შსს აკადემია-ოლიმპი 85:59 - აკადემიელთა დამაჯერებელი მოგება

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა "ოლიმპი" 26 ქულის სხვაობით - 85:59 დაამარცხა.

ანგარიშში არსებული სხვაობა რეალურად არ ასახავს თამაშის მსვლელობას. ეს გარემოება თავად "შსს-აკადემიაის" მთავარმა მწვრთნელმა დრაგან პერტიჩევიჩმაც აღნიშნა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შსს-ელები ნიადაგ ლიდერობდნენ, თუმცა არც ისეთი სხვაობით, რომ დამშვიდების საშუალება ჰქონოდათ. პირველი პერიოდის 8:15 წაგების შემდეგ "ოლიმპის" კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს და სწრაფი შეტევების წყალობით ჩამორჩენა დიდი შესვენებისთვის 3 ქულამდე შეამცირეს - 32:29.

მესამე პერიოდში აკადემიელებმა დაცვა გაამაგრეს, რასაც სწრაფი შეტევების განხორციელება და ფარქვეშ გაბატონება მოჰყვა. შედეგად პეტრიჩევიჩის გუნდმა
მე-3 მეოთხედი 26:17 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდისთვის 12 ქულით დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში აკადემიელებმა საბოლოოდ გატეხეს ოლიმპელთა წინააღმდეგობა და დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, 17 ქულა ჰქონდა მერაბ ბოქოლიშვილს, ხოლო 14 - ილია ლონდარიძეს. "ოლიმპში" 14-14 ქულით საუკეთესონი იყვნენ რეზო ათანელიშვილი და გიორგი ხანიაშვილი, ხოლო ნოდარ თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა - 9 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

09.11.13, 14:00

შსს აკადემია-ოლიმპი 85:59
შსს აკადემია 15 17 26 27 
ოლიმპი 8 21 17 13

Sportall.Ge

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დრაგან პეტრიჩევიჩი ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "მართალია 26 ქულით მოვიგეთ, თუმცა ეს სხვაობა რეალურად არ ასახავს თამაშის მიმდინარეობას, მთელი სამი პერიოდი თანაბარი თამაში იყო. მივულოცავ ჩემს მოთამაშეებს დამსახურებულ გამარჯვებას. ორშაბათიდან უკვე შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ საკმაოდ მცირე დროში. დღეს 21 დაკარგვა გვქონდა და წინ დიდი სამუშაო გვაქვს, რათა "ქუთაისთან" იგივე ხარვეზები არ გვქონდეს. მინდა მადლობა ვუთხრა "ოლიმპის" გუნდს გაწეული წინააღმდეგობისთვის".

დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ეს შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან "შსს აკადემიის" თამაში გაანალიზებული გვქონდა, ისევე როგორც მათ ჰქონდათ გაანალიზებული ჩვენი თამაშები. დღეს ჩვენ ფარქვეშ ვერაფერი გავაწყვეთ, მათ კი ფარქვეშიდან ძალიან დიდი პროცენტი ჰქონდათ. მწვრთნელმა სწორი ტაქტიკა აირჩია ჩვენ წინააღმდეგ სათამაშოდ, კარგად მოემზადნენ და შესაბამისად, შედეგიც ლოგიკური დადგა".

მერაბ ბოქოლიშვილი ("შსს აკადემია"): "დავეთანხმები მწვრთნელს, რომ თანაბარი და რთული თამაში იყო, "ოლიმპმა" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. წინა თამაშების შეცდომები მეტნაკლებად გამოვასწორეთ და დღეს გავიმარჯვეთ, თუმცა ქუთაისთან სერიოზული თამაში გველის და ამდენი დაკარგვებით და ხარვეზებით მოგება რთული იქნება, ამიტომ სამუშაო გვაქვს".

ნოდარ თენეიშვილი ("ოლიმპი"): "მივულოცავ "შსს აკადემიას" გამარჯვებას. პირველი ორი მეოთხედი ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა მესამე პერიოდში, როცა გარდატეხა უნდა შეგვეტანა თამაშში, ბევრი შეცდომა დავუშვით და სხვაობის აღმოფხვრა ბოლო მეოთხედში ვეღარ მოვახერხეთ. ვიმუშავებთ, მათიაშვილიც დაგვიბრუნდება და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული