ჟურნალისტთა უმეტესობამ საუკეთესო კალათბურთელი რუსთავში "ენერჯის" მძლეველი "სამედიცინოდან" შეარჩია - თორნიკე ნინიაშვილი. საინტერესოა, რომ სუპერლიგის საიტზე მიმდინარე გამოკითხვაშიც სწორედ თორნიკე ლიდერობს - ხმების 26.9 პროცენტი. მან რუსთავში 17-დან 11 ორქულიანი ჩააგდო და 22 ბალი მოაგროვა.
ტრადიციულად, გთავაზობთ ინტერვიუს
- საწყისი სამი მარცხის შემდეგ, რუსთავში რა განწყობით ჩახვედით?
- მოსაგებად! თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმტება ჩვენ დაგვრჩებოდა. სამი წაგების მერე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და ვფიქრობ, სწორედ "ენერჯისთან" მატჩი იქცევა შემოტრიალების წერტილად.
- რის ხარჯზე დაამარცხეთ მასპინძლები?
- სეზონის დაწყების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ, რუსთავშიც კარგად გავისარჯეთ. შეიძლება, ჩვენს სასარგებლოდ გარკვეულმა ფსიქოლოგიურმა მომენტმაც იმოქმედა, ცოტა ფორტუნაც დაგვეხმარა...
- მეორე ტაიმში შენც უკეთესად ითამაშე და დანარჩენმა "მედიკოსებმაც"...
- ქულათა უმეტესობა მეორე ნახევარში ჩავაგდე. ძალიან მიჭირს რომელიმე თანაგუნდელის გამორჩევა, რადგან გუნდური კალათბურთი ვითამაშეთ. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჩაჩიბაიამ, გულისაბედაშვილმა, თავართქილაძემ...
- საწყის სამ ტურში წაგების მიზეზი რა იყო?
- ჩემპიონატი რომ დაიწყო, ახალი შეკრებილები ვიყავით. შეთამაშება და ვარჯიში გვაკლდა. ახლა ამ მხრივ ყველაფერი გამოსწორდა და თამაშსაც ნელ-ნელა ვუმატებთ. ვიმედოვნებ, მეოთხე ტურიდან შედეგებსაც გავაუმჯობესებთ და ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზიაც საფუძვლიანი იქნება.
- ბოლოს, მიმდინარე სუპერლიგაზე გკითხავ.
- კარგი ჩემპიონატი გვაქვს. წინა წლების პირველობებს აშკარად სჯობს. მართალია, არის ერთი-ორი აუტსაიდერი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათი ძლევა იოლია. ფავორიტად კი "არმია" მიმაჩნია, რომელშიც ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი.