გუშინ კლუბის პრეზიდენტმა ლევან მიქაბერიძემ გუნდის ახალწვეულები საზოგადოებას წარუდგინა და კალათბურთელებს კლუბის მაისურები გადასცა.
ჩვენც საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით როგორც მწვრთნელს, ასევე კალათბურთელებს. ჯერ დავით უსტიაშვილს მოვუსმინოთ.
- ბატონო დავით, რა იყო პირველი მიზეზი, რამაც შსს-ში გადასვლა გადაგაწყვეტინათ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ წლევანდელი სუპერლიგა წინამორბედებთან შედარებით მაღალი დონისაა. ბევრი კარგი
- გუნდის ხელმძღვანელობამ რა მიზნები დაგისახათ?
- პირველ რიგში ჩვენ ვუსახავთ მიზანს საკუთარ თავს. როგორც ვთქვი, კარგი გუნდი გვყავს და ვეცდებით მაქსიმუმს მივაღწიოთ როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე და მემორიალზე.
- გუნდს იანვრის პირველი რიცხვებიდან წვრთნით. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მომზადებით?
- უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს, პოლიციის აკადემიის ბაზაზე ორჯერადად ვვარჯიშობთ. ერთადერთი, რაც მაფიქრებდა დავით იმნაძის ტრავმა იყო, თუმცა მან ორი დღეა, ვარჯიში განაახლა და იმედი მაქვს ფორმას მალე აღიდგენს.
- შსს-ს ახალი მოთამაშეები როგორ შეეწყვნენ?
- გუნდში ორი ახალწვეულია. ისინი თავს კარგად გრძნობენ. სამშაბათიდან ქორქია-საკანდელიძის მემორიალი იწყება და ამ ტურნირს გუნდის შესაკვრელადაც გამოვიყენებთ.
თუმცა, ისე არ გაიგოთ, თითქოს ეს შეჯიბრება ჩვენთის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია – პირიქით, ასეთი დონის სპორტსმენების მემორიალზე თამაში ნებისმიერი ჩვენგანისთვის დიდი პატივია და გაცილებით მნიშვნელოვანი ამ შეჯიბრებაში გამარჯვებაა.
- გუნდიდან მხოლოდ ბერიშვილები წავიდნენ?
- დიახ.
- ვინმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?
- არა, რადგან განაცხადში ადგილი აღარ გვაქვს. ჩემპიონატს ამ შემადგენლობით ჩავამთავრებთ.
- ბოლოს არჩილ ჟღენტზეც გკითხავთ, რომელთან ერთადაც შსს-ს გაწვრთნით. მასთან აქამდე არ გიმუშავიათ?
- მწვრთნელების რანგში მე და აჩიკოს ერთმანეთის გვერდით არ გვიმუშავია. რამდენიმე წლის წინათ "დინამოში" ერთად ვიყავით: მე დრაჟენ ბრაიკოვიჩის ასისტენტი გახლდით, ჟღენტი – გუნდის გამთამაშებელი. მის წინააღმდეგ "ვითა"-"რუსთავის" მატჩებისას ხშირად მითამაშია. აჩიკო ჩემი კარგი მეგობარია და ვიმედოვნებ, ერთად მაღალ შედეგებს მივაღწევთ.
***
დავით უსტიაშვილის შემდეგ კამერუნელ ახალწვეულ ჟულივეტ ტუჯანს ველაპარაკეთ.
- შსს-ს გარდა სხვა გუნდს ხომ არ მოუმართავს წინადადებით?
- "არმიაში" გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამ ის წინადადება არ განმიხილავს, რადგან მანამდე შსს-ს უფროსობასთან ვიყავი შეთანხმებული. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- შსს-ში შენს კონკურენტებზე რას იტყვი?
- მათ კონკურენტებად არ განვიხილავ, რადგან ჩემი თანაგუნდელები არიან და ერთად უნდა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის.
- მაღალ მიზნებში რას გულისხმობ?
- ფურცელზე შეიძლება ბევრი მაღალი მიზანი ჩამოწერო, მაგრამ მხოლოდ სიტყვით საქმე არ კეთდება, ყველაფერი მოედანზე წყდება. სწორედ თამაშითა და ბრძოლით უნდა დავამტკიცოთ რომ ჩემპიონობის ღირსები ვართ.
- "ენერჯის" დატოვების გამო გული არ გწყდება?
- ნამდვილად ძნელი იყო ამ გუნდთან შელევა, რადგან კარიერის რამდენიმე ლამაზი წელი იქ გავატარე. მაგრამ სპორტში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა. ასეთ მომენტში კი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნე, შსს-ში გადმოსვლა სწორ ნაბიჯად მიმაჩნია.
***
ტუჯანი "ენერჯის" კაპიტანი იყო. ბექა წივწივაძემ კი რუსთავურ კლუბში მხოლოდ გასული შემოდგომა გაატარა. "ენერჯის" შესახებ ბექაც თბილად საუბრობს:
- ჩემი ყოფილი კლუბის მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. განსაკუთრებით მადლიერი ვარ მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის, რომლის ხელმძღვანელობით დუდუ დადიანის მემორიალი მოვიგე. ჩემი აზრით იგი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. "ენერჯის" დატოვებამ გული კი დამწყვიტა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერისთვის ასე სჯობდა.
- შსს-ში გადასვლას ადრეც აპირებდი...
- ამ კლუბიდან წინადადება ზაფხულშიც მივიღე, მაგრამ კონტრაქტი ვერ გავაფორმე, რადგან ისრაელში ვაპირებდი წასვლას... საბოლოოდ ვერც საზღვარგარეთ გავაგრძელე კარიერა და "ენერჯიში" გადავედი. შსს-დან წინადადება პირველი წრის დასრულების შემდეგ მივიღე და, როგორც ხედავთ, დღეს ახალი გუნდის მაისურა გადმომცეს.
- პირველი წრის შემდეგ სამი წაგება გაქვთ.
- შსს თანაბრადაა დაბალანსებული, ყველა პოზიციაზე კარგი კალათბურთელები არიან და ნამდვილად შეგვიძლია მეორე წრე წუგებლად ჩავამთავროთ, რისთვისაც ძალას არ დავიშურებთ.
- გუნდს როგორ შეეწყვე?
- ამ მხრივ პრობლემა არ მქონია, რადგან მანამდე შსს-ს ყველა კალათბურთელს კარგად ვიცნობდი.
- "ენერჯიში" სხვადასხვა პოზიციებზე გიწევდა თამაში, გამთამაშებლიდან დაწყებული, მსუბუქი ფორვარდით დამთავრებული. ვარჯიშებზე რას ატყობ, შსს-ში რომელ პოზიციაზე გაგამწესებენ?
- გამთამაშებლად. შემიძლია მსროლელისა და ფორვარდის ფუნქციების შესრულებაც, მაგრამ ჩვენს გუნდში ამ ამპლუის იმდენი კარგი კალათბურთელია, რომ არა მგონია გამთამაშებლის გარდა სხვა ფუნქციები დამეკისროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.