რიჩარდ მათიაშვილი: ნაკრების თავკაცს ჩემპიონატის მატჩები ნანახი უნდა ჰქონდეს

AutoSharing Option
როგორც წესი, ტურის საუკეთესო კალათბურთელებთან ინტერვიუებს მილოცვით ვიწყებ. რიჩარდ მათიაშვილს კი პირველ რიგში ჯანმრთელობის შესახებ ვკითხე, რადგან მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში (თსუ-"სოხუმი") კოჭი იტკინა და მატჩი ტრავმირებულმა ჩაამთავრა.

ამის მიუხედავად სოხუმელ მეფარეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მის ახალ თავკაც აინარს ბაგაცკისს ათქმევინა: ჩვენმა მეფარეებმა ვერაფერი მოუხერხეს თსუ-ს მე-13 ნომერს, რომელიც მაღალი ნახტომით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავით თამაშობდა, ჭკვიანი კალათბურთელიაო.

- ჯერაც ვერ ვვარჯიშობ. თუმცა, კოჭი ნელ-ნელა მიცხრება და ძალიან მინდა შაბათს მოედანზე გასვლა.

- შაბათს ძლიერი მეტოქე გყავთ...
- "სამედიცინო",
მართალია, სატურნირი ცხრილში ქვემოთაა, მაგრამ კარგი გუნდია, ძლიერი წინახაზელები ჰყავთ.

- "სოხუმთან" მატჩზე რას იტყვი?
- სამი კალათბურთელი გვაკლდა, კოხრეიძე, ფანჩულიძე და მარხვაშვილი. თუმცა, ჩვენი თამაში ვუჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვცდილობთ, მომავალ წარმატებებს აქედანვე ჩავუყაროთ საფუძველი, საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძვით.

- საინტერესო იყო რიჩარდების დუელის ხილვა...
- ამერიკელი რიჩარდიც (დამუსი) კარგი კალათბურთელია. იგი უფრო ფორვარდია, თუმცა ცენტრის პოზიციაზე თამაშობს.

- სხვათა შორის, ზოგჯერ შენც გიწევს სხვა ამპლუის კალათბურთელების ფუნქციების შეთავსება. მაგალითად "არმიასთან" მატჩში.
- თასის ნახევარფინალში ფარზეც ვმუშაობდი და თანაგუნდელებს პერიმეტრიდანაც ვეხმარებოდი. სამქულიანი ტყორცნები წამივიდა. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ - არა.

- წლეულს გაცილებით მეტი გამოგდის, ვიდრე წინა სეზონში.
- შარშან, "აგრარულში" შედარებით ცოტას ვთამაშობდი. ახლა მეტი სათამაშო დრო მაქვს და მეტსაც ვაკეთებ. ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.

- ზემოთ საპრიზო ადგილები ახსენე. როგორ ფიქრობ, თსუ-ს აქვს სათანადო რესურსი?
- შსს-ს რეგულარულ ჩემპიონატშიც მოვუგეთ და ქორქია-საკანდელიძის მემორიალზეც. "არმიასთან" თასზე თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. ასე რომ, ძლიერ გუნდებთან ბრძოლა შეგვიძლია. ვიბრძვით ბრინჯაოსთვის, თუ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება - მეტის გაკეთებაც შესაძლებელია.

- სუპერლიგაში ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგაა თამაში რთული?
- რამდენიმე კარგი ცენტრია. ბოლო მატჩის პერიპეტიებს თუ გავიხსენებ, რიჩარდ დამუსთან თამაში იოლი ნამდვილად არ იყო, ჭკვიანია, თან გრძელი ხელები აქვს.

- საქართველოს კადეტთა ნაკრებიდან მოყოლებული ყველა ასაკობრივ გუნდში გითამაშია. ალბათ, ეროვნულ ნაკრებზეც ფიქრობ, თუმცა ყველაზე რთულ სიტუაციაში ცენტრები არიან - ეროვნულში მაღალი კლასის ორი ცენტრია, ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი.
- ნებისმიერ კარგად აწყობილ გუნდში სამი ცენტრი ჰყავთ. ასე რომ, ვფიქრობ, შერმადინისა და ფაჩულიას გარდა სხვა მეფარეებსაც აქვთ ნაკრებში მოხვედრის შანსი. თუ შეკრებას მოაწყობენ და თავის გამოჩენის შანსს მომცემენ, ვეცდები თავი კარგად წარმოვაჩინო. ჩემი აზრით, ნაკრების მთავარ მწვრთნელს საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ნანახი უნდა ჰქონდეს. მართალია, აქ მისი ასისტენტი, დავით უსტიაშვილი მუშაობს, მაგრამ ხომ შეიძლება კოკოშკოვმა დაინახოს ისეთი კალათბურთელი, რომელიც მის გემოვნებაში ჯდება?

ძნელია, რიჩარდს არ დაეთანხმო...






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული