ხორვატულ წეს-ჩვეულებებზე ანტე ტომიჩმა მოგვითხრო, კამერუნი "რუსთავის" კალათბურთელმა ჟულივეტ ტუჯანმა წარმოგვიდგინა. ახლა პელე ბალა პეილეის ჯერია, ოღონდ სახელმა არ მოგატყუოთ - პელე ბრაზილიელი არ არის, ლიბერიელი კალათბურთელია, "სოხუმის" ღირსებას იცავს. მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა, საშუალოდ 15.5 ქულას, 5.7 მოხსნასა და 3.2 პასს აგროვებს.
პელე საქართველოში ჩამოსვლამდე თამაშობდა გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, კალათბურთს კი ამერიკაში ეზიარა, სადაც ოჯახთან ერთად ლიბერიიდან გადაიხვეწა.
როცა სახელში პელე ურევია, უნებურად ჩნდება
- არა, ჩემს სახელთან ფეხბურთის მეფე არაფერ შუაშია. უბრალოდ, მამაჩემს ჰქვია პელე პეილეი. ლიბერიაში კი შვილებს მამის სახელებს არქმევენ. რაც შეეხება ბალას - ეს ჩემი პაპის სახელია (დედის მხრიდან). სხვათა შორის, მშობლებისგან ვიცი, რომ ლიბერიის ძირძველი ტომის შთამომავალი ვარ, ერთ-ერთი ადგილობრივი ტომი კი კპელეს სახელითაა ცნობილი.
- ლიბერიაში ხშირად ჩადიხარ?
- ვერ ვახერხებ, არადა, ძალიან მენატრება საკუთარი ლამაზი სახლი მონროვიაში, რომელიც ახლაც თვალწინ მიდგას - ქვეყანაში ატეხილი შინაომის გამო ოჯახთან ერთად ამერიკაში რომ გადავედი, 4 წლისა ვიყავი. მას მერე ლიბერიამ მეორე ომიც გადაიტანა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა დაკარგა სახლი, ნახევარი ქვეყანა დაინგრა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია სტაბილურდება და დედაჩემიც ამჟამად ლიბერიაშია, საელჩოში მუშაობს.
- ამერიკაში გახიზვნა რამ განაპირობა, ევროპა ხომ უფრო ახლოსაა?
- შორიდან მოვუვლი: სიტყვა ლიბერია თავისუფლებას ნიშნავს. ეს ქვეყანა მე-19 საუკუნეში ამერიკიდან ჩასულმა თავისუფლებამოპოვებულმა აფრიკელებმა დააარსეს. ამიტომაც გვაქვს აშშ-სთან მიმსგავსებული დროშა, გერბზე კი სწორედ ის გემია გამოსახული, რომელმაც ამერიკიდან ლიბერიაში ჩაიყვანა ჩვენი წინაპრები.
- ლიბერია მსოფლიომ ჯორჯ ვეას თამაშით გაიცნო. ძალიან ძლიერი იყო. 2005 წელს ქვეყნის პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მეორე ტურში დამარცხდა...
- კარგია რომ დამარცხდა.
- რატომ?
- მაინც სპორტსმენია, ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ქალბატონია, უფრო ახლოსაა პოლიტიკასთან. თუმცა ჯორჯ ვეას ლიბერიაში დიდ პატივს სცემენ, ძალიან უყვართ. მისი დამსახურებაა, ქვეყანაში ნომერ პირველი სპორტი ფეხბურთი რომ არის.
- შენც საფეხბურთო აღნაგობა გაქვს, ვერ იტყვი, კალათბურთელიაო...
- სხვათა შორის, მოედანზე გადაადგილებაში ჩემი აღნაგობა ძალიან მეხმარება. არ გაგიკვირდეთ - ფეხბურთს კალათბურთზე არანაკლებად ვთამაშობ. ამერიკის სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემს გუნდთან ერთად დიდი საფეხბურთო შეჯიბრებაც მოვიგე. რა მაინტერესებს, იცი?
- გისმენ...
- საქართველოში როგორი საფეხბურთო ჩემპიონატი გაქვთ? როგორ იხდიან?
- კალათბურთში დარჩენას გირჩევ...
- ხუმრობით ვიკითხე, თორემ, ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გუნდის მიტოვებას. რამდენიმე თვე ხელფასი რომ ვერ ავიღე, მაშინ არ დამიტოვებია "სოხუმი" და ახლა მით უმეტეს, არ ვუღალატებ. "სოხუმი" სეზონის დასაწყისში ნამდვილად ვერ უჩვენებდა იმ კალათბურთს, რაც შეუძლია. ბოლო დროს უფრო გუნდურად ავთამაშდით, ვფიქრობ, პლეი ოფებისთვის კიდევ მოვუმატებთ და სულ სხვა გუნდი ვიქნებით. მთავარი რა არის, იცი?
- ?
- დავინახეთ, რომ კარგი კალათბურთის თამაში და ძლიერი მეტოქეების დამარცხება შეგვიძლია.
- გეცოდინება, "სოხუმი" აფხაზეთიდან დევნილი გუნდია...
- ვიცი. მე ლიბერიაში მშობლიურ სახლში დაბრუნების საშუალება უკვე მაქვს, სოხუმელები კი აქვე არიან, მაგრამ შინ არ უშვებენ... ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობთ ქართველები ამის გამო.
- დიდი ტკივილია, ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ყოველ ეპოქაში დიდი ომების გადატანა უწევდა, ხან ერთი დიდი ქვეყანა ცდილობდა ჩვენ დაპყრობას, ხან - მეორე; ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, მაინც დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ქართველებთან ბევრი საერთო გაქვს, ხასიათითაც ჩვენებურს ჰგავხარ. თავად რა მსგავსებას პოულობ ქართველებსა და ლიბერიელებს შორის?
- ქართველებიც ჩვენსავით გულგახსნილები არიან, მეგობრულები და მხიარულები. მომწონს, რომ აქ ცხოვრება იოლია, ამერიკისგან განსხვავებით, სიძვირე არ არის. შეგიძლია იმუშაო და დროც ბევრი გრჩება დასვენებისთვის. ამერიკაში, კარგად ცხოვრება თუ გინდა, ბევრი ფული უნდა გქონდეს. ფულისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო. ქართველებში კიდევ ის მომწონს, რომ აქაურები კმაყოფილები არიან იმით, რაც აქვთ. აშშ-ში რაც მეტი აქვთ, მით მეტი უნდათ.
- ქართულ და ლიბერიულ კერძებში კი დიდი სხვაობა იქნება...
- მართალია, ამერიკაში ვცხოვრობდი, მაგრამ დედაჩემი ლიბერიულ ნაციონალურ კერძებს ხშირად გვიკეთებდა. ძალიან მიყვარს ფუ-ფუ.
- სახელი მთლად მიმზიდველი არ არის, როგორი კერძია?
- თითებს გაილოკავ. ბრინჯისგან მზადდება, სხვადასხვა სანელებლითაა შეზავებული, ხორციც ურევია. რა თქმა უნდა, საქართველოში განსხვავებული კერძებია, თუმცა ვერც ერთს დავიწუნებ. ხორცი რომ არის ცომში გახვეული, ვიცი, ყველას გიყვართ. მეც გემრიელად გეახლებით. განსაკუთრებით კი, ქართული სუპი მომწონს სოკოთი, სალათებიც...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"