ნაკრების ბიძგი ეროვნულ ჩემპიონატს

AutoSharing Option
სუპერლიგის V ტური 27 ნოემბერს გაიმართა, VI ტური - 30-ში. მათ შორის მცირე შუალედი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, V-VI ტურის საუკეთესო კალათბურთელების ინტერვიუები ერთად შემოგვეთავაზებინა. ვინც ორშაბათის ნომერში სუპერლიგის მიმოხილვა წაიკითხა, ემახსოვრება, რომ V ტურის საუკეთესო ბექა წივწივაძე გახდა, რომლის "ენერჯიმ" თსუ-ს თბილისში დიდი სხვაობით მოუგო.

"ლელოს" ოთხშაბათის ნომერში კი VI ტურის მატჩების მიმოხილვის შესავალში მოგახსენეთ - ტურის საუკეთესოდ ორი კალათბურთელი დავასახელეთ, ორივე არმიელი, კოტე ტუღუში და ზვიად ბაბიაშვილი-თქო. მათი და ბექა წივწივაძის მონაგარს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლურ ნაკრებებში იხილავთ. აქ კი
ჯერ ბექას შეგახვედრებთ, შემდეგ კოტეს, ზვიადი ალბათ, არ გვიწყენს, თუ მის ინტერვიუს შემდეგისთვის შემოვინახავთ.


წივწივაძე: ქომაგი დიდი სტიმულია, თუნდაც მეტოქის იყოს
V ტურის საუკეთესო კალათბურთელთან, ბექა წივწივაძესთან ინტერვიუ შაბათს გამართული თსუ-"ენერჯის" მატჩით დავიწყეთ, რომელშიც რუსთაველებმა 90:74 იმარჯვეს.

- მეოთხე ტურში "სამედიცინოსთან" შინ დავმარცხდით, რის შემდეგაც ჩვენი შეცდომები კარგად გავაანალიზეთ. თსუ-სთან მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე ერთი საათით ადრე მივედით და კაპიტან ჟულივეტ ტუჯანთან ერთად სიტუაცია კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ. თსუ-სთან შეხვედრამდე გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. ჩემს მეჯვარე გიორგი მარხვაშვილს დავენაძლევე კიდეც... საბოლოოდ, მოვიგეთ კიდეც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და თსუ-ს - ცუდი. შეიძლება განმეორებით მატჩში რუსთავში თსუ-მ ისევე მოგვიგოს, როგორც ჩვენ ვაჯობეთ. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდის ძალა მეექვსე ტურში არმიასთან მატჩშიც კარგად გამოჩნდა.

- თსუ-სთან შეტევაში შენ, ცეკვავა და ლამუ გამოირჩეოდით.
- მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გამოვედით და ყველაფერი გამოგვივიდა. ცეკვავა საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად არ თამაშობს - ყველამ კარგად იცის, რაც შეუძლია. მასთან ერთად სხვადასხვა ასაკის ნაკრებში მითამაშია და ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. რაც შეეხება სამუელ ლამუს, იგი გამოცდილი კალათბურთელია. ლამუს მთავარი პლუსი ტყორცნაა, კარგად ისვრის როგორც ახლი მანძილიდან, ასევე პერიმეტრიდან და გუნდს ძალიან ეხმარება.

- არ შეიძლება "სამედიცინოსთან" საშინაო წაგებაზე არ გკითხო.
- დუდუ დადიანის მემორიალიდან მოყოლებული, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგეთ. ეს უმთავრესად გუნდური გარჯისა და გამართული თამაშის შედეგი იყო. შეიძლება ზედიზედ 8 თამაშშიც გაიმარჯვო, მაგრამ არც ჩავარდნისგანაა რომელიმე გუნდი დაზღვეული. მითუმეტეს, რომ არცთუ გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ვფიქრობ, "სამედიცინოსთან" წაგებაც ლოკალური ჩავარდნა იყო.

- სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაზე რა აზრისა ხარ?
- გულშემატკივრის მატება მისასალმებელია. ეს ნებისმიერი კალათბურთელისთვის დიდი სტიმულია, თუნდაც ქომაგი მოწინააღმდეგისა იყოს... სავსე ტრიბუნების წინაშე კალათბურთელთა კონცენტრაციაც მატულობს და თამაშის ხარისხიც. ქომაგის მატება გუნდების გაძლიერების შედეგიცაა და ფედერაციის დამსახურებაც, მაყურებლებს ხომ თამაშებზე უფასოდ დასწრება შეუძლიათ.

- პირველობის ფავორიტებად ვინ მიგაჩნია?
- ფავორიტის სტატუსი რომ მივანიჭოთ, რუსთავს გაძლიერება სჭირდება. ჩემპიონობის მოპოვების მთავარი კანდიდატი ორია - შსს და "არმია". ცხადია, ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული