ 4 0 4 324-378 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"