სოხუმი-ოლიმპი 61:85
პირველ მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი" და წინა სეზონის ჩემპიონი "სოხუმი" შეხვდნენ. სოხუმელებს აღარ ჰყავთ ის შემადგენლობა, რომლითაც გასულ სეზონში ტიტული მოიგეს. ასაკობრივი ცენზის გამო გუნდი რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა, ეს კი შედეგზე აისახა - სოხუმელებმა შეხვედრა "ოლიმპთან" დიდი სხვაობით - 61:85 წააგეს.
თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი გუნდისთვის მატჩი კარგად დაიწყო და სოხუმელებმა პირველი პერიოდი 19:17 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდში ჩავარდნა ჰქონდათ და
საბოლოოდ, ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 24-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს და "აკადემიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს.
გამარჯვებულებს 17ქულით ნოდარ გოგოძემ ულიდერა, 14 ქულა მოაგროვა ბექა ნადირაძემ, ხოლო სოხუმელებში საუკეთესო შოთა გოლეთიანი გახდა 16 ქულით.
თემურ კანკია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
"მოგეხსენებათ, მოქმედი ჩემპიონები ვართ, თუმცა წელს მთლიანად გადახალისებული შემადგენლობა გვყავს და ფაქტობრივად, გუნდს თავიდან ვაშენებთ. ძირითადად, 2-3 წლით უმცროსი ასაკის ბავშვები თამაშობენ.
დრო გვიჩვენებს ყველაფერს, იმედები ნამდვილად გვაქვს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ბევრის არაფრის თქმა შემიძლია, გუნდი დასალაგებელია და ბევრი სამუშაო გვაქვს".
ზაზა ცაგარეიშვილი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
"მიუხედავად იმისა, რომ გავიმარჯვეთ, თამაშის ხარისხი მაინც არ არის სათანადო დონეზე. როგორც გუშინ აღვნიშნე, შევეცდებით, ნელ-ნელა მოვუმატოთ და სერიოზულ შედეგებზე ვიფიქროთ.
ბიჭებმა დღეს მოახერხეს გუშინდელი შეცდომების გამოსწორება და დავალება ზუსტად შეასრულეს. მაღალმა მოთამაშეებმა, რომლებიც პირველ თამაშში ვერ გამოვიყენეთ, ასევე ზუსტად შეასრულეს მითითებები და დღეს ამის ხარჯზე მოვიგეთ".
აკადემია - შსს აკადემია 71:79
მეორე მატჩი შედარებით დაძაბული გამოდგა. "ოლიმპის" მომგები "აკადემია" "შსს-აკადემიას" შეხვდა და მარცხი განიცადა - 71:79. საკალათბურთო აკადემიის გუნდმა პირველი მეოთხედი 24:23 მოიგო, თუმცა გაცილებით ტანმაღალი და გამოცდილი შემადგენლობის მყოლმა შსს-მ საკუთარი თამაში იპოვა და დიდი შესვენებისთვის 41:38 დაწინაურდა.
აკადემიელებს უჭირდათ შსს-ელთა ცენტრის - შოთა გელაზონიას წინააღმდეგ თამაში, რომელიც სამწამიან ზონაში თითქმის შეუჩერებელი იყო. უკანა ხაზში არჩილ ჟღენტის გუნდს თორნიკე ქიტოშვილი და ლევან გორდულაძე სწყალობდნენ, რაც შედეგზეც აისახა - მესამე პერიოდი შსს-მ 22:10 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 15 ქულით დაწინაურდა.
"აკადემიამ" მოინდომა, დარჩენილ დროში მეტოქეს აჯობა, თუმცა ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება ვერ მოახერხა.
შოთა გელაზონიამ შსს-ს 25 ქულითა და 20 მოხსნით ულიდერა, გორდულაძემ 19 ქულა დააგროვა, ქიტოშვილმა კი - 11. "აკადემიაში" 22 ქულით ბექა დარახველიძე გამოირჩა, ნიკა ღურწკაიამ კი თავის გუნდს 21 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"მიუხედავად გამარჯვებისა, უკმაყოფილო ვარ, რადგან თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. დღეს სეზონის პირველი შეხვედრა გავმართეთ და ვიმედოვნებ, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ შეცდომებს და დაცვაშიც მოვუმატებთ. ჩვენი გუნდი წელს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამ სეზონში მინიმუმ ფინალში უნდა ვითამაშოთ".
ირაკლი ტომარაძე ("აკადემიის" მწვრთნელი):
"ზედიზედ მეორე დაძაბული მატჩი გავმართეთ. ბიჭებმა იბრძოლეს და მათი თამაშით კმაყოფილები ვართ. გუშინ მოვუგეთ ბევრად ძლიერ გუნდ ,,ოლიმპს" და სავსებით შესაძლებელი იყო ეს დღესაც. სამწუხაროდ, ტაქტიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ აღმოვჩნდით. ნელ-ნელა მოვუმატებთ და ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ".
ქუთაისი - რუსთავი 81:66
23 ოქტომბერს ერთი მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "რუსთავს" უმასპინძლა და 81:66 დაამარცხა. რუსთაველები პირველი ტაიმის მანძილზე ტოლს არ უდებდნენ მასპინძლებს და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდში ქუთაისელებმა მეტოქის წინააღმდეგობა დაძლიეს, მეოთხედი 24:12 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.
მასპინძლებს 22 ქულითა და 15 მოხსნით გიორგი ცირეკიძემ ულიდერა, გუჯა ბირკაიამაც ორმაგი დუბლი (19 ქულა, 17 მოხსნა) შეასრულა, ლევან გრძელიძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 19 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა.
შოთა ჯავახიშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ რუსთავს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ერთმანეთთან შეთამაშებულნი არიან და პერიმეტრიდანაც ზუსტად უტევენ. თუმცა არ ჰყავთ მაღალი მოთამაშეები და ჩვენ სწორედ ამის ხარჯზე ვაჯობეთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ დავუბრუნდით 20-წლამდელთა ჩემპიონატს და ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ, ტრავმირებულია უჩა გამრეკლიძე, რომელიც გუნდს უახლოესი 10 დღე ვერ დაეხმარება".
მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
"სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა მესამე პერიოდში სერიოზული ჩავარდნა გვქონდა, ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, ფარი წავაგეთ. ამ ყველაფრის გამო დავმარცხდით. თუმცა ეს მხოლოდ პირველი თამაშია. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლა იქნება".
წყარო: u-20.ge