"სოხუმს" ლატვიის ნაკრების მწვრთნელი გაწვრთნის

AutoSharing Option
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სუპერლიგის წარმომადგენელი "სოხუმი" საფუძვლიანად ძლიერდება. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდულ ჩემპიონატებში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბა, რაც სამომავლოდ პირველ გუნდს აუცილებლად წაადგება.

"სოხუმში" თავი მოიყარა სამმა ამერიკელმა, რომლებიც გუნდს სუპერლიგაში სათანადოდ ეხმარებიან. ასევე დაემატა ამერიკის კოლეჯების ლიგაში გამოწვრთნილი ლაშა ფარღალავა და გაზაფხულზე ასევე კოლეჯებში მოასპარეზე დიმიტრი ფაცაციას ელიან.

დასაწყისისთვის შესანიშნავია, თუმცა "სოხუმის" ხელმძღვანელობა ამაზე არ შეჩერდა და ევროპული დონის მწვრთნელის ჩამოყვანა გადაწყვიტა. იყო ორი ვარიანტი რიმანტას გრიგასი და აინარს ბაგაცკისი. პირველი "ჟალგირისის" სპორტული დირექტორია და გაცილებით დაბალია მისი საქართველოში ჩამოსვლის
შანსი. რაც შეეხება აინარს ბაგაცკისს, იგი ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და "სოხუმის" გაწვრთნის იდეასაც დადებითად უყურებს. კლუბსა და ნაკრებში ერთდროულად მუშაობა ევროპაში აწ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ბაგაცკისი საქართველოში  5 თებერვლისთვის ჩამოვა და სუპერლიგაში "სოხუმის" ("აგრარულთან") მატჩს დაესწრება.

ვიდრე მთავარ მწვრთნელად უცხოელი დაინიშნებოდეს, გუნდს კვლავ ვაჟა კვარაცხელია გაწვრთნის, რომელსაც გუშინ ველაპარაკეთ.

- კლუბის ხელმძღვანელობას დეკემბერშივე ვუთხარი - გადავიღალე და სჯობს უცხოელი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ-მეთქი. თანაც, მომავალი სეზონისთვის გუნდის სერიოზულად გაძლიერება და ევროტურნირებზე თამაში იგეგმება, ამისთვის კი კარგი უცხოელი სპეციალისტი აუცილებელიცაა.

ბატონმა ვაჟამ დაამატა, რომ ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, გრიგასი ჩამოვა თუ ბაგაცკისი, მაგრამ დაამატა - დიდი შანსია "სოხუმი" ბაგაცკისმა გაწვრთნასო.

- მე მის ასისტენტად ვიმუშავებ. ვიმედოვნებ, მეორე წრეში საფუძველს ჩავუყრით გუნდის მომავალ წარმატებებს.


P.S. გუშინ ღამით გადაწყდა აინარს ბაგატსკისის საკითხი - იგი "სოხუმს" გაწვრთნის, საქართველოში 5 თებერვალს გამთენიისას ჩამოვა და შესაძლოა "სოხუმს" სუპერლიგის მატჩში შაბათსვე გაუძღვეს.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული