სუპერლიგა. 2013/14: წრედი შეიკრა, განათდა!

AutoSharing Option
პირველი წრე შაბათს დასრულდა.

2013 წლის ბოლო ტური, წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით ნათელი გამოდგა: სამი შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

ხოლო ყველაზე მეტად რომ გვეგონა, თანაბარი იქნებოდა, სწორედ იმ მატჩში დაფიქსირდა დიდი სხვაობა - თანაც, სატურნირო ცხრილის ქვემოთ მყოფმა ერთ-ერთ ლიდერს, "არმიას" აჯობა 23-ქულიანი ფორით.

Sportall.Geმძლეთამძლეს "ქუთაისმა" სძლია
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქუთაისმა გათამაშების ლიდერ "დინამოს" უმასპინძლა
და დრამატულ ბრძოლაში ხუთი ქულის სხვაობით დაამარცხა.

ეს მიმდინარე სეზონში თბილისელთა პირველი მარცხი იყო, თუმცა წაგების მიუხედავად, დედაქალაქელებმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს. შეხვედრა საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, თამაში უმეტესად ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ბოლო წამებამდე გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.

თავიდან უპირატესობა თბილისელთა მხარეს იყო. მილოშევიჩისა და ჭოჭუას შედეგიანი შეტევების შემდეგ "დინამო" დებიუტში დაწინაურდა. პირველი პერიოდის ბოლომდე სტუმრები უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მათგან კარტერი, ლეჟავა და პეშიჩიც გამოირჩეოდნენ.

ქუთაისელთაგან კი დინამოელებს ყველაზე მეტ პრობლემას დვალიშვილი უქმნიდა, რომელსაც კარგად აუბეს მხარი ფაშაევმა, ცეკვავამ და გიგი ბარბაქაძემ, რომლის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქუთათურებმა თამაში გააუმჯობესეს, პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ცეკვავამ ანგარიშიც გაათანაბრა - 15:15. თუმცა საწყისი მეოთხედი მაინც სტუმართა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 17:19.

მეორე პერიოდში ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხან მეორე. კვლავ სასარგებლო იყო დვალიშვილი, რომელმაც ზუსტი საჯარიმო სროლებით საკუთარი გუნდი ისევ დააწინაურა, რასაც ცირეკიძის სამქულიანი სროლაც მოჰყვა და "ქუთაისი" მეორე პერიოდის დასრულებამდე 29 წამით ადრე 4 ქულით წინ გაიჭრა, თუმცა კარტერმა სამიანითვე უპასუხა და მასპინძელთა მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.

გადამწყვეტი. მატჩის სცენარი დიდი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა. თამაში კვლავ ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა ერთ ეპიზოდში მასპინძლებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს, რამაც ქუთაისელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"ქუთაისი" მესამე პერიოდის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე 13 ქულით დაწინაურდა (58:45). ლეჟავასა და პეშიჩის აქტიურობის შედეგად სტუმრებმა სხვაობა მცირედით კი შეამცირეს, თუმცა ქუთათურებს გადამწყვეტ მეოთხედში 9-ქულიანი უპირატესობა უმაგრებდათ ზურგს.

აქვე უნდა ვახსენოთ ახალგაზრდა გიორგი ცირეკიძის დამაჯერებელი თამაში, რომელმაც მასპინძლებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა შესძინა და თავი დაცვაშიც გამოიჩინა.

მეოთხე პერიოდში მილოშევიჩის ნაცვლად თამაშში ჩართულმა პეშიჩმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა, თუმცა ცეკვავას აქტიურობის შემდეგ ქუთაისელები კვლავ 8 ქულით დაწინაურდნენ. "დინამომ" ბოლომდე იბრძოლა: ლილუაშვილისა და ჭოჭუას ზუსტი სამიანების შემდეგ სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა - 75:74. აქედან მოყოლებული, თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა.

შეხვედრის ბოლო წუთებმა ძალიან ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა. მატჩის დამთავრებამდე 1:12 წუთით ადრე "ქუთაისი" მხოლოდ სამი ქულით იგებდა და "დინამოს" თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო რჩებოდა, მაგრამ სტუმრებმა შედეგიანი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხეს.

ლეჟავას სამქულიანი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა. შემდეგ პეშიჩმა სცადა ბედი, მაგრამ მას ქუთაისელებმა დაუფარეს. ამ ეპიზოდში თბილისელთა თავკაცი ირაკლი ხოშტარია ჯარიმის დანიშვნასა და სამი საჯარიმო სროლის უფლებას ითხოვდა, რის გამოც მწვრთნელებს შორის მცირეოდენი შეკამათება მოხდა. ამან გულშემატკივრების "აფეთქებაც" გამოიწვია და უკანასკნელი წამები მღელვარებამ მოიცვა...

ბოლოს დაცვაში ყურადღებით მოთამაშე ქუთათურებმა მეტოქე, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ლომინაშვილმა ზუსტი ორქულიანით მატჩს წერტილიც დაუსვა - 83:78.

სტატისტიკა არ ტყუის. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა, მართალია, მცირე უპირატესობით, მაგრამ მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა. სტუმრებს უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამქულიან სროლებში ჰქონდათ. მათ 24-დან 10 სამქულიანი ჩააგდეს, ერთით მეტი, ვიდრე ქუთათურებმა (9/27).

რჩეული. ორმაგი დუბლი "ქუთაისის" ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა - 20 ქულა და 11 მოხსნა. დინამოელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა სტევან მილოშევიჩმა (12ქ, 14მ), თუმცა ამ მაჩვენებლის მიუხედავად, "ქუთაისთან" მატჩი მისთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.

კარგად გაისარჯნენ მასპინძელთა გამთამაშებლები - ზაურ ფაშაევი და ლევან ცეკვავა, რომლებმაც შესაბამისად, 20 და 18 ქულა მოაგროვეს.

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან

Sportall.Geორქულიანი მეორე
გადამწყვეტი. მესამე პერიოდის დასრულებამდე წუთი იყო დარჩენილი, როცა ლევან ხმელიძის ორქულიანის შემდეგ "რუსთავი" 16 ქულით დაწინაურდა (53:37). ამის შემდეგ "ოლიმპმა" ყველა ღონე იხმარა მატჩის მოსაგებად და მის სასახელოდ უნდა ითქვას, ბოლო წამებზე შინ გამარჯვებით გაბრუნების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

სტატისტიკა არ ტყუის. როცა თამაში მცირე სხვაობით მთავრდება, თვალი ძალაუნებურად საჯარიმო ტყორცნებისკენ გაგექცევა. ამ კომპონენტში ორივე გუნდი მოიკოჭლებდა, არადა, შეიძლებოდა გადამწყვეტი სწორედ საჯარიმოები აღმოჩენილიყო: "რუსთავმა" 20-დან 11 ჩააგდო, "ოლიმპმა" 30-დან - 14.

რჩეული. მასპინძლებს ფარქვეშ უპირატესობა რომ ჰქონდათ, უმთავრესად, სერგო ათუაშვილის დამსახურებაა, რომელმაც სეზონის რეკორდი დაამყარა - ბურთი 22-ჯერ მოხსნა, რასაც 19 ქულა მიამატა და გუნდს მეორედ მოაგებინა.

Sportall.Geსენსაცია?
ნამატჩევს მეგობარმა ჟურნალისტმა მკითხა: შსს-ს მიერ "ბათუმის" ძლევა ვითომ სენსაციაა? ჩემი პასუხი უარყოფითი იყო, რადგან "შსს აკადემიაში" საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ და ახალგაზრდების ამბავი ხომ იცით: თუ თამაში წაუვიდათ, მათი შეჩერება მეტად რთულია.

"ბათუმში" კი ქულების 60-70 პროცენტს სამი კალათბურთელი აგროვებს (ლეგიონერები), რომელთაგან ერთ-ერთი მოწოდების სიმაღლეზე რომ ვერ იყოს, ეს შეიძლება საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახოს.

გადამწყვეტი. მერვე ტურში "შსს აკადემიამ" "სოხუმთან" 22-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მაშინ დავწერე: ეს აკადემიელთათვის დიდი გაკვეთილი იქნება-მეთქი.

მართლაც, მომდევნო შეხვედრაში, "ბათუმთან" გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი ისე გააკეთეს, 30 წელს გადაცილებულ გამოცდილ კალათბურთელებს რომ შეშვენით.

გამარჯვება 7-წამიან მონაკვეთში მერაბ ბოქოლიშვილის 4-მა ქულამ განაპირობა: მან ჯერ ორი საჯარიმო გამოიყენა, შემდეგ, გვერდიდან ბურთი ისევ შსს-ელებმა რომ შეიტანეს, მერაბმა ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო - 73:71. დარჩენილ დროში თბილისელებმა თავი კარგად დაიცვეს და სატურნირო ცხრილში მოგება-წაგებათა რაოდენობა გაითანაბრეს - 4-4.

დავწერეთ: "გვერდიდან ბურთი ისევ შსს-ელებმა რომ შეიტანეს..." მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მანამდე მსაჯებმა ლექსო ლაფანაშვილთან გაწევ-გამოწევისთვის ავთანდილ ელიაშვილი გააძევეს. როგორც თამაშის შემდეგ ბათუმელთა თავკაცმა მიხეილ კობეშავიძემ თქვა, სწორედ ამან იმოქმედა მატჩის შედეგზე.

სტატისტიკა არ ტყუის. აქაც საჯარიმოები უნდა ვახსენოთ. როგორც ჩანს, შსს მართლაც კარგად
მობილიზებული შეხვდა ბათუმელებთან შეხვედრას. მასპინძლებმა ყურადღებიანად სტყორცნეს საჯარიმოები, 14-დან 12 გამოიყენეს, მაშინ, როცა "ბათუმის" კალათბურთელებს 12 თავისუფალი ტყორცნის ჩასაგდებად 22 ტყორცნა დასჭირდათ.

რჩეული. შსს-ელთა წარმატება გუნდურობამ განაპირობა, თუმცა სტატისტიკამ მაინც გამოარჩია 22-ქულიანი ბოქოლიშვილი და 26-ქულიანი ლონდარიძე.

მატჩის შემდეგ. "შსს აკადემიას" თავკაცმა არჩილ ჟღენტმა საყურადღებო განცხადება გააკეთა:
- ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 3 თამაში ჩაატარა. აქედან 2 მოვიგეთ და "სოხუმთან" წარმატებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დადიან და ლაპარაკობენ, რომ გუნდში მწვრთნელი უნდა შეიცვალოს. ისინი ცდილობენ, სიტუაცია არიონ. მინდა მივუსამძიმრო მათ დღევანდელი გამარჯვება.

Sportall.Ge"სოხუმი" დაიქოქა
"არმიას" "სოხუმთან" დაპირისპირებამდე ორით მეტი მოგება ჰქონდა და ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ სოხუმელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სეზონის დასაწყისში მცირე ჩავარდნა ლოკალური მოვლენა იყო.

გადამწყვეტი. მეორე პერიოდის დასაწყისში "სოხუმის" კარგი დაცვის გამო "არმიას" შეტევას სუსხი შეეპარა და 14-ზე გაიყინა - ზღვისპირელებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და 26:14 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა "არმიამ" ძალა მოიკრიბა, დაწევა სცადა, მაგრამ მათ მონდომებას ჩლაიძემ თუ ჯექსონმა სამქულიანები შეაგებეს და სეზონის მეხუთე მატჩი მოიგეს.

სტატისტიკა არ ტყუის. ნამატჩევს "არმიას" მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა თამაშიდან ტყორცნების სიზუსტეზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, როგორც ჩანს, გუნდი სათანადოდ ვერ მოვამზადეო. "არმიამ" თამაშიდან 71-დან მხოლოდ 20 ტყორცნა გამოიყენა.

რჩეული. ტრავმამოშუშებული ირაკლი ჩლაიძე ფორმას იბრუნებს. მის ანგარიშზე 18 ქულაა. ასევე აუმჯობესებს თამაშს მეფარე ჯერემი საიმონსი (14 ქულა, 17 მოხსნა), "სოხუმის" ხერხემალი კი გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონია - 21 ქულა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. დინამო 8 7 1 703/532 15
2. არმია 8 6 2 616/537 14
3. ქუთაისი 8 6 2 692/556 14
4. ბათუმი 8 5 3 698/632 13
5. სოხუმი 8 5 3 644/547 13
6. შსს აკადემია 8 4 4 565/601 12
7. რუსთავი 8 2 6 528/649 10
8. ოლიმპი 8 1 7 578/682 9
9. მაკაბი 8 0 8 556/844 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული