შსს - ერთადერთი უძლეველი

AutoSharing Option
ორი წლის წინათ სუპერლიგის ყოველი ტურის მიმოხილვაში საუკეთესო კალათბურთელის დასახელების პარალელურად ტურის მოვლენას ვარჩევდით, თუმცა მაშინ ასარჩევად საქმე ნამდვილად არ გვქონდა, საინტერესო ფაქტების სიუხვით განებივრებულები ნამდვილად არ ვიყავით. ამიტომ, ტურის მოვლენაზე წერა შუა სეზონში შევწყვიტეთ. სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: თითოეული ტური საფერავის მტევანივითაა დახუნძლული სიახლეებით. არც მეხუთე ტური გამოდგა გამონაკლისი.

შაბათს მეოცე ჩემპიონატს პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა, "ქუთაისმა" შსს-სთან ძირითადი დრო 77:77 ითამაშა. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, დეკემბერში კიდევ ვიხილავთ ოვერტაიმიან მატჩებს, რადგან ბევრი გუნდი თანაბარი ძალისაა. მეხუთე ტურამდეც არაერთი გუნდი
გადაურჩა დამატებით დროს...

შაბათს საქართველოს ჩემპიონატს ერთი დაბიუტანტი ჰყავდა - თემურ ბაბუნაშვილი, რომელმაც ფეხის ტრავმა მოიშუშა და "ქუთაისის" მაისურით სუპერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. ვისაც ეს გვარ-სახელი არ გეცნოთ, შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინათ, სწორედ ბაბუნაშვილმა გაიყვანა რუსეთის ნაკრები კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც რიკი რუბიოს ესპანეთთან დამარცხდა.

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის, თსუ-ს საშინაო მარცხი გამოდგა - "ენერჯიმ" 90:74 მოუგო.

მორიგი რეკორდი მეხუთე ტურმაც შემოგვთავაზა: სოხუმელ-ამერიკელმა რიჩარდ დამუსმა "დინამოსთან" მატჩში 19 მოხსნა მოაგროვა და დავით იმნაძის რეკორდი ორით გააუმჯობესა.

ტურის საუკეთესო კალათბურთელის გამორჩევა, როგორც არასდროს, ამ ჩემპიონატში გვიჭირს - თანაბარ თამაშებში არაერთი ღირსეული კანდიდატია. ასევე იყო, მეხუთე ტურშიც. საობლოოდ ტურის MVP, ლიდერი თსუ-ს მძლეველი "ენერჯიდან" შევარჩიეთ. მართალია, კამერუნელმა სამუელ ლამუმ 23 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო ბექა წივწივაძე იყო: 22 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა.

დინამო-სოხუმი 70:91
16:20, 16:28, 17:23, 21:20.
დინამო: ეძგვერაძე (2ქ, 5ჩ, 5ფ), პატარაია (11ქ, 3პ), თვაური (8ქ), გლუნჩაძე (5ქ), ალხანაიძე (5ქ, 11მ), თავამაიშვილი (6ქ, 6მ, 3პ, 2დ), ჩაველაშვილი (5ქ, 3პ), გულდედავა (10ქ, 5მ), კუჭავა (11ქ), წიკლაური (7ქ), ცაგარეიშვილი, შალიკიანი.
სოხუმი: ჩლაიძე (3ქ), შანიძე (14ქ, 4ჩ), სორდია (16ქ, 6მ, 8პ), კანკია (4ქ, 6პ, 3ჩ), კოპალიანი (11ქ), მაქქერი (17ქ, 5ჩ), კ. დამუსი (4ქ), რ. დამუსი (19ქ, 19მ, 3ჩ, 2დ), კორძაძე, კვარაცხელია, ძიძიშვილი, თვარაძე.
მსაჯები: დ. არეშიძე, ხ. გაბედავა.
კომისარი: რ. ხომერიკი.

"სოხუმმა" "დინამოს" წინააღმდეგ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა - ლაშა ფარღალავა და გიგა კვეტენაძე გუნდს დეკემბრის შუამდე ვერ დაეხმარება _ ორივეს მუხლი სერიოზულად აწუხებს.

დანაკლისის მიუხედავად სამი ამერიკელით გაძლიერებულმა "სოხუმმა" დამაჯერებლად მოუგო დინამოელებს. რიჩარდ დამუსზე ზემოთ ვთქვი, მაიკ მაქქერიმ კი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო თამაში უჩვენა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი დამატება სწორი ნაბიჯი იყო.


შსს-ქუთაისი დ/დ 90:86 (77:77)
20:18, 20:22, 14:19, 23:18, 13:9.
შსს: დ. ბერიშვილი (7ქ, 3პ), ლაფანაშვილი (13ქ), ლეჟავა (19ქ, 3ჩ), ი. ბერიშვილი (8ქ, 3პ), კოტონი (14ქ, 8მ), მარკოიშვილი (3ქ, 6მ, 4პ), ბარბაქაძე (8ქ, 9მ), იმნაძე (11ქ, 17მ, 3დ), შერმადინი (2ქ), ტომარაძე (5ქ, 3ჩ).
ქუთაისი: კვერნაძე, ბაბუნაშვილი (2ქ), დიდია (7ქ, 7პ, 6მ), ბ. ბერიშვილი (21ქ, 7მ, 5პ, 5ჩ), კვიმსაძე (14ქ, 3პ), ტუკვაძე, ბოლქვაძე (4ქ), ლომინაშვილი (4ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 9მ), კოღუაშვილი (16ქ, 5მ), ქორიძე (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე.
კომისარი: მ. რატიშვილი.

სწორედ მაშინ, როცა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამერიკელებს შეერკინა, სპორტის სასახლეში "ქუთაისი" შსს-ს "დაეჭიდა". ქუთათურებმა შაბათსაც დაგვანახეს, რომ მეორე ტურში "არმიის" ძლევა შემთხვევითი მოვლენა არ იყო. ისინი ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 9 ქულით იგებდნენ, თუმცა ტროი კოტონისა და სოსო შერმადინის სიზუსტის წყალობით "ძალოვნებმა" ჩამორჩენა 1 წუთში 2 ქულამდე შეამცირეს. ამის შემდეგ ვიქტორ კოღუაშვილმა, ბუბა ბერიშვილმა და გიგი ბარბაქაძემ შეტევა-საჯარიმოები შედეგიანად დააგვირგვინეს და საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ”ქუთაისი” 76:70 დააწინაურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ დანებდნენ - გუნდის გაძღოლა ბესიკ ლეჟავამ ითავა, რომელიც ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდა იმერელთა კალათის დალაშქვრას და მიზანსაც აღწევდა. ლეჟავას მხარი ლექსო ლაფანაშვილმაც აუბა, რომელმაც მეტად საჭირო სამქულიანით შსს-ს ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 75:76. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა ქუთაისელებმა შეუტიეს, ბუბა ბერიშვილმა სამიანი ააცილა, თუმცა ბურთი კოღუაშვილმა მოხსნა, მაგრამ ვერც ბარბაქაძის შორეულმა სროლამ მიაღწია მიზანს. შსს გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ იგივე დაემართა, რაც წინა ეპიზოდში ”ქუთაისს”. ლეჟავამ და ლაფანაშვილმა სამქულიანები გააცუდეს. ძირითადი დროის დასრულებამდე 18 წამით ადრე ბურთი ”ქუთაისის” გამთამაშებელმა ბერიშვილმა მოიპოვა და შეტევაში გაჭრილ ბაბუნაშვილს გადააწოდა, რომელიც ლეჟავამ განზრახ შეაჩერა და მსაჯისგან არასპორტული ჯარიმა დაიმსახურა. სირენამდე 16 წამით ადრე ქუთაისელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, 2 საჯარიმოს ესროდნენ და ბურთიც გვერდიდან შემოჰქონდათ. ასეთი ხელსაყრელი სიტუაცია ქუთათურებმა ვერ გამოიყენეს. ბაბუნაშვილმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, გვერდიდან შემოტანილი ბურთი კი იმერლებს ისევ პირით ხაზს მიღმა გაექცათ და 2 ქულით ჩამორჩენილ შსს-ს შესატევად 15 წამი დარჩა.

სტუმართა ფარისკენ კვლავ ლეჟავა დაიძრა და სირენამდე 7 წამი რჩებოდა, ჯარიმების ტყორცნის უფლება რომ მოიპოვა. ლეჟავამ ორივე საჯარიმო ჩააგდო და - 77:77. დარჩენილ დროში სტუმრებმა შეტევის ორგანიზება მოახერხეს, მაგრამ ბარბაქაძის სროლისას საფინალო სირენა და ჯარიმის მაუწყებელი სასტვენი თითქმის ერთდროულად გაისმა. როგორც მსაჯებმა გაარკვიეს, ჯარიმამდე დრო ამოწურული იყო, რამაც სტუმრები აღაშფოთა, თუმცა თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.
დამატებით ხუთ წუთში უფრო ზუსტი შსს-ელები აღმოჩნდნენ და ჩემპიონატში მეოთხე მატჩიც (წინა ტურში დაისვენეს) მოიგეს.


თსუ-ენერჯი 74:90
15:23, 19:21, 17:32, 23:14.
თსუ: ხიზანიშვილი, ფანჩულიძე (14ქ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (6ქ, 5მ), მარხვაშვილი (12ქ, 4პ), ლონდარიძე (8ქ, 10მ, 4პ), კორკოტაძე (2ქ), ჩიტაშვილი, მათიაშვილი (24ქ, 12მ), ყველაშვილი (8ქ, 8მ).
ენერჯი: მაჭავარიანი (11ქ, 3პ), გ. ბერუაშვილი, ცეკვავა (18ქ, 3ჩ), წივწივაძე (22ქ, 8მ, 4პ, 3ჩ), აბაიშვილი (2ქ, 6პ), გუგავა (2ქ), ტუჯანი (12ქ, 4პ), ლამუ (23ქ, 10მ, 4დ).
მსაჯები: გ. მიქელაძე, დ. სადღობელაშვილი
კომისარი: რ. გელოვანი.

შაბათამდე ოთხი გამარჯვებით სატურნირო ცხრილს თსუ ლიდერობდა, რომელიც "სამედიცინოსგან" ძლეულ "ენერჯის" (მეოთხე ტურში) მასპინძლობდა. ფავორიტად სტუდენტები ითვლებოდნენ, თუმცა, ალბათ, მათთვისაც მოულოდნელად რუსთაველებმა მეტად დამაჯერებლად ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ელებმა სტუმრებს მოხსნებში 50:33 აჯობეს, საბოლოო გამარჯვება მაინც "ენერჯის" დარჩა.

პირველი მეოთხედი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა, თუმცა რუსთაველები უფრო ხშირად ლიდერობდნენ. მეორე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 34:34. ამ მომენტიდან მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. რუსთაველებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 44:34 გავიდნენ.

მეორე ტაიმიდან რუსთაველებმა უფრო მძლავრად შეუტიეს. მესამე მეოთხედის შუა ხუთწუთეული ბექა წივწივაძისა და კამერუნელი სამუელ ლამუს ბენეფისი გამოდგა. ორივე კალათბურთელმა დროის ამ მონაკვეთში ჯამში 18 ქულა მოაგროვა და "ენერჯი" 66:40 დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ თსუ წაგებას არ ეგუებოდა და პრესინგით ცდილობდა თავის გადარჩენას, ყველაფერი მაინც რუსთაველთა სასარგებლოდ გადაწყდა.


აგრარული-არმია 68:112
13:30, 28:17, 10:33, 17:32.
აგრარული: ტეტელაშვილი (5ქ, 10პ, 3ჩ), ნანიტაშვილი, ჩაჩანიძე (23ქ, 3ჩ), ხანიაშვილი (14ქ, 3პ), ჯავახიშვილი (16ქ, 5მ, 5ფ), მუმლაძე (8ქ, 10მ), გემაზაშვილი (2ქ), ბააკაშვილი, კანდელაკი.
არმია: ბაქრაძე (3ქ, 4პ), ბაბიაშვილი (19ქ, 10მ, 3ჩ), ბოისა (10ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), მ. ბერიშვილი (5ქ, 5მ), ტუღუში (31ქ, 11მ, 5პ), პირველაშვილი (5ქ, 10მ), მოსეშვილი, უგრეხელიძე (18ქ, 12მ, 4დ), ათანელიშვილი (3ქ, 5მ), ათუაშვილი (1ქ, 5მ), საყვარელიძე (17მ, 7პ, 5მ, 5ფ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე.

სიჩქარეს კრეფს ლევან მოსეშვილის "არმია", რომელმაც "აგრარული" 44 ქულის სხვაობით დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კოტე ტუღუში იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, რაც სეზონის მესამე მაჩვენებელია: ფარღალავას 33 ქულა აქვს ჩაგდებული, ფანჩულიძეს - 32, ტუღუშს - 31.

არმიელებს მომავალ უხმეებზე მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ელით, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თსუ-ს უმასპინძლებენ.

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 5 4 1 454/407 9
2. შსს 4 4 0 374/294 8
3. ენერჯი 5 3 2 387/379 8
4. სოხუმი 5 3 2 410/402 8
5. არმია 4 3 1 387/301 7
6. აგრარული 5 2 3 358/406 7
7. ქუთაისი 4 2 2 327/320 6
8. ბათუმი 4 2 2 314/313 6
9. დინამო 5 1 4 335/449 6
10. სამედიცინო 4 1 3 274/290 5
11. სტუ 5 0 5 410/469 5









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული