ნინიაშვილი: აშკარად კარგი ჩემპიონატი გვაქვს

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატში იმდენი საინტერესო თამაშია, რომ ტურის ცენტრალური მატჩის გამოყოფაც რთულდება და საუკეთესო კალათბურთელის გამორჩევაც. მეტსაც გეტყვით, მეოთხე ტურში არათუ MVP-ს, არამედ სიმბოლურ ხუთეულში შესაყვანი კალათბურთელების არჩევაც გაგვიჭირდა. საბოლოოდ ზოგიერთი ღირსეული კანდიდატი სიმბოლური ნაკრების მიღმა აღმოჩნდა. ეს, პირველ რიგში, ნოდარ თენიეშვილს ეხება...

ჟურნალისტთა უმეტესობამ საუკეთესო კალათბურთელი რუსთავში "ენერჯის" მძლეველი "სამედიცინოდან" შეარჩია - თორნიკე ნინიაშვილი. საინტერესოა, რომ სუპერლიგის საიტზე მიმდინარე გამოკითხვაშიც სწორედ თორნიკე ლიდერობს - ხმების 26.9 პროცენტი. მან რუსთავში 17-დან 11 ორქულიანი ჩააგდო და 22 ბალი მოაგროვა.

ტრადიციულად, გთავაზობთ ინტერვიუს
ტურის საუკეთესო კალათბურთელთან, რომელთან საუბარი "ენერჯისთან" მატჩით დავიწყეთ.

- საწყისი სამი მარცხის შემდეგ, რუსთავში რა განწყობით ჩახვედით?
- მოსაგებად! თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმტება ჩვენ დაგვრჩებოდა. სამი წაგების მერე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და ვფიქრობ, სწორედ "ენერჯისთან" მატჩი იქცევა შემოტრიალების წერტილად.

- რის ხარჯზე დაამარცხეთ მასპინძლები?
- სეზონის დაწყების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ, რუსთავშიც კარგად გავისარჯეთ. შეიძლება, ჩვენს სასარგებლოდ გარკვეულმა ფსიქოლოგიურმა მომენტმაც იმოქმედა, ცოტა ფორტუნაც დაგვეხმარა...

- მეორე ტაიმში შენც უკეთესად ითამაშე და დანარჩენმა "მედიკოსებმაც"...
- ქულათა უმეტესობა მეორე ნახევარში ჩავაგდე. ძალიან მიჭირს რომელიმე თანაგუნდელის გამორჩევა, რადგან გუნდური კალათბურთი ვითამაშეთ. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჩაჩიბაიამ, გულისაბედაშვილმა, თავართქილაძემ...

- საწყის სამ ტურში წაგების მიზეზი რა იყო?
- ჩემპიონატი რომ დაიწყო, ახალი შეკრებილები ვიყავით. შეთამაშება და ვარჯიში გვაკლდა. ახლა ამ მხრივ ყველაფერი გამოსწორდა და თამაშსაც ნელ-ნელა ვუმატებთ. ვიმედოვნებ, მეოთხე ტურიდან შედეგებსაც გავაუმჯობესებთ და ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიაც საფუძვლიანი იქნება.

- ბოლოს, მიმდინარე სუპერლიგაზე გკითხავ.
- კარგი ჩემპიონატი გვაქვს. წინა წლების პირველობებს აშკარად სჯობს. მართალია, არის ერთი-ორი აუტსაიდერი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათი ძლევა იოლია. ფავორიტად კი "არმია" მიმაჩნია, რომელშიც ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული