მე-14 ტურში კი N1 კალათბურთელად ის მოთამაშე დავასახელეთ, რომელსაც "ლელოში" "დებიუტი" აქვს - ილია ლონდარიძეს ჩვენი გაზეთის მკითხველი ჯერ არ შეხვედრია.
ვიდრე მასთან დიალოგს შემოგთავაზებდეთ, ორი წლით უკან გადავიხედოთ. 2008-09 წლების სეზონში "მაქაბი" ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო - სეზონის წინ გუნდი გიორგი შერმადინმა დატოვა და "პანათინაიკოსში" გადავიდა. "მაქაბი" ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობდა:
სწორედ იმ დროს გუნდში გამოჩნდა გამხდარი, ტანმაღალი ილია ლონდარიძე, რომელსაც თანაგუნდელები "წეროს" ეძახდნენ. ისევე როგორც გიორგი ცინცაძეს მეტსახელი "ბუ" დღემდე შემორჩა (უცხოელი მწვრთნელებიც "ბუდ" მოიხსენიებენ), მწვრთნელები ლონდარიძესაც "წერიდ" იცნობენ. შეიძლება "ავტორმა" მას ეს მეტსახელი სიმაღლის გამო შეარქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ლონდარიძე ძალიან მსუბუქი, სწრაფია და ამიტომაც უჭირთ მისი შეჩერება მეურვეებს.
იგი სუპერლიგაში "მაქაბიში" გამოჩნდა, შარშან "დინამოში" ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წლეულს...
თსუ-ს მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა კარგად გათვალა, სეზონის დასაწყისში ლონდარიძე რომ დაიმატა - სწრაფ გამთამაშებელ გიორგი გაფრინდაშვილს (შემდეგ მას მიხეილ ჩიტაშვილი შეუერთდა) ლონდარიძისავით მოძრავი მეფარე ნამდვილად სჭირდებოდა. ილიასაც ჩემპიონატის აუტსაიდერიდან საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. როგორ გამოიყენებს ამ შანსს და როგორ განაგრძობს თამაშს, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ, მანამდე ინტერვიუს მივხედოთ.
- "სამედიცინოსთან" ბოლო ტურის მატჩში საუკეთესო კალათბურთელად დაგასახელეთ. თუ მიგაჩნია, რომ სხვა მატჩებიც არანაკლებად ჩაატარე?
- ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში "სოხუმის" წინააღმდეგ მთელმა თსუ-მ კარგად ითამაშა და საუკეთესო ფორვარდად დამასახელეს. ის მატჩიც დასამახსოვრებელი იყო. პირველ წრეშიც არაერთი კარგი შეხვედრა გვქონდა...
- "სამედიცინოსთან" დაპირისპირება რის ხარჯზე მოიგეთ?
- ვიბრძოლეთ, არაფერი დავთმეთ, სროლაც წაგვივიდა და გავიმარჯვეთ.
- ამ შეხვედრაში დაგიბრუნდათ ტრავმამოშუშებული მიხეილ ფანჩულიძე...
- მან დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა. მართალია, ჯერ სათანადო ფორმაში არ არის, მაგრამ ძალიან დაგვეხმარა. იმედია, გიორგი მარხვაშვილიც მალე მოირჩენს ტრავმას და პლეი ოფებს საბრძოლო შემადგენლობით შევხვდებით.
- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, დიდი ხანია რიჩარდ მათიაშვილის გვერდით თამაშობდი...
- ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რიჩოც მეხმარება, გაფრინდაშვილიც, ჩიტაშვილიც, კოხრეიძეც... მოკლედ, თსუ მეგობრული გუნდია, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.
- თსუ-ს სათამაშო სტილსაც კარგად მოერგე...
- კმაყოფილი ვარ. გუნდის სტრატეგიასთან შეგუება რომ არ გამჭირვებია, პირველ რიგში მწვრთნელების დამსახურებაა. მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ვეცდები, ბოლომდე ვიბრძოლო და იმედები გავუმართლო.
- თსუ-მდე "დინამო" იყო...
- "დინამოში" შარშანდელი სეზონი გავატარე. მწვრთნელი დავით თორთლაძე ძალიან დამეხმარა. იგი გუნდში მეორე წრიდან მოვიდა და, ვფიქრობ, გავუმართლე.
- სუპერლიგაში ყვითელი მაისურით გამოჩნდი...
- "მაქაბიშიც" ერთი წელი ვითამაშე. ამ გუნდში დიდი გამოცდილება შევიძინე - უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობდი და დუბლებშიც. იყო შემთხვევა, ერთ დღეში ორი მატჩის ჩატარება მიწევდა.
- "მაქაბიმდე" "ნიკე" იყო...
- "ნიკეში" გურამ მეგრელაძემ დამიძახა. ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და მწვრთნელიც მენდობოდა. ბატონმა გურამმა ბევრი რამ მასწავლა, ერთი ზაფხული მე დამითმო, სათანადოდ მამუშავა, რამაც შედეგი გამოიღო.
- "ნიკეში" საიდან მოხვდი?
- "იმედიდან", რომელსაც ლევან ინწკირველი წვრთნიდა. კალათბურთზე პირველად სწორედ მასთან მივედი.
- "იმედში" რამდენი წელი ივარჯიშე?
- ერთი.
- კალათბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე?
- 16 წლისამ. მანამდე, 7 წლის განმავლობაში ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ სიმაღლეში ძალიან რომ მოვიმატე, სცენაზე პარტნიორის პოვნა გართულდა და კალათბურთზე მისვლა გადავწყვიტე.