თსუ გაძლიერდა და იმუქრება

AutoSharing Option
სუპერილგის პირველი წრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა "არმია" და შსს. იგივე შეიძლება ითქვას თსუ-ზე - იანვრის დასაწყისში გუნდში "არმიადან" გადავიდა მიხეილ ბერიშვილი, რომელიც სტუდენტებს საგრძნობლად გააძლიერებს.

გუნდში მომხდარ სიახლეებსა და მზადებაზე თსუ-ს მთავარ მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილს ველაპარაკეთ. რესპონდენტმა ცვლილებებით დაიწყო.

- დავიმატეთ მიხეილ ბერიშვილი, რომელიც თსუ-ში აქამდეც თამაშობდა. იგი უნივერსალური კალათბურთელია და დაგვეხმარება როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან.

- მე-10 ტურში "ქუთაისთან" ფარქვეშ ძალიან გაგიჭირდათ.
- ტანმაღალი კალათბურთელების პრობლემა გვაქვს. 29 დეკემბერს ხელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა რიჩარდ მათიაშვილმა. წელი აწუხებდა ილია
ლონდარიძეს, რომელიც ბოლომდე ვერ დავტვირთეთ. ასევე ტრავმირებულია გიორგი ყველაშვილი, რომელსაც მუხლი აწუხებს. მიხეილ ბერიშვილის დამატება მდგომარეობას ცოტა შეგვიმსუბუქებს.

- კიდევ ვინმეს შეძენას ხომ არ აპირებთ?
- განაცხადში კიდევ გვაქვს ადგილები, თუმცა ამ საკითხზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ.

- შეკრებას თბილისში გადიხართ?
- დიახ. ვაპირებდით ბაკურიანში წასვლას. ამისთვის ყველაფერი მზად იყო, 2 იანვარს უნდა გავმგზავრებულიყავით, მაგრამ ბაკურიანში თოვლი არ იყო და ამიტომ, ტალახში წვრთნას თბილისში დარჩენა ვამჯობინეთ. ორჯერადად ვვარჯიშობთ. დილას მძლეოსნობის დარბაზში ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ, ხოლო საღამოს - ბურთით. ქორქია-საკანდელიძის მემორიალისა და საქართველოს თასის გათამაშებისთვის აქტიურად ვემზადებით.

- თსუ-ს მიზნებზე რას იტყვით?
- შარშანდელ ჩემპიონატში ბევრს არ ეგონა თუ ფინალში გავიდოდით, თუმცა ეს მოვახერხეთ. წლეულსაც აქტიურად ვემზადებით და ვეცდებით, რაც შეიძლება წინ წავიდეთ. მით უმეტეს, რომ ჩემპიონატის პირველადგილოსან "არმიასთან" 37 ქულის სხვაობით ვიგებდით, თუმცა ბოლო წუთებზე სამი მეფარე ხუთი პერსონალურის გამო გაგვიგდეს და დავმარცხდით.

ადრეც ვთქვი - ვისაც მოგება უნდა, პირველ წრეში უნდა გვაჯობოს, ჩემპიონატის მეორე ნახევარში ფორმაში შევალთ და ჩვენი ძლევა ყველას გაუჭირდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული