სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტური გუშინ, 20 ნოემბერს, ბათუმში ლიდერთა მატჩით გაიხსნა. ჩემპიონატის 3 ლიდერი გუნდიდან აჭარის დედაქალაქში 2 შეიკრიბა - "ბათუმმა" "ქუთაისს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 66:62 დაამარცხა.

ამ გუნდებთან ერთად სუპერლიგას 4 მოგებითა და ერთი მარცხით "სოხუმი" ლიდერობდა. ახლა ამ სამეულს ბათუმში დამარცხებული "ქუთაისი" გამოაკლდა, რომელმაც მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.

შეხვედრა ბათუმელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო. პირველი პერიოდის 18:11 მოგების შემდეგ ბათუმელებმა მეორე ათწუთეულიც რიხიანად დაიწყეს და ბესო ლეჟავას სამქულიანის შემდეგ მათი უპირატესობა 14
ქულამდე ავიდა - 25:11.

ქუთაისელები ამან ვერ გატეხა. რიჩარდ მათიაშვილის, გიორგი ბარბაქაძისა და გოგა ცეკვავას შედეგიანობით ქუთაისელებმა თამაშის მიმდინარეობა თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა ისევ 7 ქულამდე შეამცირეს.

მესამე პერიოდში სტუმრებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და წინაც გავიდნენ. ბექა ბექაურის, ანატოლი ბოისას და გიორგი ბარბაქაძის ქულებით მატჩის 27 წუთისთვის ქუთაისელები 42:41 დაწინაურდნენ.

"ბათუმი" წაგების სერიოზულის საფრთხის წინაშე დადგა. მასპინძლების პასუხი ლევან რევაზაშვილის და ლეჟავას სამქულიანები იყო, რითაც მასპინძლებმა პერიოდის მიწურულს კვლავ 7-ქულიანი ლიდერობა აღდგინეს - 51:44.

ბოლო პერიოდი ბათუმელებმა შტურმით დაიწყეს. ნიკა რამიშვილის სამქულიანითა და რევაზაშვილის ზედიზედ 2 ორქულიანით აჭარლები მეორე პერიოდის მსგავსად 14-ქულიან ლიდერობამდე ავიდნენ - 58:44. ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაშს ტემპი დააგდეს და ხელჩასაჭიდი უპირატესობის შენარჩუნებას შეუდგნენ, რაც მშვენივრად გამოუვიდათ.

აღსანიშნავია ბათუმელთა 2 უკრაინელი ლეგიონერის - იგორ კრივცოვისა და ლეონიდ სტეფანიშინის გამართული, შედეგიანი თამაში. ორივე მათგანმა უდიდესი წილი გაიღო ქუთაისელების დამარცხებაში.

ბოლო წუთებზე ქუთაისელებმა ძალების მაქსიმალური მობილიზება მოახდინეს. გიორგი ბარბაქაძემ ბოლო წუთზე მიჯრით 5 ქულა ჩააგდო და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა - 58:62.

ქუთაისელთა სამწუხაროდ, ეს იყო მაქსიმუმი. ბათუმელებმა 4 ქულით - 66:62 იმარჯვეს და სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერები არიან. დაკარგული ქულების მიხედვით ლიდერია "სოხუმიც", რომელიც ამ ტურში დღეს, 21 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში "მგზავრებს" შეხვდება, სადაც კიდევ დანარჩენი 2 მატჩი გაიმართება: ცენტრალურ თამაშში "დინამო" "ოლიმპს" დაუპირისპირდება, ხოლო "რუსთავი" "აკადემიას" .

"ბათუმს" 17 ქულით და 9 მოხსნით იგორ კრივცოვმა ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა სტეპანიშინს, ბესო ლეჟავამ კი შეხვედრა 11 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით დაასრულა.

ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი რიჩარდ მათიაშვილმა მიითვალა - 10 ქულა, 13 მოხსნა.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლიმპმა მოიგო ვულოცავ. კაზანჯიანი გია მაგარი მწვრთნელია.
ნუნუ
15:38 21-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული