ჯარისკაცი და გენერლობა, როგორც კალათბურთელი და ჩემპიონობა

AutoSharing Option
მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში "ქუთაისმა" "სოხუმს" მოუგო (91:66). ყურადღების ღირსია მეოთხე პერიოდის ანგარიში: 27:4, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ქუთათურები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. მათგან ტურის საუკეთესოს გამორჩევა გაგვიჭირდა, დამაჯერებლად ითამაშეს გიგი ბარბაქაძემ, რეზო დიდიამ და ბუბა ბერიშვილმა. ეს კი "ქუთაისის" გუნდურობაზე მეტყველებს. მოკლედ, იმერლებს კარგი გუნდი ჰყავთ, რაც მეორე ტურში "არმიის" ძლევითაც დაამტკიცეს.

ჟურნალისტებმა საუკეთესოს გამოვლენისას ამჯერადაც ბევრი ვიმსჯელეთ და საბოლოოდ გიგი ბარბაქაძეზე შევჩერდით, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა დაფარება მიითვალა.

გიგის "სოხუმთან" დაპირისპირების გახსენება ვთხოვეთ.

-
"ქუთაისი" გუნდურ კალათბურთს თამაშობს, რაც შაბათის მატჩშიც კარგად გამოჩნდა. წარმატების ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. მეორე მიზეზი ფიზიკური მომზადება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებულად ვმუშაობთ და სათანადო კონდიციებშიც ვართ, "სოხუმთან" მატჩში ხომ ყველაზე უკეთ მეოთხე პერიოდი ჩავატარეთ.

- ტურის საუკეთესო კალათბურთელის ამორჩევა რთული იყო, დიდიამ და ბერიშვილმაც კარგად ითამაშეს.
- რეზო დიდია დიდებული იყო. ბუბა ბერიშვილი კი გუნდის ლიდერია. ფარქვეშ სერიოზული დახმარება გაგვიწია მამუკა ბოლქვაძემ, რომელმაც სოხუმელი ამერიკელი მეფარეების წინააღმდეგ კარგად იბრძოლა...

- "ქუთაისში" არაერთი დებიუტანტია...
- ლომინაშვილმა "არმიასთან" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ასევე ნიჭიერი მოთამაშეები არიან ტუკვაძე, ქორიძე, ბაბუნაშვილი. ისინი უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ და მეტ გამოცდილების რომ მიიღებენ, გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება.

- ...და რას უნდა ველოდეთ "ქუთაისისგან"?
- ხელმძღვანელობა მიზნად ოთხეულში მოხვედრას გვისახავს. ნახევარფინალში გასვლა ურიგო შედეგი არ იქნება, მაგრამ თუ ჯარისკაცი ფიქრობს გენერლობაზე, კალათბურთელმა რატომ არ უნდა იფიქროს ჩემპიონობაზე?!

- ასე რომ, "ქუთაისში" გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო...
- რა თქმა უნდა. ზაფხულში, ყველაზე საინტერესო წინადადება სწორედ ამ გუნდიდან მივიღე. შესაბამისად ბევრი არ მიფიქრია. ქუთაისი ჩემი დედულეთია, დეიდა და ბიძა აქ მყავს. ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობ.

- 10 დეკემბერს "სამედიცინოს" მასპინძლობთ...
- იოლი მატჩი არ იქნება, თუმცა ქუთაისის დარბაზში უამრავი ქომაგი მოდის და ვეცდებით იმედები არ გავუცრუოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული